საქართველოს «საინფორმაციო სივრცეც» დაუცველია

საქართველოს «საინფორმაციო სივრცეც» დაუცველია

      

        რუსული ტელეარხები, განსაკუთრებით სახელმწიფო «ორტ» და «რტრ» აგრძელებენ საინფორმაციო დივერსიებს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა ამაში არაფერია ახალი იმათთვის, ვისაც ახსოვს რუსული «სატელევიზიო იარაღის» მოქმედება 1990-1993 წლებში. იმ დაუვიწყარი მოვლენებისას ამ ტელეარხებმა უხვად დაანთხიეს შხამი საქართველოს წინააღმდეგ, უამრავი საზიზღარი პროვოკაცია განახორციელეს სეპარატისტთა მხარდასაჭერად;
        რაც მთავარია, დღეს ისეთივე «მაღალპროფესიულ» პროვოკაციებს იგივე ფიგურები და პერსონაჟები ახორციელებენ, -იმავე ტელეარხების მეშვეობით.
        მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, განსაკუთრებული ინტენსივობით აამოქმედეს ეს იარაღი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ.
        ალბათ, გახსოვთ, 1990-91 წლებში, ნამუსგარეცხილი რუსი ჟურნალისტები როგორ «გულაჩუყებით» გამოსცემდნენ საათიდან-საათამდე, დღიდან-დღემდე, კვირიდან-კვირამდე, თვიდან-თვემდე, «ქართველმა» ბოევიკებმა» დაბომბეს ცხინვალი, დაბომბეს ცხინვალი, დაიღუპნენ ქალები, ბავშვები, ქალები და ბავშვები, ქალები და ბავშვები...» საინფორმაციო ზეწოლა «ოსი ხალხის თხოვნით» ხორციელდებოდა მონოტონურად, გეგმაზომიერად, უდიდესი ფსიქოლოგიური სიზუსტით: ამ პროვოკაციამ შედეგი გამოიღო, გამოიწვია განხეთქილება ქართულ საზოგადოებაში, საბოლოოდ კი - სამოქალაქო ომი; აფხაზეთის ომის დროსაც იგივე განმეორდა.
        რუსმა «ტელეგველებმა» მხოლოდ მას შემდეგ მოისვენეს, რაც საქართველო საბოლოოდ გაანადგურეს და ე.წ. სნგ-ში შეათრიეს. დღეს კიდევ ასისინდნენ ძველი ინტენსივობით, რადგან საქართველომ რუსეთს უარი უთხრა შატილის გავლით ჯარების ჩეჩნეთში შეყვანაზე. ამ წინადადებით, 26 ოქტომბერს პირადად ელცინმა მიმართა ედუარდ შევარდნაძეს.
        აი, ამ უარმა გააცოფა და გააავა ქვეწარმავლები.
        დაიწყო «ინფორმაციით» ჩეჩენი ტერორისტების (მათ შორის, შამილ ბასაევის) სვანეთში გამოზამთრების შესახებ. ამ ინფორმაციის აშკარად სიბრიყვეს არად დაგიდევენ; მთავარია გააძლიერონ ფსიქოლოგიური ზეწოლა საქართველოზე. ხაზი უნდა გავუსვათ: რუსეთის მიზანი, ამ შემთხვევაში, საკუთარი საზოგადოების ანტიქართულად განწყობა კი არ არის, არამედ ზემოხსენებული «ცხინვალის სინდრომის» განახლება, ანუ დაძაბულობის შეტანა ქართულ საზოგადოებაში, მისი სულიერად მოქანცვა, დაღლა მუდმივი დაძაბულობით, საქართველოს ხელისუფლების იძულება, მუდმივად იმართლოს თავი (პირადად პრეზიდენტმა, სახელმწიფო მინისტრმა) იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც «აცხობენ» რუსული სპეცსამსახურების «ლაბორატორიებში»; საბოლოოდ კი, მიაღწიონ იმავე მიზანს, რასაც 8-10 წლის წინ მიაღწიეს.
        მიაქციეთ ყურადღება: არა და არ წყდება საინფორმაციო დივერსიათა სერია: «იჩქერიის მთავრობა საქართველოში თავშესაფარს იღებს», «საქართველო ჩეჩნეთს იარაღს აწვდის», «საქართველო აპირებდა ამერიკული სამხედრო ფორმა მიეწოდებინა ჩეჩნებისათვის, მაგრამ მამაცმა რუსმა მესაზღვრეებმა ჩაშალეს ეს გეგმა».
        «საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნებმა შექმნეს საინფორმაციო გადაცემათა სისტემა» და ა.შ. და ა.შ. ბუნებრივია, ამგვარი დეზინფორმციული ნიაღვრით სურთ აიძულონ ქართული საზოგადოება (უპირველესად, საზოგადოება და არა ხელისუფლება), შეურიგდეს იმის აუცილებლობას, რომ რუსი ჯარისკაცები ჩადგნენ შატილსა და ომალოში - ასეთ შემთხვევაში, საინფორმაციო ომი შეწყდება ისევე, როგორც შეწყდა მას შემდეგ, რაც საქართველო დათანხმდა ე.წ. «რუსი მშვიდობისმყოფელების» ჩაყენებას.
        აქედან გამომდინარე, ტყუილად გვაქვს იმის იმედი, რომ რამდენჯერაც არ უნდა უარვყოთ დეზინფორმაცია (თავისთავადაც დამამცირებელია), რუსეთი არ შეწყვეტს ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოზე, ადვილად შეთითხნიან ახალ-ახალ პროვოკაციებს.
        ერთადერთი გამოსავალია საქართველოს საინფორმაციო სივრცის დაცვა, რათა რუსულმა დეზინფორმაციულმა შხამმა ქართული საზოგადოების ცნობიერებამდე ვერ მიაღწიოს.

მერიდიანი, 26 ნოემბერი, 1999 წელი