საქართველოს კავკასიური სტრატეგია

საქართველოს კავკასიური სტრატეგია

     2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაიპყრო და მთლიანად განადგურებული ვეგონეთ, ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ საქართველო არ მომკვდარა, ცოცხალია და საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, მოსკოვში საშინელ გაღიზიანებას იწვევს.
     ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც ჩრდილოკავკასიასთან დაკავშირებით ხდება, სადაც თბილისი საკუთარ გრძელვადიან ინტერესებს იცავს. თუმცა «ჩრდილოკავკასიური სტრატეგია» ახალი სულაც არ არის და არც მიხეილ სააკაშვილის მოგონილია: ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ცნობილ ლექციაში «საქართველოს სულიერი მისია» სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის ერთობაზე, აგრეთვე იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მოკავშირეობაზე ილაპარაკა. ამან მოსკოვი მაშინაც გააცოფა, მაგრამ არც იმ დროს აქცევდა ბევრი ყურადღებას, რომ ჯერ ერთი, ეს იყო პასუხი რუსულ-საბჭოთა აგრესიაზე სამხრეთ ოსეთში. Gგარდა ამისა, ზვიად გამსახურდია ამ გზით აფხაზეთის საკითხში ჩრდილო კავკასიელთა როლის (საქართველოს სასარგებლოდ) გაძლიერებას ცდილობდა.
        მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით იგივე მიზნები აქვს, თუმცა ოპოზიცია მაინც გააფთრებით აკრიტიკებს და «პროვოკაციულ-კონფრონტაციული» პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. ასევე აკრიტიკებდნენ იმდროინდელი ოპოზიციონერები ზვიად გამსახურდიასაც. თუმცა, ფაქტია, რომ აფხაზეთში ომი მას არ დაუწყია – ომი დაიწყო იმ ძალამ, რომელმაც კავკასიური ერთობა და ჩრდილოკავკასიაში პოლიტიკის გატარება «სისულელედ» მიიჩნია. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ შევარდნაძის ბეიკერთან და გენშერთან მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა აფხაზეთში პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, ვიდრე ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევის ან ჩერქეზთა ლიდერების კეთილგანწყობა.
        შედეგიც შესაბამისი მივიღეთ: სოხუმში ჩარჩენილი შევარდნაძე რომ შველას ითხოვდა მთელი მსოფლიოსაგან და გენშერმა ბერლინიდან წერილი გამოუგზავნა დაბადების დღის დაგვიანებული მილოცვით.
        სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის «კავკასიური პოლიტიკის» მაგინებელთა შორის გამსახურდიას მომხრეები არ არიან. მაგალითად, არ არის ზვიად ძიძიგური, რადგან ამ საქმის კრიტიკა ყველაფერ იმაზე ხაზის გადასმა იქნებოდა, რის გამოც წლობით ციხეში იჯდა.

სამეზობლო ბარიერი

        სინამდვილეში, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, «ჩრდილოკავკასიური სტრატეგია» იმ პოლიტიკის ნაწილია, რომლის გატარება საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდა, რომ დღევანდელი, - დონდლო, დაქუცმაცებული და პუტინის თვალებში «შემციცინე» დასავლეთი - ნამდვილად არ გამოდგება საქართველოს უსაფრთხოების გარანტად! ამიტომ, მორიგი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, მან მეზობლებთან ურთიერთობის გაღრმავება დაიწყო. პირველ რიგში აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან.
        საქართველოს ხელისუფლების ძალიან დიდი წარმატებაა, რომ მან მოახერხა დაბალანსებული ურთიერთობების აგება ამ სამკუთხედში. ანუ როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და თურქეთთან. თანაც ისე, რომ არც ერთი მათგანი ჩვენი ქვეყნისგან იმაზე მეტს არ ითხოვს, რაც ქართულ ინტერესებს გასცილდებოდა.
        აზერბაიჯან-საქართველო—თურქეთის და სომხეთ-საქართველო-რუსეთის დერეფანი ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური მოგების, არამედ უსაფრთხოების გარანტიაცაა. ისევე, როგორც ამ ქვეყნების ინვესტიციათა მოზიდვა. რაც უფრო მეტი სომხური, აზერბაიჯანული, თურქული ინვესტიცია იქნება საქართველოს ეკონომიკაში, რაც უფრო მეტი გაზსადენი, ნავთობსადენი ან სარკინიგზო თუ საავტომობილო ტვირთი გაივლის, რაც უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, მით უფრო გაიზრდება უსაფრთხოების დონე.
        რატომ არ დაბომბა რუსეთმა თბილისი აგვისტოში? იმიტომ, რომ დედაქალაქი სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებით., მათი ფირმებით თუ წარმომადგენლობითაა სავსე! გორში «ისკანდერის» აფეთქებას ჰოლანდიელი ტელეოპერატორი შეეწირა და ამისთვის რუსეთს (პირადად მედვედევს) დღემდე უწევს ბოდიშების ხდა ნიდერლანდებისთვის.
        ანუ, ზოგს რომ ჰგონია, ტურიზმის განვითარება საქართველოში მხოლოდ «პი-არ»-ი ან თუნდაც საბიუჯეტო შემოსავლებია, ამასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიაცაა!
        ზუსტად იგივე მიზნები აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს ჩრდილოეთ კავკასიაში: რუსეთი ყოველთვის აქტიურად იყენებდა ჩრდილოკავკასიელებს საქართველოს წინააღმდეგ. გავიხსენოთ თუნდაც აფხაზეთის ომი და შამილ ბასაევის ბატალიონი. ასევე, აგვისტოს აგრესიის დროს: რუსული არმიის «დამრტყმელ ძალას» წარმოადგენდნენ ძმები იამადაევების ბატალიონები. თუმცა მაშინაც, ჩეჩნებმა ქართველ ლტოლვილებს დერეფანი გაუხსნეს ლიახვის ხეობიდან. ამან კოკოითი გააცოფა, რუსლან იამადაევი მოსკოვში «ჩაუშვა» და რუსულმა სპეცსამსახურებმა იგი დუბაიში მოკლეს.

უსაფრთხოების გარანტია

        ბუნებრივია, პუტინისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ჩეჩნებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელების ხელით წამოიწყებს ახალ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.
        რატომ გამოაძევეს ჩრდილოკავკასიური საფეხბურთო გუნდებიდან ქართველები? არც დაუმალავთ მიზეზი: იმიტომ, რომ ისინი საქართველოს მიმართ სიმპატიას აჩენდნენ იქაურ მოსახლეობაში
        რატომ ეშინიათ ასე ძალიან «პირველი კავკასიური არხის» მაუწყებლობისა? სინამდვილეში მიზეზი ის კი არ არის, თითქოს გამოცდილი ბრიტანელი ჟურნალისტი, ბობ პარსონსი რაიმე საბაბს მისცემს მოსკოვს, იგი «ტერორიზმის მხარდაჭერაში» დაადანაშაულოს, არამედ ისევ და ისევ იმის შიში, რომ ეს ტელეარხი დაშლის «მტრის ხატს», რომელსაც ჩრდილოკავკასიელებს საქართველოს სახით უქმნიან. ანუ, სხვაგვარი თვალით დაანახებს ჩვენს ქვეყანას.
        იგივე უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით: როდესაც ჩრდილოკავკასიელები «ჰაჯ» - ის შესასრულებლად საუდის არაბეთში სწორედ საქართველოს გავლით მიემგზავრებიან, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების ისეთიევ გარანტიაა, როგორც ამერიკელი ტურისტები სვანეთში. ოღონდ უკვე ჩრდლოკავკასიის მხრიდან.
        ვინ გააუქმა პირველად ვიზები ეროვნული თუ რეგიონული ნიშნით? 2000 წელს, რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის გამონაკლისი დაუშვა. ესე იგი, მისთვის შეიძლებოდა, - ჩვენთვის არ შეიძლება?!
        ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რომ სწორი და ზუსტად გათვილი გადაწყვეტილება იყო, იქედანაც ჩანს, რომ რუსეთმა, საპასუხოდ, საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვა ვერ გაბედა. არადა, თითქოს რა უნდოდა ამის გაკეთებას? მაგრამ ამით, ერთის მხრივ, ჩრდილოკავკასიელთა უკმაყოფილებას გამოიწვევდა, მეორეს მხრივ კი, სომხეთს გადაუკეტავდა იმ გზას, რომლის გახსნისთვისაც მოსკოვი და ერევანი ერთად იბრძოდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში.
        ისიც გავიხსენოთ, რომ 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი მართლა დაეხმარა პუტინს ჩეჩნური სეპარატიზმის პრობლემის გადაწყვეტაში. მისი პოზიცია ამ საკითხში ბევრად უფრო მკაფიო იყო, ვიდრე შევარდნაძისა და სწორედ ამიტომ შეწყვიტა რუსეთმა ისტერიკა «პანკისის ხეობის» თაობაზე. თუმცა პუტინი ყოველთვის მოქმედებდა პრინციპით: «რაც ჩვენია, ჩვენია, ხოლო რაც თქვენია – ამაზე კიდევ ვილაპარაკოთ, ჯერ კიდევ გასარკვევიაო».
        ასეთ პარტნიორთან რომ საქმე გექნება, ყველანაირი გარანტია უნდა ეძებო. განსაკუთრებით ამაზრზენი კი იმ დასავლელი «მოთამაშეების» რეაქციაა, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ მაშინ, როცა რუსეთი თავის პასპორტებს არიგებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; სეპარატისტებს იარაღით ამარაგებდა; წითელუბანთან რაკეტას გვესროდა; სარკინიგზო ჯარები შემოჰყვადა; ცხინვალსა და სოხუმში თავის ჩინოსნებს თანამდებობებზე ნიშნავდა, დღეს კი, თურმე, «რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაა» ევროპული სტანდარტის სატელევიზიო არხის მაუწყებლობა ჩრდილო კავკასიაში.
        არადა, პუტინის მორიგ აგრესიას (კავკასიელთა ხელით) მხოლოდ ასეთი პოლიტიკა თუ შეაჩერებს, თორემ მერკელის და ბერლუსკონის ტიპის პოლიტიკოსები არც მაშინ გაიფუჭებენ «მეგობარ ვალოდიასთან» ურთიერთობას და, როგორც სააკაშვილმა უპასუხა ევროპელ კრიტიკოსებს, «თავის ჯარისკაცებს არ გამოაგზავნიან ჩეჩნების ან დაღესტნელების წინააღმდეგ საბრძოლველად».
        ანუ, მთლიანობაში, ეს არის არა რუსეთზე თავდასხმის, მის მიმართ პროვოკაციის, არამედ რუსეთისაგან თავდაცვის ერთადერთი სწორი და მიზანშეწონილი პოლიტიკა.

2011