საქართველოს ეკონომიკის მესამედი «ჩრდილოვანია»

საქართველოს ეკონომიკის მესამედი «ჩრდილოვანია»

        გუშინ მთავრობის სხდომამ «შეზღუდული შემადგენლობით» და ერთადერთი საკითხით დღის წესრიგში, დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანებულება «ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების საგანგებო პროგრამის შემუშავების შესახებ». სათანადო კომისიას თვით ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგება სათავეში.
        თუმცა, სავარაუდოა, რომ მას უშუალოდ სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაშია მთელი მთავრობა (თითქმის) - «ძალოვანი მინისტრების» ჩათვლით.
        კომისიამ 10 სექტემბრამდე უნდა შეიმუშაოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის საგანგებო პროგრამა: «...და კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელ ჯგუფთან ურთიერთკოორდინირებული მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით».
        გარდა ამისა, ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელ ჯგუფსაც ევალება, «გაითვალისწინოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის საგანგებო პროგრამა».
        როგორც ჩანს, ამ პროგრამის შემუშავება იმ პროცესის ნაწილია, რომელიც შევარდნაძემ წამოიწყო «საქართველოში კორუფციის გასანადგურებლად და მხურვალე შანთით ამოსაწველად». ბუნებრივია, «ჩრდილოვანი ეკონომიკა» და «კორუფცია» იმდენად ურთიერთდაკავშირებული ცნებებია, რომ თუ პრეზიდენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას რეალურად გადაწყვეტდა, მისი ინტერესის უპირველესი საგანი სწორედ ჩრდილოვანი ეკონომიკა უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ეკონომიკის ამ სეგმენტში შექმნილი პროდუქცია და გამოშვებული თანხა (ასეულობით მილიონი დოლარი) «აჭმევს» ასეულობით ჩინოვნიკს სახელისუფლებო პირამიდის უმაღლეს და უმდაბლეს ეშელონებში.
        მთავარი მოხსენება სხდომაზე ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა წარმოადგინა. ჩხარტიშვილის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ეკონომიკური საზღვრების დაუცველობა და სახელმწიფო სტრუქტურების ნაკლებქმედუნარიანობა.
        გარდა ამისა, სერიოზული ნეგატიური ფაქტორია ძველი მენტალიტეტი, როგორც «მმართველობით», ასევე «სამეწარმეო» გარემოში – პირველთათვის «ქრთამი» ცხოვრების წესია (ტრადიციულად), მეორეთა უმრავლესობას კი «წითელი დირექტორები» შეადგენენ, რომლებსაც, უმრავლეს შემთხვევაში, იმავე «ქრთამისა» და «ჩაწყობის» გარეშე ცხოვრება და მუშაობა ვერ წარმოუდგენიათ.
        ოღონდ, თუ ადრე «ფონდებსა» და «შემცირებულ გეგმებს» აწყობდნენ მოსკოვში, ახლა თბილისშივე ცდილობენ «ჩააწყონ» საბაჟო განაკვეთების მომატება კონკრეტულ საქონელზე.
        ჩხარტიშვილის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაეთმო, აგრეთვე, «საბანკო სისტემის» გარეთ სახსრების ბრუნვას. პრობლემების გადაწყვეტად ეკონომიკის მინისტრს ესახება საწარმოთა შორის ნაღდი ანგარისწორების აკრძალვა.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საეჭვოა ამ წინადადებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაეთანხმოს. გარდა ამისა, სხდომაზე განიხილებოდა მეტად ორიგინალური წინადადება: ხელფასი საბიუჯეტო დაწესებულებებში (პარლამენტიდან - სკოლებამდე) გაიცეს უნაღდო ანგარიშსწორებით და არა «ნაღდი ფულით».
        მაგრამ პლასტიკური ბარათების სისტემის შემოსაღებად საქართველო ჯერ მზად არ არის, ვინაიდან სამისოდ აუცილებელია (როგორც მინიმუმ) «ბანკომატების» ფართო ქსელი მთელს ქვეყანაში, რადგან «პლასტიკური ბარათებით» თბილისის «ბაზრობებზე» ვერ ივაჭრებ.
        თუმცა, «ჩრდილოვანი ეკონომიკის» აღმოსაფხვრელად საქართველოში აუცილებელი იქნება «ბაზრობების» სრული გაუქმებაც.
        ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ამას ახალი სამოქალაქო ომი მოჰყვება, მაგრამ სხვა გზა მაინც არ იქნება, ვინაიდან «ბაზრობებიდან» უშუალო «ხაზი» მოქმედებს «ჩრდილოვანი წარმოებისკენ», რომელსაც მხოლოდ იქ შეუძლია «მარცხენა» საქონლის რეალიზება.
        მთლიანობაში, ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის სეგმენტი საქართველოში 30 პროცენტს აღწევს.

დილის გაზეთი, 29 ივლისი, 2000 წ.