საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს

საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს

    იჩქერიის კულტურის მინისტრის, აჰმედ ზაკაევის ამასწინანდელ ვიზიტს საქართველოში უმალვე მოჰყვა მეორე ჩეჩენი მოღვაწის - პრეზიდენტ მასხადოვის უახლოესი თანაშემწის, რუსლან კუტაევის სტუმრობა. როგორც ჩანს, თბილისი და გროზნო აქტიურად ეძებენ საერთო ენას იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის გარეშე ვერ გადაწყდება.
    რამდენიმე დღის წინ კისლოვოდსკში ჩატარდა ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. შეიკრიბა კავკასიის უკლებლივ ყველა ლიდერი. შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის ჩარჩოებშიც უნდა მოგვარდეს კავკასიაში არსებული პრობლემები. ჩეჩნეთის დელეგაცია უფრო შორსაც წავიდა და კონფერენციის მონაწილეებს შესთავაზა «კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია» შეექმნათ (ეუთოს მსგავსად). ამ ორგანიზაციის შტაბბინა, იჩქერიის ვიცე-პრემიერის, მოვლადი უდუგოვის წინადადებით, თბილისში უნდა განლაგდეს. წინადადება ძირითადად მოწონებული იქნა, მაგრამ სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარის გუბერნატორებმა მისი ბლოკირება მოახერხეს. მიუხედავად ამისა, თვით იდეის წარმოშობა და მისი მხარდაჭერა უმრავლესობის მიერ საქართველოსათვის ძალზე სასიკეთო ფაქტია. ჩეჩნეთმა კი მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია საქართველოს ინტერესების ლობირება ჩრდილოეთ კავკასიაში. ნურავის ეგონება, თითქოს ჩეჩნეთი ომის შედეგად ეკონომიკურად განადგურდა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებზე ზემოქმედების საშუალება აღარ გააჩნია - ჩეჩნეთი ტრადიციულად დომინირებს ჩრდილოეთ კავკასიაში, ხოლო ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მას საშუალებას აძლევს, ამ რეგიონის «ეკონომიკური აგენტი» გახდეს. სხვა რეგიონები მისი მეშვეობით დაამყარებენ კონტაქტს გარე სამყაროსთან და რუსეთი ამ პროცესში ვერ ჩაერევა, რაკი ფაქტიურად თავადვე ცნო იჩქერიის სუვერენიტეტი.
    საქართველოსა და ჩეჩნეთს ორმხრივი ინტერესებიც აქვთ. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა (რუსეთის გარდა), რომელსაც ჩეჩნეთი ესაზღვრება. ამდენად, ჩვენთან დამაკავშირებელ გზას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც შეწყდა თბილისში სახელმწიფო გადატრიალებისა და აფხაზეთის ომის გამო. ამჟამად მშენებლობის განახლება სავსებით შესაძლებელია. ჩეჩნეთს საშუალება მიეცემა, დაუკავშირდეს შავი ზღვის პორტებს და გაიტანოს თავისი უმთავრესი სიმდიდრე - ნავთობი. საქართველო კი სანაცვლოდ მიიღებს მნიშვნელოვან შემოსავალს (ტრანზიტის საფასურად) და ჩეჩნეთის მხრიდან პოლიტიკურ მხარდაჭერას. საქართველოსთან ურთიერთობის გააქტიურება იჩქერიისათვის თავის ქვეყნის საერთაშორისო ლეგიტიმურობის განმტკიცებისა და დემონსტრირების საშუალებაა.
    საქართველო კი, თავის მხრივ, ჩეჩნეთთან დაახლოვებით მძლავრ ბერკეტს მოიპოვებს ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების სამართავად და აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად.
    აფხაზეთი და ჩეჩნეთი კავკასიის ორი უმთავრესი კვანძია. თუ საქართველო გახსნის «ჩეჩნეთის კვანძს», ამით მეორე პრობლემის გადაწყვეტისთვის აუცილებელ პირობებსაც შექმნის. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა გაცოფებით ადევნებენ თვალს მოსკოვიდან - ჩრდილოეთ კავკასიაში მოვლენების განვითარებას. მაგრამ მოსკოვში «ხელები შეკრული აქვთ» - საკმარისია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კრინტი დაძრას ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობის წინააღმდეგ, რომ მას უკლებლივ ყველა ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკა დაუპირისპირდება. ეს კი ოფიციალურ თბილისს სერიოზული განცხადების საფუძველს აძლევს.

მერიდიანი, 3 ივნისი, 1997 წ.