საქართველოში იგორის აჩრდილი დაძრწის

საქართველოში იგორის აჩრდილი დაძრწის

 

        ორშაბათის ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგორ გიორგაძე ნამდვილად იძებნება ინტერპოლის მიერ. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ამ ცნობას გაფაციცებით უარყოფენ. არადა, ეს აშკარა ტყუილია: რაკი საქართველო ინტერპოლის წევრია, საკმარისია მან «ცენტრალურ ბიუროში» შესაბამისი მასალები გააგზავნოს და პიროვნება საერთაშორისო ძებნილად ცხადდება.
        ასეთ მოთხოვნებს კი საქართველოს პროკურატურა ინტერპოლში უეჭველად გაგზავნიდა. მაშასადამე, ფორმალურად, იგორ გიორგაძე ამ ორგანიზაციის მიერ ნამდვილად იძებნება. სხვა საკითხია, რომ რეალურად ინტერპოლი უძლურია, თუკი «ადგილობრივმა» (ანუ რუსეთის) სამართალდამცავმა ორგანოებმა მას ხელი არ შეუწყვეს. ინტერპოლს, რასაკვირველია, თავად არ ძალუძს განახორციელოს ძებნა, ამიტომ იგი ყოველთვის მიმართავს ამა თუ იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც (შესაბამისი საერთაშორისო კონვენციით) ვალდებულნი არიან ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული პიროვნება დააკავონ და გადასცენ იმ ქვეყანას, რომელმაც მას ბრალი წაუყენა; რასაკვირველია, რუსეთი ამას არ გააკეთებს.
        სერგეი სტეპაშინის ბოლოდროინდელი განცხადებებიც თვალთმაქცობაა. ბოლოს და ბოლოს, რა თქვა ისეთი სტეპაშინმა, რაც ადრე არ უთქვამთ მოსკოვში? - დაუშვებელია რუსეთის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული ჯგუფების არსებობაო.
        ამას სტეპაშინიც და მისი წინამორბედებიც ყოველთვის ამბობდნენ, მაგრამ სიტყვა და საქმე ერთმანეთს შორდება; მთავარი კი სწორედ საქმეა და არა დეკლარაცია. იგორ გიორგაძეს რომ რუსული სპეცსამსახური მფარველობს, - ეს უეჭველია, საკითხავი მხოლოდ ის არის, კონკრეტულად სად იმალება იგი, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
        არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც რუსეთში იყოს. ზოგიერთი ცნობით, იგორ გიორგაძე იმყოფება ერაყში თუ სირიაში და ცხოვრობს რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე. თუმცა, ეს ვერსიაც ეჭვს იწვევს – დაუჯერებელია, მაგალითად, ვალერი კვარაცხელია მას ახლო აღმოსავლეთში შეხვედროდა და არა მოსკოვში. სხვა ცნობების თანახმად, იგორი მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში «აგარაკზე» იმალება.
        ამგვარი «სპეცაგარაკები» უამრავია მოსკოვთან; ისინი იმ უწყებას ეკუთვნის, რომელსაც იგორმა და მამამისმა მთელი ცხოვრება შეალიეს, ანუ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტებს. როგორც ჩანს, იგორს პარტნიორებმა და მფარველებმა «ურჩიეს», რომ მისი «გაუჩინარება» არ აწყობდათ, ანუ იგორს რომც მოენდომებინა, მაინც არ მისცემდნენ საშუალებას საერთოდ ჩამოშორებოდა პოლიტიკას.
        დარწმუნებული ვარ, საქართველოსკენ გამოხედვაც არ სურდა, მაგრამ რას იზამ - პოლიტიკა მსხვერპლს მოითხოვს.
        პოლიტიკაში შესვლა ადვილია, გამოსვლა კი ძნელი.
        ისევე როგორც «აკვარიუმში» (გრუ-ს კოდური სახელწოდება) - «ვხოდ რუბლ, ვიხოდ დვა». თუ ჭკვიანად არ მოიქცევა და მითითებებს არ შეასრულებს, უმალვე «აღმოაჩენენ» და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.
        ამიტომ უნდა იაქტიუროს, დროდადრო პროპაგანდისტული დივერსიები უნდა განახორციელოს ისეთი ნაძირალა-პროვოკატორების მეშვეობით, როგორიც კარაულოვია. არ არის გამორიცხული, არჩევნების მოახლოვების კვალობაზე, ასეთი პროპაგანდისტული დივერსიები კიდევ უფრო გახშირდეს.
        თბილისის ქუჩებში, მეტროს სადგურებში, უკვე გაჩნდა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული პლაკატები წარწერით: «მომავალი ჩვენია» - გიორგაძის სურათით. წარმოუდგენელია, მას იმედი ჰქონდეს, რომ სერიოზულ, ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად იქცევა საქართველოში. პოლიტიკური ისტებლიშმენტი (კომუნისტების გარდა) მას არ მიიღებს, მაგრამ აი რაც შეეხება მოსახლეობას – ეს უფრო საინტერესო საკითხია.
        საქართველოს მოსახლეობისა და ელექტორატის ინფანტილიზმი საანეკდოტო თემა ხდება: იმავე საარჩევნო ოლქში, სადაც 1990 წელს გურამ პეტრიაშვილი აირჩიეს, 2 წლის შემდეგ ხმა ჯაბა იოსელიანს მისცეს. შეიძლება თუ არა იგივე განმეორდეს იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, ჩვენდა სამარცხვინოდ, შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანაში დეკემბერ-იანვრის მსგავსი გარდატეხა მოხდება, ანუ სამხედრო გადატრიალება და სამოქალაქო ომი, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება იგორ გიორგაძეს თბილისში დაბრუნება. სხვა შემთხვევაში მას შანსი არა აქვს და ვერც დაბრუნდება.
        სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებისათვის იგორის მოსკოვში ყოფნა უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან ეს არის ე.წ. «კაზუს ბელი» (ომის საბაბი) რისი მეშვეობითაც ოფიციალურ თბილისს ყოველთვის შეუძლია «დისტანცია დაიკავოს» და მოსკოვს პერმანენტულად ბრალი დასდოს ტერორიზმის მხარდაჭერაში მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი მიზეზი დაპირისპირებისა სხვა იქნება, - ვთქვათ, აფხაზეთი.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: თბილისში (ოფიციოზსა და სახელისუფლებო კორიდორებში) იგორ გიორგაძეს საერთოდ დაივიწყებენ, ოღონდ კი აფხაზეთის პრობლემა გადაწყდეს, მაგრამ ეს პრობლემა არა და არ წყდება - რაც ყველაფრის საწყისი მიზეზია.
        იგორ გიორგაძის «აჩრდილი» არჩევნების მოახლოების კვალობაზე, კიდევ უფრო გააქტიურდება.

მერიდიანი, 3 მარტი, 1999 წელი