საქართველოს დსთ-დან გამოსვლა მხოლოდ დროის საკითხია

საქართველოს დსთ-დან გამოსვლა მხოლოდ დროის საკითხია


   

    რუსეთ-ბელორუსეთის კავშირმა პოსტსაბჭოურ სივრცეზე თვისებრივად ახალი ვითარება შექმნა და ე.წ. «ინტეგრაციული იდეების» რეანიმაცია მოახდინა.
    მოსკოველი პოლიტიკოსები (დემოკრატებიც და კომუნისტებიც) არასდროს ფარავდნენ, რომ მათი მიზანია ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა.
    თვით გორბაჩოვის «პერესტროიკაც» მიზნად ისახავდა ტოტალიტარული კომუნისტური იმპერიის მოდერნიზაციას და მის გარდაქმნას ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოდ. დემოკრატიული წესწყობილებით, კონსტიტუციით და არჩევითი ხელისუფლებით.  ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა ძირითადად იმის გამო, რომ «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» კონცეფციით გორბაჩოვმა დაარღვია საბჭოთა კავშირში შემავალ ხალხთა ეროვნულ «ელიტათა» შეთანხმება, ერთგვარი «ინტერესთა ბალანსი», რომელსაც ეფუძნებოდა სტალინისტური სახელმწიფო

    მოდერნიზაციის, «მიწების შემოკრების» მეორე მცდელობა განახორციელა ელცინის გუნდმა, ოღონდ სხვა ხერხებითა და მეთოდებით. ელცინი ცდილობდა, სეპარატისტულ ძალთა მხარდაჭერით დაერღვია ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკათა» ერთიანობა, შემდგომ კი ნაწილ-ნაწილ მიეერთებინა ისინი რუსეთთან ან «სეპარატისტული ბერკეტებით» აეძულებინა მეზობელი ქვეყნები, დათანხმებოდნენ მასთან «მჭიდრო ინტეგრაციას». არც ამ მცდელობიდან გამოვიდა რამე, - დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, «სამხრეთ ოსეთისა» და ყარაბაღის კონფლიქტები მხოლოდ «დაკონსერვებულია», მაგრამ ამ «ბერკეტმა» ვერ აიძულა მოლდოვა, საქართველო და აზერბაიჯანი - უარი ეთქვათ სუვერენიტეტზე. უფრო პირიქით, გააძლიერა იმ ძალთა პოზიციები, რომლებიც სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. ამრიგად, «ინტეგრაციული მცდელობა» კრახით დასრულდა, ოღონდ რუსეთი ამ იდეას ვერ ელევა და ვერც ოდესმე შეელევა. ეს რუსული ელიტისა და ისტებლიშმენტის «ზეიდეაა», რომლითაც იგი სულდგმულობს. რუსეთ-ბელორუსეთის ორსუბიექტიანი ფედერაციაც ინტეგრაცია-აღდგენის კიდევ ერთი მცდელობაა.
    რეალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არათუ ერთიანი სახელმწიფოს, არამედ თუნდაც მჭიდროდ ინტეგრირებული, არაამორფული გაერთიანების შექმნაც შეუძლებელი ხდება სავსებით ობიექტური მიზეზების გამო. ამ მიზეზთაგან უმთავრესი ეკონომიკური ხასიათისაა -  ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები». ამჟამად ეკონომიკური განვითარების თვისებრივად განსხვავებულ დონეზე იმყოფებიან. ისტორიას ჩაბარდა უნიფიცირებული საბჭოთა ეკონომიკა, რომლის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მაქსიმალურად «მიება» ერთმანეთზე რესპუბლიკები, გამოერიცხა მათი ყოველგვარი სუვერენობა, თუნდაც ეკონომიკურ საკითხებში, შინაარსობრივად კი უზბეკეთიც, მოლდოვაც და საქართველოც, ესტონეთიც და ბელორუსეთიც ერთი და იგივე კომუნისტური ეკონომიკური მოდელის სხვადასხვა მოდიფიკაციას წარმოადგენდნენ. რა თქმა უნდა, ჰქონდათ სპეციფიკურობანიც, - მაგალითად, სხვადასხვა რესპუბლიკაში სხვადასხვა ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იყო, ზოგან მრეწველობა უფრო მეტად აღმოჩნდა განვითარებული (არც თუ შემთხვევით), სხვები კი «სამრეწველო რესპუბლიკათა» სანედლეულო დანამატს წარმოადგენდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკონომიკური სისტემა, თვისებრივად მაინც ერთი და იგივე თარგზე აიგო ყველგან - ლენინ-სტალინის ეპოქიდან დაწყებული - ბრეჟნევამდე და გორბაჩოვის ერის დასაწყისამდე.
    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ სფეროში კარდინალური ცვლილებები მოხდა. ჯერ ერთი, შეწყდა ყოველგვარი კოოპერაცია. გაიდარსა და ჩუბაისს იმედი ჰქონდათ, რუსეთთან ეკონომიკური კოოპერაციის გარეშე ყველა სხვა რესპუბლიკა «მუხლებზე ფორთხვით» ჩავიდოდა მოსკოვში და შენდობას ითხოვდა, მაგრამ რეალურად ასე არ მოხდა. პირიქით, კოოპერაციის შეწყვეტამ აიძულა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები», დაეჩქარებინათ «ჩაკეტილი», «თვითკმარი» ეროვნული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, რაც თითქმის ყველამ წარმატებით შეასრულა. იმავდროულად, ეკონომიკის რეფორმირებისა და განვითარების პროცესი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიჩქარით განვითარდა. ბალტიის ქვეყნები თავიანთ ევროპულ ტრადიციასა და მძლავრ დიასპორას, აგრეთვე დასავლეთის გულუხვ დახმარებას დაეყრდნენ. შედეგად ლიტვა, ლატვია, ესტონეთი - დღეს უკვე განვითარებული, ლიბერალური ეკონომიკური საფუძვლის მქონე სახელმწიფოებია, რომელთა ეკონომიკა აბსოლუტურად შეუთავსებელია სხვა «მოკავშირე რესპუბლიკების», მით უმეტეს, მეზობელი რუსეთისა თუ ბელორუსეთის ეკონომიკებთან. ბალტიის ქვეყნები «საბჭოთა პერიოდშიც» გამოირჩეოდნენ გარკვეული სპეციფიკით, - «გოსპლანი» და «გოსსნაბი», პოლიტბიუროს მითითებით, ბევრ მომენტზე «თვალს ხუჭავდნენ», მაგრამ (ვიმეორებ) თვისებრივად ლიტვის ეკონომიკა, დიდად არ განსხვავდებოდა რუსეთის ეოკნომიკისაგან.

     დღეს კი სტრუქტურული, შინაარსობლივი თვალსაზრისით განსხვავება ისეთივეა, როგორც ცასა და დედამიწას შორის, - მით უმეტეს, ევგენი პრიმაკოვის რეაქციული, ნეოკომუნისტური მთავრობის ჩამომავლობების შემდეგ. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ თუ რუსეთს მართლა სურდა მიეღწია ინტეგრაციისათვის ახალ საფუძველზე, მას უნდა გაეტარებინა ყველაზე რადიკალური ლიბერალური რეფორმა და ამ გზით, საკუთარი ეკონომიკის საბაზრო ძლევამოსილებითა და მაგნეტიზმით მიეზიდა მეზობელი ქვეყნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ქვეყნების ელიტა ამის წინააღმდეგი იქნებოდა. მაგრამ ჩუბაის-გაიდარის გუნდმა ეს ვერ მოახერხა, უფრო ზუსტად, მათ კარგად, მძლავრად დაიწყეს 1992 წლის იანვარში, მაგრამ სოციალისტური მენტალიტეტის მქონე რუსულმა საზოგადოებამ მათი რეფორმები სულ მალე «ჩააფლავა», ვინაიდან მთავრობის წინაშე დააყენა აბსოლუტურად არარეალისტური ამოცანა: კაპიტალისტური ყაიდის წარმოება და სოციალისტური განაწილება. ამგვარი «კონვერგენციიდან», რასაკვირველია, არაფერი გამოვიდოდა და არც გამოვიდა.
    დღეს ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები» უკვე ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. მათი შეთავსება თვისებრივად შეუძლებელია, ამიტომ რაიმე სერიოზულ (არაბუტაფორიულ) ინტეგრაციაზე საუბარი გამორიცხულია. ევროპა თუ ერთიანდება - ერთიანდება მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპული ქვეყნების ეკონომიკა შეთავსებადია. ევროკავშირში მხოლოდ იმ ქვეყნებს მიიღებენ (მაგალითად, ესტონეთს) სადაც ნორმალური (ლიბერალური) ეკონომიკური ურთიერთობები საკმარის დონეზეა განვითარებული. პრიმაკოვის რუსეთისა და ლუკაშენკოს ბელორუსეთის ეკონომიკური სისტემებიც შეთავსებადია, მაგრამ სხვა საკითხია «საყოველთაო ინტეგრაცია» პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რაც უკვე კატეგორიულად გამორიცხულია. თვით საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკური სისტემებიც კი შეუთავსებადია, აღარაფერს ვამბობ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა თურქმენეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, მოლდოვა - ყველა ეს ქვეყანა ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეპოქაში იმყოფება, ამიტომ მათი ინტეგრაცია იგივეა, რაც ცეცხლისა და წყლის შეთავსება ერთ გარემოში. ისინი ერთმანეთს გაანადგურებენ.

    ამიტომ, ნებისმიერი საუბარი პოსტსაბჭოური სივრცის ინტეგრაციაზე, ანუ ინტეგრაციაზე ლიბერალური ეკონომიკის მქონე მოლდოვასა და უზბეკეთს შორის, ან თუნდაც საქართველოსა და რუსეთს შორის, - ფუქი წყლის ნაყვაა. ეკონომიკის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის ეკონომიკა 30-ჯერ დიდია საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ თვისებრივი, სტრუქტურული თვალსაზრისით დღეს ქართული ეკონომიკური სტრუქტურა უფრო პროგრესულია და უფრო დაახლოებულია ნორმალურ ეკონომიკასთან, ვიდრე რუსული.
    ეს, რაც შეეხება ეკონომიკას, რომლის განვითარების დონით ყოფილი «რესპუბლიკები» უკვე კარდინალურად დაშორდნენ ერთმანეთს. არანაკლებ დიდია სხვაობა პოლიტიკურ სისტემებშიც. ბალტიისპირეთზე საერთოდ აღარ გვაქვს საუბარი, მაგრამ რუსეთის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის ქვეყნების პოლიტიკური სისტემები აგრეთვე თვისებრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აქ «დემოკრატიაზეც» კი არ გვაქვს საუბარი, არამედ სახელისუფლებო ელიტაში დამკვიდრებულ «თამაშის წესებზე» - სახელისუფლებო და ძალაუფლებრივ სტრუქტურაზე, ხელისუფლების შტოთა ურთიერთქმედებაზე, სასამართლო სისტემის არსზე, ძალისმიერ სტრუქტურათა როლზე და ა.შ.         მაშასადამე, აქაც იგივე სურათია: პოლიტიკური სისტემები თვისებრივად შეუთავსებელია. თანაც, ამა თუ იმ ქვეყანაში ელიტამ უკვე დაამკვიდრა მისი მენტალიტეტებისა და ტრადიციების შესაფერი პოზიცია, ჩამოაყალიბა «თამაშის წესები», შექმნა ამ წესთა შესაბამისი სტრუქტურა. ყოველივე ამას  აღარ შეელევა, ინტეგრაცია კი (ამ თვალსაზრისით) შეუძლებელია გარკვეულ უნიფიკაციას არ გულისხმობდეს. იმავე ევროპაში, განურჩევლად წეს-წყობილების ფორმისა, მიუხედავად იმისა, საპარლამენტო რესპუბლიკაა ქვეყანა, საპრეზიდენტო თუ კონსტიტუციური მონარქია, - მაინც «თამაშის» იდენტური წესები მოქმედებს და პოლიტიკური სისტემები შეთავსებადია. სწორედ ამიტომ (მხოლოდ ამიტომ) ხერხდება მათი ინტეგრაცია.
    ამრიგად, «ინტეგრაციის» მატარებელმა პოსტსაბჭოურ სივრცეზე უკვე ჩაიარა. შესაძლებელია მხოლოდ მეტნაკლები დაახლოება (კონიუნქტურული მიზეზებით) ამ სივრცის სხვადასხვა წევრებს შორის ორმხრივ საფუძველზე, მაგრამ აბსოლუტურად შეუძლებელია ის, რაც იგულისხმება «პოსტსაბჭოური სივრცის» შეკრება-გაერთიანებაში. თვით რუსეთ-ბელორუსეთის კავშირიც კი სერიოზულ ეჭვს იწვევს პერსპექტივის თვალსაზრისით.

7 დღე, 15 იანვარი, 1999 წელი