საქართველოს დესტაბილიზაციის ახალი ტალღა ემუქრება

საქართველოს დესტაბილიზაციის ახალი ტალღა ემუქრება

 

    «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოქვეყნებულ ცნობილ პასკვილს, რომლის ავტორები (კონსტანტინე ზატულინი და ანდრანიკ მიგრანიანი) დსთ-ს ტერიტორიაზე არასტაბილურობის სარტყელთა შექმნისაკენ მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, ერთი უდავოდ დადებითი შედეგი ნამდვილად მოჰყვა: ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ყველაზე დიდი მონაპოვარია სტაბილურობა ანუ პოლიტიკური და სოციალური (აგრეთვე ერთაშორისი) თანხმობა ქვეყანაში.
    სწორედ ამ თანხმობის დარღვევას ისახავს მიზნად ანტიდემოკრატიული, რეაქციული კოალიცია რუსეთსა და ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებში». საქმეც ის არის, რომ აქ საქმე «კოალიციასთან» გვაქვს ანუ იმპერიულ-შოვინისტური ძალები მხოლოდ რუსეთში როდი მოქმედებენ - მათ საკმაოდ მძლავრი და გავლენიანი დასაყრდენი აქვთ ახლადშექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებშიც.
    ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, იმპერიული სადეპუტატო ჯგუფის, «სოიუზის» არაფორმალური ლიდერი, ანატოლი ლუკიანოვი მოუწოდებდა ნეოკომუნისტურ, ნეოიმპერიულ დაჯგუფებებს, ეძებათ მოკავშირეები იმ რესპუბლიკებში, რომელთაც დამოუკიდებლობის აღდგენა გადაწყვიტეს. სამწუხაროდ, ამგვარი «დასაყრდენი» ზემოხსენებულმა რეაქციონერებმა საქართველოშიც იპოვეს - სხვადასხვა შეფერილობისა და მიმართულების ძალთა სახით.
    ძნელი «გასათვლელი» არ არის, ვინ შეიძლება იკისროს «მეხუთე კოლონის» ფუნქცია «ზატულინ-მიგრანიანისა და კამპანიის» გეგმის განსახორციელებლად. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იმ ეგრეთ წოდებულმა «ორთოდოქსმა კომუნისტებმა», რომელთაც საერთოდ ვერ გაიგეს, რა მოხდა მსოფლიოში, საბჭოთა კავშირში და საქართველოში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და დღესაც მისტირიან «სტალინურ-ბრეჟნევული» ეპოქის «სიკეთეებს».
    მათი ბოლო ყრილობა უეჭველი დადასტურებაა იმისა, რომ «არასტაბილურობისა» და «მართვადი ქაოსის» მოსკოველ იდეოლოგებს საქართველოში მართლაც ჰყავთ ერთგული «გულშემატკივარი», რომლის გონებრივი სიჩლუნგე და აგრესიულობა შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი ტალღის აგორების მიზეზი გახდეს.
    სოციალურ პროტესტს (მით უმეტეს, რადიკალური ეკონომიკური რეფორმების პროცესში) ხშირად მხოლოდ «მნგრეველი წყურვილის» ხასიათი აქვს. მით უმეტეს, თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ ნეოკომუნისტთა რიგებში მრავლად არიან ყოფილი «პარტკომები», რომელთაც კომუნისტური რეჟიმის დაქცევამ მართლაც ბევრი რამ დააკარგვინა.
    საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრეებმა კიდევ ერთი «მოკავშირე» შეიძლება კრიმინალურ სამყაროში ჰპოვონ. მართალია «ფორმალიზებული» ბანდების განადგურებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ოდესღაც ყოვლისშემძლე «კანონიერი ქურდების» პოლიტიკური აქტივობა, მაგრამ გარკვეულ პირობებში ეს ანტისოციალური დაჯგუფება კვლავ შეიძლება აღზევდეს და ისევ მორწყას სისხლით ქვეყანა.
    რა თქმა უნდა, დესტაბილიზაციის მომხრეები შეეცდებიან გამოიყენონ რეალურად არსებული პრობლემები - მოსახლეობის მატერიალური სიდუხჭირე და ლტოლვილთა სასოწარკვეთა. ობიექტურად მათივე მოკავშირეები იქნებიან ყოფილი პრეზიდენტის მომხრენიც, აგრეთვე ის ბიუროკრატები (დღევანდელ ხელისუფლებაში), რომელთაც არანაირი რწმენა და მისწრაფება არ გააჩნიათ საკუთარი ჯიბის გასქელების გარდა.
    ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის მოქმედებამ (რაოდენ საზარლადაც არ უნდა ჟღერდეს) საქართველო კვლავ შეიძლება მიიყვანოს სამოქალაქო ომამდე, - თუ ქართული საზოგადოება დროულად არ შეკავშირდება და არ შეიმუშავებს «სტაბილურობის შენარჩუნების დოქტრინას».
    ამგვარი დოქტრინის შექმნა, როგორც ჩანს აუცილებელია, ვინაიდან უახლესი ისტორიის მწარე გაკვეთილმა «ანტიმადესტაბილიზებელი იმუნიტეტი» ვერ შეგვძინა და მაინც დაუტოვა საფუძველი ჩვენი ქვეყნის ავისმოსურნეთ.

მოქალაქე, 2 აპრილი, 1997 წ.