საქართველოს ხელისუფლებამ აჭარის დეპოლიტიზაცია გადაწყვიტა

საქართველოს ხელისუფლებამ აჭარის დეპოლიტიზაცია გადაწყვიტა

        გუშინ საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ აჭარის «მაღალი საბჭოს» არჩევნები ისევე უპრობლემოდ და იდილიურად ვერ ჩაივლის, როგორც თვით მაისის რევოლუცია ბათუმში. არადა, იმ ტრიუმფალურ დღეს (ან მანამდე რამდენიმე დღით ადრე) თითქოს ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ასლან აბაშიძის დამხობის შემდეგ, მისი დამხობის ორგანიზატორები, ანტიასლანისტური ომის «ოფიცრები» და «რიგითები», ესოდენ მწვავედ (როგორც ჩანს, შეურიგებლად) დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
        როგორც ჩანს, მომავალ არჩევნებისთვის მზადებამ და (აქედან გამომდინარე) იმ კონფიგურაციამ, რაც იკვეთება აჭარის «მაღალი საბჭოს» შემადგენლობასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტონატორის როლი შეასრულა და უმალვე წარმოაჩინა წინააღმდეგობა ავტონომიის პერსპექტივასტან დაკავშირებით.
        დაიწყო არა მხოლო პიროვნულ ამბიციათა, არამედ აჭარის განვითარების კონცეფციათა შეჯახება. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამჟამად ბრძოლის უმთავრესი «საგანი» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის «მაღალი საბჭოს» (მას უკვე, ალბათ, «უმაღლესი საბჭოც» აღარ ეწოდება) თავმჯდომარის პოსტია.
        დავით ბერძენიშვილს და ედვარდ სურმანიძეს ამ პოსტის დაკავების პრეტენზია ჰქონდათ. ნუ შეგვიყვანს შეცდომაში მათი, ადრე დეკლარირებული სურვილი, კენჭი ეყარათ ბათუმის მერის პოსტზე. ჯერ ერთი, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოსტი ბევრად უფრო პრესტიჟულია. გარდა ამისა, ბათუმის მერის არჩევნები მხოლოდ მომავალ წლის შემოდგომისთვის არის დანიშნული.
        მაგრამ სწორედ აქ იჩინა პირველმა წინააღმდეგობამ. თანაც ეს წინააღმდეგობა შეურიგებელია: პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ათი წელია აქტიურად მოქმედებენ აჭარის «სივრცეში», ამ სივრცის კვლავაც პოლიტიზებულად შენარჩუნება სურთ საქართველოს ხელისუფლებას კი, ეს დიდად არ ეპიტნავება _ მას უნდა, «პოლიტიკური ეპოქა» აჭარაში დამთავრდეს და მხარე (კარგი გაგებით) საქართველოს მშვიდ, მდიდარ, წყნარ პროვინციად იქცეს.
        სწორედ ეს მისწრაფება გახდა იმის მიზეზი, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა «პარტიული სიებით» გამოსულიყო არჩევნებში და «საპრეზიდენტო» სია აირჩია, რომელიც მისივე თქმით, «აჭარის საზოგადოების ყველა ფენას წარმოადგენდს».
        სინამდვილეში, ამ გზით მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს სურს, აჭარის მაღალი საბჭოსკენ (დღევანდელ პირობებში, ფაქტობრივად, საკონსულტაციო ორგანოსაკენ) გზა გაუხსნას აჭარის ელიტას, რაკი შესანიშნავად ესმის, რომ მისი მხარდაჭერის გარეშე, ვითარების შენარჩუნება სამომავლოდ ძალიან გაუჭირდება.
        პოლიტიკურ ლიდერებს კი «პოლიტიზებული ავტონომია» ურჩევნიათ, ამიტომაც ითხოვენ პარტიული სიებით არჩევნების ჩატარებას.
        ეს წინააღმდეგობა (ვიმეორებ) იმდენად თვისებრივი და გადაულახავია, რომ იგი აუცილებლად იჩენდა თავს, კერ კიდევ, არჩევნებამდე. თანაც, ინტერესთა კონფლიქტი აბსოლუტურად შეურიგებელია და რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ზედმეტია.
        ბუნებრივია, სააკაშვილის პარტია (რომელსაც ლამის ასეთი სახელიც აქვს) აჭარაში ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს. «მაღალ საბჭოში» რესპუბლიკელებიც იქნებიან წარმოდგენილნი, მაგრამ პრეზიდენტი და მთლიანად ხელისუფლება (საეჭვოა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის «დეპოლიტიზების» საკითხში ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე სხვა შეხედულებას იზიარებენ) მიიღებს საშუალებას, მაღალი საბჭოს თავმჯდომარედ გაიყვანოს ისეთივე აპოლიტიკური პიროვნება (ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს), როგორც ლევან ვარშალომიძეა, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია პოლიტიკურ პერიპეტიებში.
        პოლიტიკოსები ამას უსამართლობად და უმადურობად მიიჩნევენ, თუმცა, ხელისუფლების აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება მიზანშეწონილია აჭარაში სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და მათ ლოგიკასაც აქვს თავისი საფუძველი.
        უკიდურეს შემთხვევაში, არსებობს «სათადარიგო ვარიანტი» კობა ხაბაზის სახით, რომელმაც უარი თქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე _ რათა აჭარის მაღალ საბჭოში ბრძოლის გასაგრძელებლად მეტი არგუმენტი ჰქონდეს.
        რაც შეეხება «ორმაგი დეპუტატობის» უარყოფას, ასეთი აკრძალვა (უნდა ვაღიაროთ) ბევრ ქვეყანაში არსებობს და საეჭვოა, მოიძებნოს არგუმენტი იმ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ ერთი და იგივე დეპუტატი ძნელად თუ შეძლებს მუდმივ მონაწილეობას ერთდროულად ორი წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში. ყოველ შემთხვევაში, არსებობს სერიოზული არგუმენტაცია ამგვარი შეთავსების საწინააღმდეგოდ, რასაც აჭარის დეპოლიტიზების მსურველები უეჭველად გამოიყენებენ.

1 ივნისი, სამშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი