საქართველოს პროფესიული კავშირები რომანტიულმა ოცნებამ გაიტაცა

საქართველოს პროფესიული კავშირები რომანტიულმა ოცნებამ გაიტაცა

 

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჭეშმარიტად სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო: მან გააუქმა მინისტრთა საბჭოსა და სხვა ორგანოების დადგენილებები, რომელთა თანახმადაც პროფკავშირების ქონება ეროვნულ გვარდიას გადაეცა.
    ეს დადგენილებები სიგუას მთავრობამ მიიღო 1991-1992 წლებში, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როდესაც ეროვნული გვარდია ქვეყნის სრული ბატონ-პატრონი იყო და თენგიზ კიტოვანის შიშით «ზემოთ ჩიტი თრთოდა და ქვემოთ ჭიანჭველა». მაშინ «დამოუკიდებელ პროფკავშირებს» კრინტი არ დაუძრავთ. ყოველ შემთხვევაში, თუ ამოიღეს ხმა, მათი პროტესტი მისუსტებული, საწყალობელი კნავილის დონეს არ ასცილებია, რასაც იმ დროს, რა თქმა უნდა, ყურადღება არავინ მიაქცია. ქონება გვარდიამ მიისაკუთრა.
    ეს გადაწყვეტილება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი უეჭველად შესრულდება - უფრო პირიქით. ნუთუ მართლა ჰგონიათ, ეროვნული გვარდია ქონებას ასე ადვილად დაუთმობს, ფიანდაზს დაუგებს და ტაშისკვრით შეაცილებს «დაკარგულ შენობა-სასახლეებში»? მეტისმეტად გულუბრყვილონი ყოფილან. მათ უბრალოდ არ იციან, რას წარმოადგენს ეროვნული გვარდია და რა პოზიცია ექნება მის უცვლელ სარდალს - გენერალ ჭუმბურიძეს, - კიტოვანის ერთგულ თანამებრძოლს, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 1992-1993 წლების მოვლენებში და ახლაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
    მკითხველს შევახსენებ: ორი წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ (მიუხედავად არაერთგზისი გადაწყვეტილებისა) თითიც ვერ დააკარეს ეროვნული გვარდიის ოფიცერ გიორგაძეს, რომელსაც ზუგდიდში გოჩა ჯიქიას მკვლელობა ედებოდა ბრალად. არადა, სანქცია გაიცა და პრეზიდენტმაც გამოთქვა უკმაყოფილება თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე, მაგრამ რაკი გვარდიელებს გიორგაძის დაპატიმრება უსამართლობად მიაჩნდათ, სხვა «ძალისმიერებმა» ვერაფერი გააწყვეს.
    მით უმეტეს, სასაცილო იქნება «დამოუკიდებელი პროფკავშირების» პრეტენზიები. მათთვის ლაზათიანი პანღური ეროვნულ გვარდიაში უკვე გამზადებული აქვთ. შესაბამისი არგუმენტაციაც გამოჩნდება, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი უეჭველად დაუჭერს მხარს: ეროვნულმა გვარდიამ სისხლი დაღვარა, ასეულობით ჯარისკაცი დაკარგა და ახლა შენობაც აღარ ეკუთვნის? სხვა შენობები არ არსებობს. «გვარდიისათვის» საბჭოთა კავშირში არავინ არაფერს გაითვალისწინებდა; საკონსტიტუციო სასამართლოსადმი აპელირება შედეგს არ გამოიღებს - დავა წლობით გაგრძელდება, ძალით გვარდიელებს შენობიდან ვერავინ გამოყრის (აბა, ერთი სცადონ!), ნებით კი არ გამოვლენ, ვინაიდან წასასვლელი არსად აქვთ და ეს, ფაქტობრივად გვარდიის გაუქმება იქნება, არადა, უეჭველი ფაქტია, რომ «ეროვნული გვარდია» კვლავაც გარკვეული ავტონომიურობით სარგებლობს თავდაცვის სამინისტროში და «ცეცხლთან თამაში» ხელისუფლებას სულაც არ ეპიტნავება. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე აღარ არის, რომელსაც რუსის ჯარი «უმაგრებდა ზურგს» - ყოველ შემთხვევაში, წარმოსახვით მაინც.
    ზემოთქმულის მიუხედავად, თუ ეროვნული გვარდია უსიტყვოდ დაემორჩილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შენობებს პროფკავშირებს დაუბრუნებს, ეს უეჭველი მაჩვენებელი გახდება იმისა, რომ საქართველო ნამდვილად იქცა სახელმწიფოდ, სადაც ზეობს კანონის ძალა და არა ძალის კანონი.

მერიდიანი, 17 ივლისი, 1998 წ.