საქართველოს კომპარტია «მიუკარებელი» ხდება    

საქართველოს კომპარტია «მიუკარებელი» ხდება    

    აფსუს, რას მოესწრო ოდესღაც ყოვლისშემძლე საქართველოს კომპარტია?! მართალია იგი ამჟამად «ერთიან კომუნისტურ პარტიად» იწოდება, მაგრამ უდავოდ იმ ქართველი კომუნისტების «რკინის კოჰორტის» მემკვიდრეა, რომლებიც ოციანი წლებიდან მართავდნენ ქვეყანას.
   

    პანტელეიმონ გიორგაძე განასახიერებს ყოველივე «ჭეშმარიტად კომუნისტურს», რაც კი საქართველოს კომუნისტურ პარტიაში მოიძევებოდა. თუმცა, აქვე შევნიშნავ, რომ არავითარი «საქართველოს კომუნისტური პარტია» ეს არ ყოფილა, არამედ საოლქო ორგანიზაციის უფლებით შედიოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ სსრკ-რუსეთის ფსევდონიმი იყო, ვინაიდან რუსეთს საკუთარი კომპარტია არ გააჩნდა.
    ეს ლენინს და სტალინს (ამხანაგი პანტელეიმონისათვის სათაყვანებელ იოსებ ვისარიონოვიჩს) შორის, 1922 წელს გამართული ისტორიული დისკუსიის დიადი გამოძახილი გახლდათ: სტალინმა ვერ «გაიტანა» წინადადება რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ, სამაგიეროდ, (როგორც გენერალურმა მდივანმა) თვით კომუნისტური პარტია ასე მოაწყო, როგორც სურდა, ანუ როგორც მის «ეროვნულ» კონცეფციას შეესაბამებოდა.
    ამიტომ, «რესპუბლიკური კომპარტიები» საოლქო ორგანიზაციები იყვნენ, ხოლო ამხანაგი პანტელეიმონისათვის არც თუ სათაყვანებელი (ამჟამად) ედუარდ შევარდნაძე 70-იან წლებში ფაქტობრივად ისეთივე უფლებებით სარგებლობდა, როგორც კომპარტიის კურსკის ან კუიბიშევის საოლქო კომიტეტის მდივნები.

    და თუ პოლიტბიურო შევარდნაძეს უფრო მეტ ანგარიშს უწევდა, ეს, ამხანაგო პანტელეიმონ, ისევ და ისევ, ქართველი ნაციონალისტების დამსახურება იყო:
    მოსკოვში ეშინოდათ - «ამ ქართველებს ვინ რას გაუგებს, ემანდ რაიმე არ გვიხიმანდრონო».
    ამრიგად, ჩვენ რომ ქართველები არ ვყოფილიყავით და «ქართული ნაციონალიზმი» არ არსებულიყო, საქართველო ახლა რუსეთის ჩვეულებრივი ოლქი იქნებოდა.
    ამხანაგი პანტელეიმონი მაინც არ ცხრება: შევარდნაძემ აფხაზეთი იმიტომ დაკარგა, რომ ნაციონალისტი იყოო. ნაციონალისტი ანუ «ეროვნული» ჩვენი ჭკუისკოლოფი ამხანაგი პანტელეიმონი თვითონ ვერ ამჩნევს საკუთარ აღიარებას: აფხაზეთი იმიტომ დავკარგეთ, რომ - ქართველები ვართ და გვინდოდა საქართველო - საქართველო ყოფილიყო და არა საქართველოს სსრ, რაც ერთი და იგივე სულაც არ არის.
    საქართველოს რომ ასეთი სურვილი არ გასჩენოდა, აფხაზეთი «მყარად» იქნებოდა ჩვენი, ისევე როგორც ჩვენც «მყარად» მოსკოვისა ვიქნებოდით.
    ამხანაგ პანტელეიმონ გიორგაძის «ერთიანი კომუნისტური პარტია» მართლაც «საქართველოს სსრ კომპარტიის» საუკეთესო თვისებათა მატარებელია. იგი არ წარმოადგენს იმ ძალებს, ვინც ძველ ქართულ კომპარტიაში 50 ათას მანეთს იხდიდა რაიკომის მესამე მდივნის პოსტისათვის ან 100 ათასს - რაიკომის პირველი მდივნობისათვის.
    პანტელეიმონ გიორგაძე ჭეშმარიტი კომუნისტების მემკვიდრეა ანუ «იდეური კომუნისტებისა», რომელთა იდეური სიმტკიცის საფუძველი უდავოდ იოსებ სტალინის ფენომენია;
    თუმცა, ამ მხრივ პანტელეიმონს ისიც შესანიშნავად უნდა ახსოვდეს, რა მოხდა 1956 წლის 9 მარტს, როგორ ათრიეს სტალინის გვამი თბილისის ქუჩებში «უფროსი ძმის» ჯარისკაცებმა და როგორ დააკლეს ზედ უდანაშაულო ქართველი ჯარისკაცები.
    მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, პანტელეიმონ გიორგაძის «ერთიანი კომუნისტური პარტია» ორგანიზაციულად აღარ შედის რუსეთის კომუნისტურ პარტიაში. პარტიის თავმჯდომარე კი ამჟამად აცხადებს: «მე ზიუგანოვს არ ვემორჩილებიო».
    სინამდვილეში ზიუგანოვს ვერც დაემორჩილება, რადგან გენერალი ზიუგანოვი არანაირი «კომუნისტი» არ არის. მისი პარტია თანდათან ყალიბდება ჩვეულებრივ, მემარცხენე ყაიდის, სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციად, ოღონდ რუსული სპეციფიკით - რუსული «დერჟავინიკული» და კარგად შენიღბული ნაციონალისტური სულისკვეთებით.
    პანტელეიმონის ამხანაგი კი სინამდვილეში რუსი «ჭეშმარიტი კომუნისტი» ანპილოვია და არა ზიუგანოვი.
    ის ვიქტორ ანპილოვი, რომელიც ძალიან ჰგავს შარიკოვს ბულგაკოვის გენიალური მოთხრობიდან.
    საბედნიეროდ, საქართველოსთვის ასეთი ტიპი ყოვლად უცხოა, ამიტომ პანტელეიმონი შარიკოვს არ ეტმასნება, ანპილოვთან «ამხანაგობაზე» უარს ამბობს და უფრო ზიუგანოვისაკენ იხრება, ვინაიდან ამ უკანასკნელს სახელისუფლებო ქარიზმაც აქვს.
    საინტერესოა, ჰყავს თუ არა ამხანაგ პანტელეიმონს საქართველოში სტაბილური ელექტორატი, ანუ სოციალური ფენა, რომელიც უეჭველად მის პროგრამას დაუჭერს მხარს? თუმცა, საქართველოში ნორმალური ელექტორატი ჯერ არ ჩამოყალიბებულა ანუ ამომრჩეველი ვერ აცნობიერებს (უახლოეს მომავალში ვერც გააცნობიერებს) უშუალო კავშირს საკუთარ მდგომარეობასა და პოლიტიკურ არჩევანს შორის.
    პანტელეიმონ გიორგაძის ამომრჩეველი სიმპათიის მიხედვით აკეთებს არჩევანს, ხოლო ასეთი კატეგორია საქართველოში არც თუ ისე მცირერიცხოვანია.
    ამას, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ამხანაგ პანტელეიმონის მთავარი მოწინააღმდეგეები - ამხანაგები რჩეულიშვილი და ნათელაშვილი.
    ქართველ კომუნისტთა იდეური სიმტკიცე ნამდივლად განცვიფრების მომგვრელია. მიუხედავად იმისა, რაც საქართველოში მოხდა, ისინი მაინც ჯიუტად (ერთგულად) გაიძახიან: საბჭოთა ეპოქა ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა იყოო.
    როგორც ჩანს, უპირველესად სტალინის ეპოქას გულისხმობენ, - ეს იყო «ოქროს ხანა» საქართველოს ისტორიაში, შემდგომ პირდაპირ «რკინის ხანაში» გადავეშვით ხრუშჩოვის მოსვლით, რომელიც ქართველებს სამშობლოდან აყრითა და გასახლებით გვემუქრებოდა.
    ამხანაგ პანტელეიმონს (დარწმუნებული ვარ) ხრუშჩოვი არ უყვარს. არ უყვარს ისევ და ისევ სტალინის გამო. ამით იგი უეჭველად განსხვავდება რუსი კომუნისტების უმრავლესობისაგან. თუნდაც იგივე ზიუგანოვისა და ანპილოვისაგან, რომელთათვისაც სტალინ-ხრუშჩოვის დაპირისპირება ესოდენ აქტუალური არ არის.
    საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას, მას შემდეგ რაც საარჩევნო მარათონიდან გააპანღურეს, ისღა დარჩენია, «თავდაცვითი რაზმები» შექმნას, - როგორც უკვე განაცხადა კიდევ ამხანაგმა პანტელეიმონმა.
    ეს განცხადება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი შეიძლება გახდეს, ვინაიდან პროკურორმა შესაძლოა «ძალადობისაკენ მოწოდებად» მიიჩნიოს.
    პანტელეიმონ გიორგაძე კი ისევ და ისევ ხელისუფლებისაკენ აპირებს თავისი რისხვის მიმართვას და არა თავისი «მონათესავე პარტიებისაკენ», რომლებმაც ერთობ სერიოზული კონკურენტი მოიშორეს მემარცხენე ელექტორატისათვის ბრძოლაში.
    «ერთიანი კომუნისტები» ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკიდურესად მემარცხენე ფლანგს იკავებენ. მათზე უფრო «მარცხნივ» არავინაა, რაც აგრეთვე არანორმალურად შეიძლება ჩაითვალოს.
    რუსეთში ანპილოვიც კი არ ითვლება «მემარცხენედ», ვინაიდან არსებობენ მასზე უფრო «რეაქციული» ძალები. მაგალითად, ნინა ანდრეევას «ლენინური კომპარტიის» სახით.
    საქართველოში ჯერ «ჭეშმარიტ ლენინელთა» შორის კონკურენცია არ გაჩაღებულა; პანტელეიმონ გიორგაძის არასერიოზულობა კი თუნდაც იქიდან ჩანს, რომ იგი ხელისუფლებას კი ებრძვის, მაგრამ არანაირი პროგრამა არ გააჩნია.
    ასეთი თუ ისეთი «პროგრამა» იქნებოდა, ვთქვათ, აშკარად თუ იტყოდა: «საქართველოს პრობლემათა გადაწყვეტა სსრ კავშირის აღდგენით არისო შესაძლებელი», მაგრამ არც ამას ამბობს; ყოველ შემთხვევაში, პროგრამაში არ წერს, კომუნისტებისათვის უკიდურესად სიფრთხილეს და «დიპლომატიურობას» ამჟღავნებს.
    ამხანაგი პანტელეიმონის მთავარი უბედურება ის გახლავთ, რომ იგი ვერ ხვდება: საქართველოს კომპარტიამ თავსლაფი სამუდამოდ დაისხა არა მხოლოდ იმ წყობით, რომელსაც ემსახურებოდა, არამედ 1988-90 წლებში გატარებული უნიათო და უტვინო პოლიტიკითაც.

მერიდიანი, 2 ოქტომბერი, 1998 წელი