საქართველოს ხეობებში ვითარება კვლავ იძაბება

საქართველოს ხეობებში ვითარება კვლავ იძაბება

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. მისი ძირითადი თემა პანკისის ხეობაში განხორციელებული ახალი ოპერაცია იყო. თუმცა, ჟურნალისტების ინტერესი უფრო იმ ცნობამ მიიპყრო, თითქოს, კოდორის ხეობაში ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი გამოჩნდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, თედო ჯაფარიძემ არც დაადასტურა და არც უარყო ეს ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, შეიძლება დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ არანაირი ამერიკული «მფრინავი მზვერავი» კოდორის თავზე არ გამოჩნდებოდა.

        თვითმფრინავიდან დაზვერვა ნებისმიერ ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არმია, რომელიც დაზვერვას ახორციელებს, კონკრეტულ ტერიტორიებზე საომარ მოქმედებებს გეგმავს. ამერიკის არმია არც კოდორში, არც აფხაზეთში და არც მთლიანად საქართვლეოში არ გეგმავს ომს, ხოლო სტრატეგიული დაზვერვა (ანუ საერთო ვითარებისთვის თვალყურის დევნება) ამერიკელებს შეუძლიათ თანამგზავრიდან. რასაც აკეთებენ კიდეც.
        ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ პენტაგონს აინტერესებს (ზოგადად) ვითარება მიმდინარე და პოტენციური კონფლიქტის ზონებში. კოდორის საჰაერო დაზვერვას კი ახორციელებდა ის არმია, რომელიც რეალურად ვარაუდობს კოდორში საბრძოლო მოქმედებათა განახლებას. ეს არის რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათი «შვილობილი» «აფხაზური ფორმირებები». კოდორის დაზვერვა მათი მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენაა.
        ბევრად უფრო რეალური და მნიშვნელოვანია ის პროცესები, რაც პანკისის ხეობაში ვითარდება და განვითარდება უახლოეს მომავალში. ეროვნული უშიშროების საბჭოზე საბოლოოდ დაამტკიცეს ღონისძიებათა გეგმა. როგორც ჩანს, ხელისუფლება (პირადად პრეზიდენტი) ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პანკისში სტაბილურობის შენარჩუნებას. არსებობს სერიოზული ვარაუდი (და სავსებით საფუძვლიანი შიში), რომ ერაყის ომის ფონზე რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს პანკისის პრობლემა, რათა განახორციელოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
        რუსული გეგმა ჯერ კიდევ შარშან, შემოდგომაზე შემუშავდა. იგი ითვალისწინებს არა თბილისის დაპყრობას, არამედ დესანტის გადმოსხმას ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს ტყიან რეგიონებში (ეგრეთ წოდებული, ბუფერული ზონის შესაქმნელად), სადაც მათ არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდებათ. პანკისის ხეობას კი არ დაბომბავენ (რათა მსოფლიო მედია არ აალაპარაკონ), არამედ მთელი მსოფლიოს თვალწინ იმის დადასტურებას შეეცდებიან, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ოკუპირებული, არშემდგარი ქვეყანაა და ასეთ სახელმწიფოსთან სხვა ქვეყნებმა სერიოზული პროექტის განხორციელება არ უნდა სცადონ.
        რუს დეპუტატ, ქალბატონ ხაკამადას მსგავსად, რუსი «დემოკრატები» დემაგოგიურად იკითხავენ:. თუკი ამერიკას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ინტერესები ერაყში (ამერიკის საზღვრიდან ცხრა მთას იქით) რატომ რუსეთს არა აქვს უფლება, ძალა გამოიყენოს თავის დასაცავად მეზობელ საქართველოშიო? მთავარი ამოცანაა, რუსეთს არ მივცეთ საბაბი პანკისში პროვოკაციის მოსაწყობად, არ დავუშვათ ჩეჩენი მებრძოლების (მით უმეტეს, თვით რუსლან გელაევის) დაბრუნება ხეობაში. აქვე უნდა ითქვას _ ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან რუსეთმა თუ მოინდომა, «ჰაერიდან» (თუნდაც მედია-სივრცეში) შექმნის ომისა და აგრესიის საბაბს.
        მიუხედავად ამისა, საქართველოს ძალისმიერ სტრუქტურათა პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გეგმის შესაბამისად, უახლოეს მომავალში დაიწყება სასაზღვრო განაწესთა გაძლიერება უშუალოდ ჩეჩნეთის საზღვარზე. საბედნიეროდ, შარშან საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტმა რუსეთის შესაბამის სტრუქტურასთან მიაღწია შეთანხმებას საზღვარზე შეიარაღებულ ფორმირებათა გადასვლის ერთობლივი მოგერიების შესახებ. მათ შორის, ყველა სამხედრო საშუალების გამოყენებით.
        ეს შეთანხმება იმით არის სასარგებლო, რომ ამით (ქართველი მესაზღვრეების წყალობით) საქართველოს ეძლევა საშუალება, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის მხარესაც. ოფიციალურად არ განცხადებულა, რამდენად გაიზრდება სასაზღვრო განაწესთა რიცხვი. შეიძლება ვივარაუდოთ ხუთჯერ ზრდა.
        გარდა ამისა, ხევსურეთში იქმნება «სახალხო ლაშქარი» - დაახლოებით, 500 მეომარი, ვინც კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებს ამ რეგიონში. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ძალიან ძნელი იქნება ყველა გადასასვლელი ბილიკის გადაკეტვა.
        პრესაში გაჟონილი ინფორმაციით, ყველაზე სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს რუსლან გელაევის მოსალოდნელი პროვოკაცია. როგორც ჩანს, შარშან, სექტემბერში საქართველოს დატოვებისას, რუსლან გილაევმა უშუალოდ საზღვრის მახლობლად (საქართველოს ტერიტორიაზე) დატოვა მცირე რაზმი უღრან ტყეში, - სპეციალურად იმისთვის, რომ შესაძლოა ჩეჩნებს დასჭირდეთ მოახდინონ სასაზღვრო ინციდენტის პროვოცირება რუსეთსა და საქართველოს შორის.
        გარდა სასაზღვრო ჯარებისა, უშუალოდ ჩეჩნურ სოფლებში გაძლიერდება შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები. ისინი ამჟამად ყველა სოფელს აკონტროლებენ: იმავდროულად, არმიის ქვედანაყოფები განლაგდებიან პანკისის ხეობის ჩრდილოეთ საზღვართან, საიდანაც ყველაზე მძლავრი შემოტევაა მოსალოდნელი. ყველა მონაცემით, ეს იქნება სწორედ ის ბატალიონი, რომელიც ამერიკელი ინსტრუქტორების მეშვეობით მომზადდა.

დილის გაზეთი, 1 მარტი, 2003 წელი