საქართველოს კონსტიტუცია სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა

საქართველოს კონსტიტუცია სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა

 

        1995 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი, მძვინვარე დებატების შემდეგ, რომელიც შიგდაშიგ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა ხოლმე, ქვეყნის პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით მიიღო სახელმწიფოს ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია
        ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დებატები, სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფთა ინტერესების შეჯერება, თანაც ზოგჯერ პოლიტიკური ვაჭრობის იერსახეც ეძლეოდა.
        საკმარისია გავიხსენოთ, რომ 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა, ანუ ის პარლამენტი, ფაქტობრივად, «დამფუძნებელი კრება» გამოდგა, თუმცა მან ნამდვილად შეასრულა უმთავრესი ფუნქცია და მიიღო კონსტიტუცია, რომელიც მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა თანამედროვე საქართველოს რეალიებს.
        ძირითადი კანონის დამტკიცების წინ უძღოდა აგრეთვე ე.წ. «საკონსტიტუციო მისიის» მუშაობა, რომელსაც მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან თვით პარლამენტმა ამ კომისიის დასკვნა თითქმის საერთოდ არ გაითვალისწინა – ყოველ შემთხვევაში, კონცეპტუალური თვალსაზრისით.
        საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს «ტრადიციონალისტებმა» - მათ ედუარდ შევარდნაძემ სპეციალური მადლობაც მოახსენა მუშაობის დასრულების შემდეგ, მაგრამ მთავარი ბრძოლა პარლამენტის სხდომებზე გაიმართა.
        აქ ძირითადად სამი ძალის აქტიურობაა აღსანიშნავი: რესპუბლიკელების რუდუნება (დათო ბერძენიშვილისა და ივლიანე ხაინდრავასი, თანამოაზრეებთან ერთად), ბაკურ გულუას «გარდამტეხი» (საოცრად ზუსტი და გათვლილი) წინადადება «ამერიკული მოდელის» თაობაზე და ზურაბ ჟვანიას გუნდის (მომავალში «მოქალაქეთა კავშირის» ბირთვის) საშუამავლო აქტიურობა.
        შეიძლება ითქვას, ჟვანიამ მაშინ არც თუ რეკლამირებულად და თვალში საცემად, მაგრამ ძალზე აქტიურად და ქმედითად იმუშავა «შემთანხმებლურ კომისიებში», რათა დაეახლოვებინა დაპირისპირებული მხარეები.
        არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამან განაპირობა მისდამი პრეზიდენტის განსაკუთრებული ნდობა და შემდგომი წარმატება.
        რაც შეეხება ბაკურ გულუას წინადადებას, არა მგონია ეს მისი კერძო ინიციატივა ყოფილიყო, თუმცა ფაქტია, რომ «ამერიკული მოდელი» გამოდგა ის კომპრომისი, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოოდ კონსტიტუციის მიღება, ვინაიდან კენჭისყრის ბედი «გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიის» ხმებმა გადაწყვიტა.
        სხვათა შორის, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას (მაშინ გია ჭანტურია უკვე ცოცხალი აღარ იყო) კონსტიტუციისათვის ხმა არ მიუცია. ედპ-ს იმდროინდელი ლიდერები დღესაც ვერ აცნობიერებენ, რომ ეს იყო მათი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიის დაფუძნების შემდეგ; და მათი პოზიცია აშკარად მცდარი აღმოჩნდა.
        «ეროვნულ-დემოკრატებმა» კონსტიტუციას ხმა არ მისცეს არა იმიტომ, რომ მისი დებულებები არ მოსწონდათ ან თვით კონსტიტუციის «კონცეფციით» იყვნენ უკმაყოფილონი – მათი პოზიცია განპირობებული იყო სულ სხვა მოსაზრებებით:
        როგორც ჩანს, მათ მაინც სურდათ გამიჯვნოდნენ იმ პოლიტიკურ წყობას, რასაც კონსტიტუცია აფუძნებდა, რათა არ ეკისრათ პასუხისმგებლობა.
        ვიმეორებ, - დრომ დაადასტურა, რომ იქ გათვლაში ისინი სასტიკად შეცდნენ, ვინაიდან კონსტიტუციაც და მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური წყობაც ნამდვილად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ხოლო ედპ-ს პოზიციები (1995 წლის შემდეგ) აშკარად შესუსტდა (უპირველესად განხეთქილების გამო).
        საქართველოს კონსტიტუცია გამოდგა ნამდვილად პროგრესული დოკუმენტი, რომელმაც უზრუნველჰყო მრავალმხრივი, ყოვლად აუცილებელი რეფორმის გატარება ქვეყანაში.
        სწორედ კონსტიტუციას ეყრდნობოდა «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდული ფრთა სასამართლო რეფორმის განხორციელებისას წარმოქმნილი განხეთქილების დროს. კონსტიტუციამ შექმნა ხელისუფლებათა გამიჯვნა – შეწონასწორების ქმედითი სისტემა, რომელიც, ასე თუ ისე, ჯერჯერობით მუშაობს, თუმცა პოლიტიკური ძალებისაგან აუცილებლად მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობასაც – რაც, მათ, ტრადიციულად, არ გააჩნიათ.
        მართალია, კონსტიტუციაში გამოტოვებულია უმნიშვნელოვანესი თავი «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის» შესახებ და დაშვებულია საბედისწერო შეცდომა - იმდროინდელი ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნით კონსტიტუციაში ჩაიდო დებულება ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრის დაუშვებლობის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე (?), მაგრამ კონსტიტუციაში (საბედნიეროდ) ჩამოთვლილია ცენტრალური ხელისუფლების უეჭველი უფლებამოსილება, ანუ დაკანონებულია ცენტრალური ხელისუფლების ეჭვმიუტანელი უფლებამოსილების ნუსხა, - რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ჩამონათვალიდანაც ჩანს, რომ (მაგალითად) არც ერთ რეგიონს არ აქვს უფლება ჩაერიოს საბაჟო ან სასაზღვრო პრობლემატიკაში.
        მთლიანობაში კი, კონსტიტუციამ ნამდვილად შექმნა სოციალურ ძალთა სიმყარის გარკვეული გარანტია და სახელმწიფოებრივი მდგრადობის ფაქტორადაც იქცა.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს კონსტიტუცია საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, თუ, რასაკვირველია, საქართველოში მორიგი «რევოლუცია» არ მოხდა.

მერიდიანი, 25 აგვისტო, 1999 წელი