საქართველოს საგარეო ვალი საშვილიშვილო პრობლემა ხდება

საქართველოს საგარეო ვალი საშვილიშვილო პრობლემა ხდება

    საქართველოს საგარეო ვალის დაგროვება დაიწყო გაცილებით ადრე რადიკალური რეფორმების დაწყებამდე; კერძოდ, 1992-94 წლებში, როდესაც ქვეყანა ერთდროულად სამ სისხლისმღვრელ ომს აწარმოებდა და პოლიტიკოსები განვითარების ჰიპოთეტურ თეორიებს ადგენდნენ.
    თურქმენეთიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურმა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს მიაღწია (დღეს უკვე 450 მილიონის ტოლია). 1994 წლის ნოემბრამდე ამას თითქმის ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ თურქმენეთმა (ავარიის მომიზეზებით) ბუნებრივი აირის მოწოდება შეგვიწყვიტა და ქვეყანაც მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა: საწვავის უქონლობის გამო გაჩერდა მრავალი საწარმო; მოსახლეობა «გაიყინა», ხოლო უზარმაზარი ვალი უმძიმეს ტვირთად დააწვა საქართველოს მომავალს.
    სხვათა შორის, ეს ვალი ყურადღებით არის დასათვლელი, ვინაიდან უეჭველად აღმოჩნდება, რომ მისი მოცულობა საქართველოს «მინისტრთა კაბინეტის» წევრთა მექრთამეობამ და ნამუსგარეცხილობამ განაპირობა. თურქმენეთთან მიღწეული იყო შეთანხმება ბარტერის შესახებ. ქართველმა მეწარმეებმა კი ივაჟკაცეს და ქუთაისის ფაბრიკაში დამზადებული სამდოლარიანი ჯინსის შარვალი ლამის ორმოცდაათი დოლარად დააფასეს. მაგრამ ვერც იმ შარვლის გაგზავნა შეძლეს და ახლა თურქმენები სავსებით სამართლიანად და დასაბუთებულად გვთხოვენ «ორმოცდაათ დოლარს» - სამის ნაცვლად.
    ამის ჩამდენი ზოგიერთი გაქსუებული მოღვაწე თავს დამნაშავედ სრულიადაც არ გრძნობს და კვლავ მენტორული ტონით მოძღვრავს მოსახლეობას. იმავე პერიოდში დაგროვდა საგარეო ვალის უდიდესი ნაწილიც. ცოტამ თუ იცის, რომ ამის გამო საქართველოში ეკონომიკური რეფორმის დაწყება ეჭვქვეშ დადგა; ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი არ აპირებდნენ ჩვენთვის კრედიტების გამოყოფას (რის გარეშეც მონეტარისტული რეფორმა შეუძლებელი იქნებოდა) მანამ, სანამ ოფიციალური თბილისი ვალების რესტრუქტურიზაციას არ მიაღწევდა.
    კიდევ კარგი, «თურქმენბაში» ლმობიერი კაცი აღმოჩნდა და ვალები გადაგვივადა; მაგრამ საქართველოს პროცენტებსაც ვერ იხდის. ამას არცერთი სახელმწიფო არ მოითმენს და მალე ბატონ საფარმურადსაც აევსება მოთმინების ფიალა. ფაქტობრივად, ამჟამად საქართველოს ბედი მის განწყობაზეა დამოკიდებული.
    საგარეო ვალების პრობლემამ ბევრი ჭკუისსასწავლებელი პრეცედენტიც შექმნა. მაგალითად, რამდენი ვიძახეთ, «დიდი ჩინეთი მხარს გვიჭერსო», რამდენი ვაქეთ და ვადიდეთ მისი ხელმძღვანელობა, ამ ქვეყანამ არაფრის დიდებით ვალი არ გადაგვივადა. თვით ვალი უმნიშვნელო იყო, ამიტომ საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა «მოწყალება მოიღეს» და გვაპატიეს. თურქმენეთის და ჩინეთის გარდა საქართველოს მართებს თურქეთის, რუსეთის, ავსტრიის (!), გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ვალები. არც ამ უკანასკნელმა გადაგვივადა ვალი და ყოველდღე «ბომბავს» მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას.
    სულ კი ვალების ოდენობა ორ მილიარდ დოლარს აღწევს. თუმცა ამ ოდენობაში შედის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრედიტებიც, რომელთა გასტუმრება საქართველომ ორმოცი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს. ასეთ ვითარებაში ლაპარაკი «მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე» ცოტა არ იყოს საეჭვო ხდება.
    სახელმწიფომ, რომელსაც ამხელა ვალი აქვს, უპირველეს ყოვლისა, წარმოების განვითარებასა და საგარეო-სავაჭრო ბალანსის გამოსწორებაზე უნდა იფიქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის შემდეგი: ჩვენი თაობა, რომელმაც დაუშვა კრიმინალური ფორმირებების გაბატონება ხელისუფლებაში, ახლა «სოციალურ დაცვასაც» ითხოვს შვილებისა და შვილიშვილების ხარჯზე.

მერიდიანი, 19 სექტემბერი, 1997 წ.