საქართველოს პოლიტიკური ინტრიგანობა დაღუპავს

საქართველოს პოლიტიკური ინტრიგანობა დაღუპავს

 

        უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში შესამჩნევად დაიძაბა მდგომარეობა სახელისუფლებო ოლიმპზე, ოღონდ, ამჯერად მიზეზი არა მხოლოდ ან არა იმდენად ენერგოკრიზისი და «უშუქობაა», არამედ გაუთავებელი ინტრიგები, ერთმანეთის დაბეზღება, ქვემძრომობა და ქვეგამხედვარობაა. ადამიანს თავი შეგძულდება, «ქართული პოლიტიკის» თუნდაც ერთი კვირის მოვლენებს რომ გაანალიზებ ამ კუთხით - რამდენი შხამი და საზიზღრობა ამოჰყვება ამ ანალიზს.
        კვლავ და კვლავ დასტურდება ადრე მრავალთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ქართველ ერს აღმოაჩნდა ავადმოყოფი ისტებლიშმენტი. ამ ხალხს, როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება მის გარშემო. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, «მაკიაველიზმსა» და უზნეობაში «ოპოზიცია» კიდეც აჭარბებს ხელისუფლებას. არადა, «ნორმალურ» ქვეყანაში თითქოს პირიქით უნდა იყოს.
        თავისთავად უზნეობაა ბიუჯეტის ქცევა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად. რასაკვირველია, თუ ვალდებულებები არ სრულდება, მთავრობა უნდა გადადგეს, მაგრამ აშკარაა, რომ კონკრეტულად გია არსენიშვილის გადადგომის მოთხოვნას არავითარი კავშირი არა აქვს არც ბიუჯეტთან, არც საგადასახადო შემოსავლებთან და არც რუსეთის ვალის რესტრუქტურიზაციასა თუ სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან.
        სინამდვილეში დღევანდელი კრიტიკული ვითარება ქვეყნის გარშემო იმთავითვე ქმნის ფართომაშტაბიანი დესტაბილიზაციის საშიშროებას და «აუცილებლობას» იმათთვის, ვისაც ძალიან აშინებს ეს სტაბილურობა.
        იგულისხმება ქვეყნის სტაბილურობა და არა ხელისუფლებისა. მაგალითად, 2000 წლის ბიუჯეტის «შეუსრულებლობის» გამო ეკონომიკური გუნდის გადაყენება, მათ შორის სახელმწიფო მინისტრისა, არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ ელემენტარულად უზნეო გადაწყვეტილება იქნება. პირველად, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, თვიდან თვემდე სრულდება საგადასახადო შემოსავლების გეგმა. რაც მთავარია, საბაჟო დეპარტამენტი პირველად ახერხებს შემოსავლების აკრეფას იმპორტიდან (გარდა სიგარეტისა). თუმცა, ეს ყველაფერი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ბიუჯეტი სეკვესტრირებულია, მაგრამ თავისთავად «რეალური» ბიუჯეტის დამტკიცება (საქართველოს პირობებში) იოლი საქმე არ ყოფილა. ასევე რეალისტურია 2001 წლის ბიუჯეტი, ანუ ქვეყანაში დაიწყო ნორმალური საბიუჯეტო ტრადიციების დამკვიდრება.
        ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თუ 2001 წლის ბიუჯეტი არ შესრულდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პრივატიზების (ტელეკომუნიკაციის ობიექტების განსახელმწიფოებრიობის) შეფერხების შედეგი. ამ ვითარებაში (მაშინ, როდესაც პირველად შემუშავდა რეალისტური ბიუჯეტი, რომელიც პირველად ყოველთვიურად სრულდება) «ეკონომიკური გუნდის» გადაყენება, უბრალოდ, პროვოკაციაა იმ ძალთა მხრიდან, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან შეაშინა ზოგიერთმა დადებითმა ტენდენციამ. ეს მხოლოდ «ზოგიერთი ტენდენციაა» საერთო უბადრუკ შავბნელ ფონზე (თუნდაც კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის შეფერხების გათვალისწინებით), მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვინც არ არის დაინტერესებული ხელისუფლების საბოლოო დადამბლავებით საქართველოში.
        ჩვენს პოლიტიკურ ოლიმპზე აშკარად, დაუფარავად მოქმედებენ ძალები, რომლებიც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული ხელისუფლების (მათ შორის, უმთავრესად, ცენტრალური ხელიოსუფლების) სისუსტით. რაც უფრო მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა, არასტაბილურობა და არაპროგნოზირებულობა იქნება, - «მით უკეთესი». საუბარია არა კონკრეტულ ხელისუფლებაზე (ვთქვათ, არსენიშვილზე, ნოღაიდელზე, მაჭავარიანზე), არამედ ხელისუფალზე, როგორც ასეთზე.
        როგორც ჩანს, ამ ვითარებამ გია არსენიშვილი სერიოზულად გააღიზიანა. მისი მენტალიტეტი გამორიცხავს ბედთან შერიგებას, მას არანაირი «კომპლექსი» არა აქვს და გამორიცხულია, უბრძოლველად დანებდეს. როდესაც არსენიშვილმა თქვა, რომ «ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადადგება «- გულისხმობდა საგადასახადო შემოსავლებს და არა «ტელეკომის» პრივატიზებას.
        სხვათა შორის, ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რატომ არ შეიძლება საქართველოში ეგრეთ წოდებული «მინისტრთა კაბინეტის» აღდგენა – ეს კაბინეტი უმალვე იქცევა პოლიტიკური ვაჭრობისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის პოსტების ყიდვა-გაყიდვის ობიექტად.
        უეჭველია, რომ საახალწლოდ ამ თვალსაზრისით მართლაც კრიტიკული ვითარება იქმნება. აფეთქება მოხდება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, როდესაც «ეკონომიკური გუნდის» წინააღმდეგ გააფთრებული შეტევა განხორციელდება ერთდროულად რამდენიმე მხრიან.
        გია არსენიშვილი იმდენად ზუსტად შეესაბამება თანამედროვე პოლიტიკურ კონფიგურაციას, რომ ბუნებრივად იქცევა დარტყმის ობიექტად. ისიც ვერ მოითმენს და მოწინააღმდეგეებს საპასუხოდ შეუტევს ანუ, ერთობ ცხელი ზამთარი გველის.

დილის გაზეთი, 20 დეკემბერი, 2000 წელი