საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა

საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა

 

    მოხდა ის, რასაც საქართველოში ბევრი წინასწარმეტყველებდა, ბევრს კი არ სჯეროდა ან ეშინოდა დაეჯერებინა, ვინაიდან ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შემთხვევაში არავის ასცდებოდა უმძიმესი პასუხისმგებლობა - ქვეყნის დაშლისა და დაქუცმაცებისათვის.
    მაგრამ რეალობა მწარე, კოშმარულ სიზმარზე უფრო საშინელი აღმოჩნდა. ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა სიტყვა-სიტყვით შემდეგი: «დგება გადამწყვეტი დღეები საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით, კონფლიქტთა გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება საქართველოს ფედერალიზაციაა - სწორედ მომავალი «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა» გახდება ქართულ-ოსური და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გარანტია».
    ამრიგად, უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ საქართველოს ერქმევა «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა» - იგი შედგენილი იქნება საკუთრივ საქართველოს, აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებისაგან. ეს უკანასკნელნი მოახდენენ უფლებამოსილებათა «დელეგირებას» თბილისისადმი. სამაგიეროდ, საქართველოს მომავალ კონსტიტუციაში უეჭველად იქნება დაფიქსირებული ამ რესპუბლიკების უფლება, გავიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გავა СНГ-ს შემადგენლობიდან ან იმ გაერთიანებიდან, რომელიც მის ადგილას წარმოიშობა.
    ეს დებულება რუსეთისათვის იქცევა იმის მყარ გარანტიად, რომ საქართველო სამუდამოდ მისი ყმა და კრემლის ტახტზე ყურით მიბმული მონა გახდება. გარდა ამისა, საფიქრებელია, რომ ეს «რესპუბლიკები» ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოს მომავალ კონსტიტუციაში ჩადონ ისეთი მექანიზმები, რომლებიც დაანგრევენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. მაგალითად, სრულიად არ არის გამორიცხული, არძინბამ (თუ იგი რუსეთმა მაინც დაითანხმა შევიდეს «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის» შემადგენლობაში) მოითხოვოს ფედერაციის სახელმწიფო ენად ქართულთან ერთად რუსული გამოცხადება. ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, «გულს მოეფინება» რუს პოლიტიკოსებს და ისინი მას უეჭველად მხარს დაუჭერენ.
    ფაქტობრივად, ამით აღდგება მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის, საბჭოთა ხელისუფლების დროს, როდესაც აფხაზეთიც, სამხრეთ ოსეთიც და აჭარაც იყვნენ მძლავრი ბერკეტები საქართველოს სამართავად - კრემლის ხელში (რა თქმა უნდა «კომპარტიისა» და მისი ე.წ. «აპარატის» შემდეგ).
    თუ, მაგალითად, მომავალში დადგება საკითხი ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ (ეს საკითხი კი, ადრე თუ გვიან, უეჭველად დაისმება) აფხაზეთიც, სამხრეთ ოსეთიც და «აჭარის ლომიც» უმალვე განაცხადებენ თანხმობას, - შევიდნენ «ერთიან, ძმურ ოჯახში». რაღა დარჩება საქართველოს? - არაფერი, გარდა იმისა, რომ დამორჩილდეს ამ ბედსა თუ უბედობას.
    საქართველოს ფედერალიზაციის გეგმით, განსაზღვრულია ყოფილი «სამხრეთ ოსეთის» ავტონომიის აღდგენა. ედუარდ შევარდნაძის ზოგიერთ მომხრეს ამ პრობლემის მიმართ ცოტა არ იყოს უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა: ბევრი მათგანი საერთოდ წინააღმდეგია ავტონომიის აღდგენისა და ოსებს მხოლოდ კულტურულ ავტონომიას სთავაზობს; ბევრიც მომხრეა, მაგრამ ერთი პირობით - «თუ ავტონომიის სახელწოდება შეიცვლება და მას «სამხრეთ ოსეთი» აღარ ერქმევა». როგორ არა, ბატონებო, სწორედ მაგ ჭკუაზე არიან ოსი სეპარატისტები და მათი ჩრდილოელი მფარველები, რომ საქართველოს მოეხმარონ ამ პრობლემის უმტკივნეულოდ გადაჭრაში - რუსეთს ამ რეგიონში «მშვიდობის დასამყარებლად» როდი მოუვლენია თავისი არმია. რა თქმა უნდა, თუ ავტონომია აღდგება, იგი შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური იყოს და მხოლოდ «სამხრეთ ოსეთი» უნდა ერქვას. სწორედ იმიტომ, რომ მუდმივად არსებობდეს პრობლემა «ორი ოსეთის გაერთიანებისა» და ამ პრობლემითაც ხდებოდეს საქართველოს შანტაჟირება.

    პასუხისმგებლობა კი, ყოველივე ამისათვის, რაც დღეს ხდება, იმათ უნდა დაეკისროთ, ვინც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაიძახოდა: «საქართველომ ოს ხალხს გენოციდი მოუწყოო». ისე იყვნენ დაბრმავებულნი საქართველოს პრეზიდენტისადმი სიძულვილით, რომ ვეღარ არჩევდნენ, სად მთავრდებოდა პოლიტიკური მოწინააღმდეგის განქიქება და სად იწყებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. გახსოვთ ალბათ «დემოკრატიული რევოლუციის» მამამთავრებმა რა ზარ-ზეიმით გამოუშვეს ციხიდან «ფაშისტი გამსახურდიას» მიერ დაპატიმრებული ტორეზ კულუმბეგოვი. მან კი ციხიდან გამოსვლაზე თანხმობა მხოლოდ იმ პირობით განაცხადა, თუ ცხინვალამდე რუსეთის ჯარი მიაცილებდა. ეს იმისათვის სჭირდებოდა, რათა მისი «გამათავისუფლებელი» სწორედ რუსეთი ყოფილიყო - აბა თავს ხომ არ დაიმცირებდნენ ოსები და საქართველოს ხომ არ გაათავისუფლებინებდნენ თავიანთ ლიდერს?
    «მოსკოვსკიე ნოვოსტისათვის» მიცემულ ინტერვიუში კულუმბეგოვი ყველას უხდიდა მადლობას - რუს ჯარისკაცებს, რუს ჟურნალისტებს, რუსეთის საზოგადოებას. . . . ერთი სიტყვით ყველას, «ქართველი დემოკრატების» გარდა, რომლებმაც იგი ციხიდან გამოათრიეს.
    დღეს კი, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილია «სამხრეთ ოსეთის» აღდგენა და დაკანონება. ეს მაშინ, როდესაც «ჩრდილოეთ ოსეთის» პრეზიდენტმა გალაზოვმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: «რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სტრატეგიულ მიზნად რჩება ორი ოსეთის გაერთიანება და ერთიანი ოსური რესპუბლიკის შექმნა».
    თანაც, ხომ არ გგონიათ ოსები «ოლქზე» დაგვთანხმებიან? - არავითარ შემთხვევაში! «რესპუბლიკაზე» ნაკლებს ნურც შესთავაზებთ. ზოგიერთი გაიძახის, - «აბა რა გვექნა, ოსთა გენოციდის» გამო გვლანძღავდნენო. დალოცვილნო, რუსეთის ტელევიზია, რუსული პრესა («დემოკრატიულიც» და «რეაქციულიც»), რა თქმა უნდა, გალანძღავდა საქართველოს და ათასგვარ ცილსაც დასწამებდა, ჰოდა თუ ამის გამო დაუთმეთ, იმასაც დაეთანხმეთ ახლა, რომ ქართლის გულს «სამხრეთ ოსეთი» ერქმევა! აბა როგორ გინდათ? - დემოკრატია მსხვერპლს მოითხოვს.
    მესამე «სუბიექტს» - აჭარას რაც შეეხება, ახლა საბოლოოდ ხდება ნათელი, თუ რატომ წამოიწყო ასლან აბაშიძემ კამპანია «თბილისში მოქმედი გარკვეული ძალების წინააღმდეგ», რომელთაც თურმე მისი «მოკვლა» აქვთ განზრახული. როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძე თავიდან არ თანხმდებოდა აჭარის «სუბიექტად» ქცევას - იგი მხოლოდ «სამხრეთ ოსეთსა» და «აფხაზეთზე» იყო თანახმა, მაგრამ დაითანხმეს, როდესაც რუსულ პრესაში ატყდა ისტერიკა «საქართველოსა და აჭარის საზღვარზე» სიტუაციის გართულების შესახებ.
    ერთი სიტყვით, კრემლი საქართველოში სკრუპულოზური სიზუსტით აღადგენს იმ ვითარებას, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა» კი მომავალში ერთიანი, «დემოკრატიული ფედერაციის» ნაწილად იქცევა. რაც უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული საქართველო მომავალ კავშირში, მით უფრო მეტად იქნებიან ინტეგრირებულნი საქართველოს ფედერაციაში მისი სუბიექტები და ა.შ.
    კაცმა რომ თქვას, არძინბა არც ამაზეა თანახმა, მაგრამ დაითანხმებენ, უეჭველად დაითანხმებენ. ოღონდ მას შემდეგ, რაც საქართველო განაცხადებს საბოლოო თანხმობას.
    საინტერესოა იმ სცენის წარმოდგენა, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და მისი აფხაზი «კოლეგა» ერთობლივად მიუსხდებიან მაგიდას ფედერაციული ხელშეკრულების ხელმოსაწერად. არადა, ჯერ კიდევ გუშინ ერთი მათგანი «გენოციდის ავტორად» იყო გამოცხადებული და ამ შეფასებას ვერც ვერაფერი შეცვლის, ვინაიდან ეს სიმართლეა.
    მაგრამ რა ვუყოთ მომავალ ხელშეკრულებას? არძინბასთან მოლაპარაკების ავტორები თავიანთ პოზიციას იმით ხსნიდნენ, რომ ზოგჯერ პოლიცია ტერორისტებთანაც აწარმოებსო მოლაპარაკებას - ამდენად, «ჩვენც იძულებულნი ვართ ველაპარაკოთ არძინბას».
    კარგით, დავუშვათ პოლიციისა და ტერორისტების დამოკიდებულება მართლაც პოლიტიკური «მოლაპარაკებაა», მაგრამ სად გაგონილა, პოლიციასა და ტერორისტებს ხელშეკრულებები გაეფორმებინოთ «ურთიერთცნობისა» და «ურთიერთპატივისცემის», «უფლებათა გამიჯვნის» შესახებ? სწორედ ამას ვაკეთებთ არძინბას მიმართ სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერით.

    ყველაზე ტრაგიკომიკურ ვითარებაში კი შევარდნაძის ის მომხრეები აღმოჩნდნენ, რომლებიც გულწრფელად იმედოვნებდნენ, რომ რუსეთთან კომპრომისის შედეგად იგი ჩვენ დაგვეხმარებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღგვედგინა. და რომ რუსეთისათვის სამხედრო ბაზების გადაცემის შემდეგ, მოვლენები დაახლოებით შემდეგნაირად წარიმართებოდა: რუსეთის ჯარი შევიდოდა აფხაზეთში, შეიპყრობდა არძინბას, მას (ბორკილებგაყრილს) ჩამოიყვანდნენ თბილისში, ხოლო ლტოლვილთა სრული და უპირობო დაბრუნების შემდეგ გუდაუთაში გაიმართებოდა ქართული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი.
    არც «სამხრეთ ოსეთის» აღდგენა დაგვჭირდებოდა და ეს პრობლემაც «ახალი კონსტიტუციის» ფარგლებში გადაწყდებოდა მხოლოდ.
    რეალურად კი, ასე არ მოხდა: გადაწყდა საქართველოს ფედერალიზაცია, - აფხაზებიც და ოსებიც თითქმის უკლებლივ შეინარჩუნებდნენ იმას, რაც რუსული იარაღის ძალით მოიპოვეს, ხოლო «საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის» ადგილს დაიკავებს მისი ღირსეული მემკვიდრე, - «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა».

«მსგეფსი», 1995 წლის აპრილი.