საქართველოს სახელმწიფოებრივი კვდომა

საქართველოს სახელმწიფოებრივი კვდომა

   

    პარლამენტის ბოლო სხდომაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, რეზო შავიშვილის გამოსვლა. ჩემი აზრით, ეს გამოსვლა ყველაზე ნათელი დადასტურებაა იმ უმძიმესი ვითარებისა, რომელიც საქართველოში შეიქმნა სახელმწიფოებრივი მშენებლობის თვალსაზრისით. ზედმეტად მიმაჩნია განმარტება, რომ ეს პრობლემა, თავისი მნიშვნელობით, გაცილებით უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე ეკონომიკური ან პოლიტიკური საკითხი, რადგან ყველა ამ საკითხს მაინც ქვემდებარე ხასიათი აქვს - უმთავრესთან შედარებით.
    არც თუ ისე დიდი ხნის წინ, «რესპუბლიკელმა» დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფოებრიობის კვდომის პროცესი. ეს განცხადება თითქოს მეტისმეტად მკაცრი იყო, მაგრამ რეზო შავიშვილის მიერ მოტანილმა აღმაშფოთებელმა ფაქტებმა იგი დაადასტურეს.

    საქართველოს პარლამენტი აქტიურად იხილავს სახელმწიფოს ბიუჯეტს. ერთმანეთს ეჯახებიან საპირისპირო აზრები და შეხედულებები. კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლამ მთელი ეს დისკუსია ფაქტობრივად უსაგნო გახადა, რადგან უჩვენა, რომ საქართველოში ბიუჯეტის განხილვას აზრი არა აქვს - იგი მაინც არ შესრულდება იმავე სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის მიერ.
    რა აზრი აქვს ბიუჯეტის განხილვას, როდესაც თურმე ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროებისაგან საჭირო მონაცემების შეკრებას ვერ ახერხებს? ამ უკანასკნელთა ხელმძღვანელები თავს იმით იმართლებენ, რომ... მათ უწყებაში შემავალი სამრეწველო ობიექტები უმალავენ თავიანთ ხელმძღვანელობას, თუ რა სახის პროდუქციას უშვებენ, რა რაოდენობით, რა ფასს ადებენ, სად და როგორ ყიდიან.
    თუკი ამას სახელმწიფოებრივი კრიზისი ჰქვია, მაშინ ეს კრიზისის უკიდურეს სტადიად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს კრიზისზე უფრო მეტია - ეს არის კრახი!
    იმ სამინისტროების ხელმძღვანელები, რომლებმაც, ვიმეორებ, ბიუჯეტის შემდგენთათვის მონაცემების მიწოდება «ვერ მოახერხეს», თავს საკმაოდ უსუსურად იმართლებენ: დირექტორები გვიმალავენ ციფრებს და რა ვქნათო. თითქოს ბუნებრივია გამოსავალი - ასეთი დირექტორი უბრალოდ უნდა მოიხსნას. მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ ეს შეუძლებელი გახდა - ყოველი დირექტორის უკან მძლავრი მაფიოზური შეიარაღებული დაჯგუფება დგას - ბიჭი ხარ და ხელი ახლე!
    ასეთივე მდგომარეობაა გადასახადების აკრეფასთან დაკავშირებით. სახელმწიფო იწყება გადასახადებით. ეს არის მისი უმთავრესი ფუნქცია. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ადრეული გაერთიანებანი (შუმერსა და ეგვიპტეში) სწორედ და მხოლოდ მაშინ იქცნენ სახელმწიფოებად, როდესაც ამ ფუნქციის შესრულება შეძლეს. ამის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს - მას სამი ძირითადი ნიშანი აქვს: არმია, ვალუტა და ცნობიერი სივრცე; მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია სწორედ გადასახადების აკრეფაა, რის გარეშეც ეს ინსტიტუტები მხოლოდ უბადრუკ ბუტაფორიად იქცევა.
    რეზო შავიშვილმა ასეთი მაგალითი მოიტანა: საქართველოს ტერიტორიაზე ათასამდე საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტია. ისინი მთელი დატვირთვით მუშაობენ (რასაკვირველია, რუსულ ფულზე). თითოეულ მათგანს, თვეში, სახელმწიფო სალაროში მილიარდი კუპონი უნდა შეჰქონდეს გადასახადების სახით. მთლიანობაში თანხა ტრილიონობით კუპონს შეადგენს - რეალურად კი ისინი ერთ კაპიკსაც არ იხდიან; არ იხდიან და მორჩა!
    სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება კი, ამ დროს, საგონებელში არიან ჩაცვენილი, - სად მოიძიონ რამდენიმე ტრილიონი კუპონი, რათა უკვე გაწეული ხარჯები დაფარონ.
    მრავალი მონაცემი ადასტურებს: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა სავსებით შესაძლებელი იქნებოდა თუნდაც ბენზინის ყიდვა-გაყიდვაზე რეალური კონტროლის დაწესებით და გადასახადების აკრეფით. აქ არ ვგულისხმობ სახელმწიფო მონოპოლიას. ვგულისხმობ უბრალოდ აღრიცხვას სახელმწიფოს მხრიდან. ეს ხომ ელემენტარულია ნებისმიერ ქვეყანაში? მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს არც ეს შეუძლია: საგადასახადო უწყების წარმომადგენლებს «ბენზომაფია» წიხლისკვრით ისტუმრებს და არც ერთ კაპიკს არ იხდის.
    თუმცა, რა გადასახადებზეა ლაპარაკი, როდესაც ბოლო დროს ბენზინის გაძვირება თურმე იმით ყოფილა განპირობებული, რომ ერთმა საყოველთაოდ ცნობილმა პიროვნებამ უფადან ბენზინის დიდი პარტია ჩამოიტანა და, რათა იგი რაც შეიძლება სარფიანად გაეყიდა, გადაკეტა საქართველოში ბენზინის შემოტანის ყველა გზა, - კონკურენტები რომ არ გასჩენოდნენ. სწორედ ამიტომ გაძვირდა საავტომობილო საწვავი, მასთან ერთად ტრანსპორტი და ისედაც გაუბედურებული მოსახლეობა კიდევ უფრო იტანჯება.
    რა არის ყოველივე ამის მიზეზი? - ისევ და ისევ ის, რომ ჩვენში ხელისუფლება და ძალაუფლება ერთმანეთს დაშორდა. საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება არ გააჩნია - ანუ არ გააჩნია ორგანიზებული იძულების უნარი.
    სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა იმ «ფართომასშტაბიან ოპერაციებზე», რომლებიც ბოლო დროს კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ტარდება. თითქოსდა ამით ძლიერი დარტყმა მივაყენეთ არალეგალურ სისტემებს სახელმწიფოში და ხელისუფლება განვამტკიცეთ. მაგრამ თუ ღრმად გავაანალიზებთ, ეს მოჩვენებითი შთაბეჭდილებაა - სინამდვილეში, ბოლო დროს კრიმინოგენური ვითარების შედარებითი სტაბილიზაცია მხოლოდ და მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დაამთავრეს გავლენის სფეროთა გადანაწილება - დამთავრდა ომი ამ სფეროების განსაზღვრისა და დასაკუთრებისათვის. ახლა ისინი, შავი სამყაროს ენით რომ ვთქვათ «ჭამას შეუდგნენ». ჭამა კი მშვიდ ვითარებაში სჯობს. მაგრამ განა ეს სტაბილიზაციაა? ასეთ სტაბილიზაციას ხომ ისევ ომი სჯობია! ომი, რომელიც იმის მანიშნებელი მაინც იქნება, რომ სახელმწიფო არსებობს და იბრძვის!
    სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს გადასახადების აკრეფას არა თუ მსხვილი სამრეწველო ობიექტებიდან, არამედ სამკერვალო საამქროებიდან; სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს სახელმწიფო საწარმოს რომელიღაც არამზადა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას; სახელმწიფო, რომლის საზღვრებს მაფია კეტავს თავისი სურვილისამებრ; - ასეთი სახელმწიფო ან უკვე აღარ არსებობს ან მართლა დაადგა კვდომის გზას.
    ჩემთვის გაუგებარია, ყოველივე ამის შემდეგ რა ლოგიკით ეუბნებიან ზოგიერთები საპარლამენტო ოპოზიციას უარს ხელისუფლების საკითხის განხილვაზე? განა ეს სწორედ ხელისუფლების უმძიმესი კრიზისი არ არის? ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს - ეს ხომ სახელმწიფოს გახრწნის დასაწყისია!

    საკითხი შეიძლება უფრო გლობალურადაც დაისვას: შექმნილი უმძიმესი სახელმწიფოებრივი კრიზისის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენში ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ძალაუფლების წყარო უცხო ქვეყნის ჯარი იყო. სწორედ ამ წყაროდან «სვამდა» ხელისუფლება და ვინაიდან ეს წყარო ფაქტობრივად ამოუწურავია - ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი საქართველოს ავტონომიური სახელმწიფო მექანიზმი ასე თუ ისე მუშაობდა.
    ახლა ეს წყარო დაიშრიტა. უფრო ზუსტად, მიუწვდომელი გახდა - ამიტომაც ბრინჯივით დაიბნა ეს ჩვენი ნაქები «ნომენკლატურული ელიტა» და სახელმწიფომაც უმთავრესი ფუნქციის შესრულება ვეღარ შეძლო.

«ივერია ექსპრესი», 25 ივნისი, 1994 წელი.