საქართველოს ფედერალიზაციის საკითხისათვის

საქართველოს ფედერალიზაციის საკითხისათვის

 მოსკოვში კვლავ უშედეგოდ დასრულდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის შუამავლობითა და გაეროს ეგიდით. «მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა შორის უმთავრესი იყო აფხაზეთის მომავალი სტატუსის პრობლემა» - ნათქვამია რუსული სააგენტო «იტარ-ტასის» მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
    შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ ეს ინფორმაცია რუსული სააგენტოს არაობიექტურობის კიდევ ერთი მაგალითია, რადგან ჩვენთვის სავსებით ნათელია, თუ ვისი მიზეზით იშლება მოლაპარაკება. მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მსოფლიოს უდიდესი საინფორმაციო სააგენტოების (როიტერის, ფრანს-პრესის) მიერ გავრცელებულ ცნობებს, შევამჩნევთ, რომ ეს სააგენტოებიც (რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ რაიმე მიკერძოებაში არ შეიძლება დავადანაშაულოთ), ზუსტად ასევე აშუქებენ მოლაპარაკებათა შედეგებს - «მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს... გაურკვეველია მომავალი სტატუსი...» და ა.შ.
    კიდევ უფრო მეტიც: ზუსტად ასეთივე შეფასება მისცა მოლაპარაკებათა შედეგებს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბუტროს გალიმ. მან მოუწოდა მხარეებს «გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთის სტატუსის თაობაზე პროგრესის მისაღწევად». არადა, მან ხომ არ შეიძლება არ იცოდეს, რომ სტატუსის საკითხში ქართული მხარე ზუსტად იცავს გაეროს რეკომენდაციებს, ხოლო აფხაზური - არა.

    ყოველივე ეს ჩვენი მორიგი შეცდომაა. სინამდვილეში, ზემოთჩამოთვლილ სტერეოტიპებს არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან. რაოდენ საოცრადაც არ უნდა მოეჩვენოს მკითხველს, აფხაზური მხარე სინამდვილეში იოტისოდენადაც არ აქცევს ყურადღებას გაეროს რეკომენდაციებს და მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
    1993 წლის გაზაფხულზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ჩამოაყალიბა აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის კონცეფცია, რომელიც წარუდგინა როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის ხელმძღვანელობას. ბუტროს გალის რეკომენდაციებში ნათქვამი იყო, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ «სამოკავშირეო სახელმწიფოს» შექმნის გზით; «სამოკავშირეო სახელმწიფო» საერთაშორისო სამართლის ენაზე ნიშნავს ფედერაციას, ანუ გაერომ შესთავაზა საქართველოს, ქცეულიყო ფედერაციულ სახელმწიფოდ და ამ ფედერაციის ფარგლებში ეღიარებინა აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსი. საქართველოში ამ წინადადებამ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია - არძინბა კი მას სიხარულით დაეთანხმა.
    საქართველოს საზოგადოებრიობა რატომღაც თვლის, თითქოს ბუტროს გალიმ კონფლიქტის გადაწყვეტის გზად კონფედერაციის (ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს კავშირის) შექმნა მიიჩნია და რომ თითქოს აფხაზებიც ამას მოითხოვენ. სინამდვილეში ასე არ არის: ორივე შემთხვევაში ლაპარაკია ფედერაციაზე, რადგან მხოლოდ ფედერაციის ფარგლებშია შესაძლებელი გაეროს მიერ აღიარებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა.
    ამ პრინციპს გაერო არ დაარღვევს, ხოლო არძინბა (რომც სურდეს) ვერ დაარღვევს - ყოველ შემთხვევაში ვერ მოახდენს მის იგნორირებას. სწორედ ამიტომ საუბრობს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი საქართველოსთან ერთად «სამოკავშირეო სახელმწიფოს» შექმნის აუცილებლობაზე მაშინ, როცა სინამდვილეში მას აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა სურს. სავსებით ნათელია, რომ აქ რაღაც გაუგებრობაა. საქართველოს ხელისუფლებამაც თანხმობა განაცხადა «ფედერაციაზე», მაგრამ მოლაპარაკებისას მაინც არავითარი რეალური შედეგი არ არის. რატომ?

    იმისათვის, რათა გავიგოთ, თუ ბოლოს და ბოლოს რაშია საქმე, საჭიროა გავიხსენოთ, რა არის ფედერაციული სახელმწიფო: საყოველთაოდ აღიარებული ფორმულის თანახმად, თუ არსებობს A, B, C, D სუბიექტები, რომელთაც ერთიანი სახელმწიფოს შექმნა სურთ, ისინი დებენ სამოკავშირეო (ფედერაციულ) ხელშეკრულებას და ქმნიან ერთიან, ფედერაციულო სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ერთიანი პარლამენტი, ერთიანი აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთიანი კანონმდებლობა, საერთო საზღვრები, საერთო არმია და ეს სუბიექტები ახორციელებენ თანაბარი უფლებამოსილების დელეგირებას «ცენტრისადმი», რომლის ფორმირება ხდება დემოკრატიული მექანიზმის მეშვეობით - საყოველთაო არჩევნებით, - კონსენსუსის პრინციპის სრული გამორიცხვით.
    თუ, მაგალითად, ერთი რომელიმე სუბიექტის მოსახლეობა უფრო მრავალრიცხოვანია ვიდრე სხვა სუბიექტისა, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს ცენტრალური ორგანოების ფორმირება კონსენსუსის პრინციპის დაცვით ანუ პარიტეტულ საწყისებზე.

    განვიხილოთ ამ თვალსაზრისით ფედერაციის რამდენიმე მაგალითი: იუგოსლავიის ფედერაციული სახელმწიფო (მიაქციეთ ყურადღება, რომ მას ოფიციალურად იუგოსლავიის საკავშირო სახელმწიფო ერქვა) შექმნეს შემდეგმა სუბიექტებმა: სერბეთმა, ხორვატეთმა, ბოსნია-ჰერცოგოვინამ, ჩერნოგორიამ, მაკედონიამ, სლოვენიამ. მათი შეერთების შემდეგ შეიქმნა ე.წ. «საკავშირო» (ფედერაციული) ორგანოები - იუგოსლავიის საკავშირო პარლამენტი, იუგოსლავიის საკავშირო მთავრობა და ა.შ. ოღონდ ფედერაციის (კავშირის) შიგნით თითოეული სუბიექტი ადმინისტრაციულ ერთეულად რჩებოდა, რომელსაც გააჩნდა როგორც წარმომადგენლობითი ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება.
    მეორე მაგალითი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოყალიბდა შტატების (სახელმწიფოების) შეერთების შედეგად, რომლებმაც აგრეთვე სამოკავშირეო სახელმწიფო შექმნეს (კვლავ და კვლავ ვიმეორებ, რომ ეს ტერმინი შინაარსობრივად სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ფედერაციას).
    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სუბიექტები კი მხარეები არიან.
    რუსეთში, 1991-92 წლებში, ფედერალიზაციის პროცესი ანალოგიურად მიმდინარეობდა: ფორმალური თვალსაზრისით, ეს ქვეყანაც შეიქმნა, ასევე, რამდენიმე ათეული სუბიექტის გაერთიანების შედეგად: სამოკავშირეო (ფედერაციული) ხელშეკრულება დადეს ყოფილ «რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკის» (რსფსრ) შემადგენლობაში შემავალმა ავტონომიურმა რესპუბლიკებმა და (მიაქციეთ ყურადღება) ოლქებმა, ანუ რუსეთის მხარეებმა.
    ახლა კი დავაკვირდეთ ფედერაციის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ დაიშალა - «ჩეხეთ-სლოვაკეთს».
    «ჩეხეთ-სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკა» ასევე ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფო იყო, მაგრამ იგი ჩამოაყალიბა მხოლოდ ორმა სუბიექტმა (სუბიექტების რაოდენობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს) - ჩეხეთმა და სლოვაკეთმა. მათ შექმნეს ერთიანი სახელმწიფო საერთო კანონმდებლობით, საერთო საზღვრებით, საერთო არმიით და ა.შ.

    დავუბრუნდეთ საქართველოს და მიმდინარე მოლაპარაკებებს. რას მოითხოვენ აფხაზები? ისინი ითვალისწინებენ, რომ საერთაშორისო სამართალი მათ დამოუკიდებლობას არ სცნობს, ამიტომაც მოითხოვენ «ჩეხეთ-სლოვაკეთის» მსგავსად ორსუბიექტური ფედერაციის შექმნას! ანუ, მათი წინადადებით, საქართველომ და აფხაზეთმა უნდა შექმნან ერთიანი ფედერაციული სახელმწიფო, რომელსაც სავარაუდოდ ეწოდება «საქართველო-აფხაზეთის ფედერაციული რესპუბლიკა»; იქნება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და ექნება ერთიანი სახელმწიფოს ყველა ნიშანი. ოღონდ, ფედერაციის თითოეული სუბიექტი შეინარჩუნებს თვითმყოფადობას.
    ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, გარდა საქართველოსა და აფხაზეთის პარლამენტებისა, არჩევნების გზით შეიქმნება კიდევ ერთი პარლამენტი - «საქართველო-აფხაზეთის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტი»; ასევე, გარდა საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობებისა, შეიქმნება «ფედერალური მთავრობა» და ა.შ.
    ანალოგიური სისტემა (ფორმალური თვალსაზრისით) არსებობდა საბჭოთა კავშირშიც, რომლის სუბიექტები (რუსეთი, საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი და ა.შ.) ქმნიდნენ საკავშირო ორგანოებს - საკავშირო უმაღლეს საბჭოს, საკავშირო მთავრობას და სხვა.
    აფხაზებისათვის ამ შემთხვევაში მთავარია იმ იურიდიული გარემოების დაფიქსირება, რომ საქართველო და აფხაზეთი - სხვადასხვა სუბიექტები არიან! ამ გარემოების დაფიქსირების შემდეგ კი, აფხაზეთს ექნება უფლება, ისევე დაშალოს «ქართულ-აფხაზური ფედერაცია», როგორც ჩეხეთ-სლოვაკეთი დაიშალა. საერთაშორისო სამართალი ამას წინ ვეღარ აღუდგება. რაკი საქართველო და აფხაზეთი თანასწორ სუბიექტებად იქნებიან გამოცხადებული და ორსუბიექტური ფედერაციის დაშლა ისევე ბუნებრივად იქნება აღქმული, როგორც აღიქვა საერთაშორისო გაერთიანებამ ჩეხეთ-სლოვაკეთის დაშლა.
   

    რას უპირისპირებს არძინბას გეგმას ედუარდ შევარდნაძე? იგი თანახმაა შეიქმნას ერთიანი ფედერაციული სახელმწიფო, მაგრამ არა საქართველოსა და აფხაზეთის გაერთიანებით, არამედ მრავალსუბიექტურობის პრინციპით. ანუ, «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა» უნდა შექმნან არა საქართველომ და აფხაზეთმა არამედ აფხაზეთმა, გურიამ, იმერეთმა, სვანეთმა, აჭარამ, კახეთმა და ა.შ.
    ესე იგი, აფხაზეთი უნდა იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტი, რომელიც შექმნის ფედერაციულ სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში, საქართველოში იქნება მხოლოდ ერთი ცენტრი და თბილისში იფუნქციონირებს მხოლოდ ერთი პარლამენტი.
    აფხაზები ნებაყოფლობით ამ გეგმას არაფრის დიდებით არ დათანხმდებიან, რადგან იგი მათ თითქმის ათანაბრებს საქართველოს ისტორიულ მხარეებთან – იმერეთთან, გურიასთან, კახეთთან და ასე შემდეგ.
    მაგრამ სანამ საქართველოს ფედერალიზაცია კონსტიტუირებული არ არის, არძინბას აქვს საშუალება მოითხოვოს აფხაზეთისა და საქართველოს «თანასწორსუბიექტურობის» პრინციპის დაცვა.
    როგორც კი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციის თავს, რომლითაც საქართველო გამოცხადდება მხარეებისა და ყოფილი ავტონომიებისაგან შემდგარ ფედერაციად, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება, - მოლაპარაკება აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის თაობაზე იწარმოებს არა «საქართველოსა და აფხაზეთს», არამედ ფედერალურ ორგანოებსა და აფხაზეთს შორის, რაც უკვე სულ სხვა პოლიტიკური განწყობის შემქმნელია.
        თუ, ვთქვათ, საქმე პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტამდე მივა, ერთია, როდესაც საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს აფხაზეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობას და სულ სხვაა, როდესაც ამ მდგომარეობას გამოაცხადებს საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტი.
      ამრიგად, საქართველოს ფედერალიზაცია, როგორც იურიდიული, ასევე პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მიმართულია არა ქვეყნის დაშლის, არამედ მისი მთლიანობის შენარჩუნებისაკენ და თუ აფხაზეთის შენარჩუნება მართლაც გვსურს, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას.

«მსგეფსი», 14 დეკემბერი, 1995 წელი.