საქართველოს საპატრიარქო მაფიის ბუდედ არ უნდა იქცეს

საქართველოს საპატრიარქო მაფიის ბუდედ არ უნდა იქცეს

 

    გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლისას სახალხო პარტიის წევრმა, მიხეილ ჯიბუტმა განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქოსათვის მინიჭებული ეკონომიკური შეღავათებით კარგად ისარგებლა ქართულმა კომპრადორულმა ბურჟუაზიამ, რომელმაც დიდძალი თანხა დააბანდა საპატრიარქოსთან გახსნილ ფონდებში.
    ეს სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ქართველი მკითხველი ვერც კი წარმოიდგენს, რა მასშტაბი მიიღო ფინანსურმა აფიორამ საპატრიარქოს არხების გამოყენებით. რასაკვირველია, თვით ქართული ეკლესია აქ არაფერ შუაშია და მას ძნელად შეიძლება დაეკისროს მორალური (მით უმეტეს, იურიდიული) პასუხისმგებლობა ამ პროცესებისათვის.
  ეკლესია ნებისმიერ სახელმწიფოში ორგანიზაციული თვალსაზრისით «შეკრული» და თავისთავადი» სისტემაა, რომელსაც, მათ შორის საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიც გააჩნია (სხვაგვარად იგი ვერ იარსებებს) და ცდილობს ამ ინტერესთა დაცვას სახელმწიფო სტრუქტურებზე ზემოქმედების გზით.
    1992-95 წლებში საქართველოს საპატრიარქო აქტიურად ერეოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მხარს უჭერდა მმართველ გუნდს სამოქალაქო დაპირისპირების დროს და სანაცვლოდ (ბუნებრივია) აქტიურ დახმარებასაც მოითხოვდა უპირველეს ყოვლისა ფინანსური თვალსაზრისით; რაკი იმ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირი მხარდაჭერის საშუალება არ ჰქონდა, მან მიიღო სპეციალური დადგენილება «შეღავათების» შესახებ, რომელთა მეშვეობით საპატრიარქომ შეძლო დიდძალი სახსრების მოზიდვა და აკუმულირება.
    ამ არხებით კომპრადორულმა ბურჟუაზიამ მოახერხა ათეულობით მილიონი დოლარის ლეგალიზება და «ბრუნვაში გაშვება» - საპატრიარქოს ავტორიტეტი და მორალური ზეგავლენა შესანიშნავი «საფარი» აღმოჩნდა გაიძვერებისათვის, რომელთაც ღმერთი, რა თქმა უნდა, არ სწამთ და მხოლოდ მოგებას სცნობენ.
    «საპატრიარქოს ქუდი» ათასობით პროცენტ მოგების გარანტიას იძლეოდა ყოველწლიურად. თანაც ყოველგვარი რისკის გარეშე, ვინაიდან წინა პარლამენტის «შეურიგებელი ოპოზიციაც» კი ვერ ბედავდა საპატრიარქოს წინააღმდეგ ხმის ამოღებას, რომ აღარაფერი ვთქვათ საპატრიარქოს «ფრთებქვეშ» შეყუჟული ფირმების მესვეურთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.
    «შეუიარაღებელი» თვალით ძნელი შესამჩნევია, მაგრამ დღეს ვითარება თანდათანობით იცვლება. ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს ფინანსური სახსრების მოზიდვა ძირითადად «წმინდა სამების ტაძრის» ფონდში ხდება, უკვე უეჭველად მიუთითებს გარკვეულ პროგრესზე. დღევანდელი ხელისუფლება ეკლესიას, რასაკვირველია, «უყურადღებოდ არ დატოვებს», მაგრამ იგი უკვე საკმარისად ძლიერი და თავდაჯერებულია საიმისოდ, რათა საკუთარი პირობებიც უკარნახოს მას და ზედმეტი ვალდებულებებიც არ იკისროს, რომელთა შესრულება შემდგომში დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული.

«მერიდიანი», 3 დეკემბერი, 1996 წელი.