საქართველოს «დერჟიმორდობით» ვერ გატეხავენ

საქართველოს «დერჟიმორდობით» ვერ გატეხავენ

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი უჩვეულოდ მცირერიცხოვან დელეგაციასთან ერთად ბელორუსიის დედაქალაქ მინსკს ეწვია, სადაც დღეს გაიმართება «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» სახელმწიფოს მეთაურთა სამიტი, რომელშიც დსთ-ის ყველა პრეზიდენტი მონაწილეობს «ნეიტრალური» თურქმენბაში ნიაზოვის (თურქმენეთის პრეზიდენტს) გარდა.
        გუშინვე რუსეთის ტელეკომპანია რტრ-მა გამოაცხადა, რომ შევარდნაძე მინსკში არ ჩავიდა იმის გამო, რომ თითქოს რუსეთმა მხოლოდ საქართველოსთან არ გააფორმა ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლის შესახებ.
        მაგრამ, სინამდვილეში, ედუარდ შევარდნაძის თვითმფრინავი დაგეგმილზე საათნახევრით გვიან აფრინდა თბილისის აეროდრომიდან, რადგან მინსკში ნისლი იყო და ბელორუსიის დედაქალაქის აეროდრომი დროებით დაიკეტა.
        თუმცა, «რტრ»-ის შეცდომა ძალზე ნიშანდობლივია, რაკი გუშინვე «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» პრემიერ-მინისტრებმა ერთდროულად მოაწერეს ხელიო რუსეთთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას.
        ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსკოვი ბიშკეკის ხელშეკრულებიდან გამოვიდა მხოლოდ იმ მიზნით, რათა საქართველოს დასასჯელად და ჩვენს ქვეყანაში სამხედრო «ყოფნის» შესანარჩუნებლად სავიზო ბერკეტი აემოქმედებინა.
        რუსეთი და ბელორუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და 30 ნოემბერს პუტინმა და ლუკაშენკომ გააფორმეს ხელშეკრულება ერთიანი ვალუტის შემოღების შესახებ. ბელორუსეთი შევიდა «სამანეთო ზონაში». ეს ხელშეკრულება რეალურად 2005 წელს ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც მინსკი მოსკოვისგან სასტაბილიზაციო კრედიტს მიიღებს, ხოლო 2008 წლიდან შემოიღებენ საერთო ვალუტას. მისი სახელწოდება, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა შეიძლება «მედვედი» ეწოდოს.
        ამ ნაბიჯებიდან უკვე ნათელია, რა ალგორითმს სთავაზობს რუსეთი საქართველოს: საბოლოოდ, ალბათ, ულტიმატუმის სახით წამოგვიყენებენ ჯერ საბაჟო კავშირში, შემდეგ კი, რუსეთ-ბელორუსეთის კავშირში და სამანეთო ზონაში შესვლის წინადადებას. რასაც საქართველო (ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიული საქართველო) არასდროს დაეთანხმება.
        სრული დემაგოგიაა იმის მტკიცება, რომ თითქოს რუსეთმა დსთ-ის სხვა ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი იმიტომ არ შემოიღო, რომ ამ ქვეყნების ხელისუფალნი უფრო «ბრძნულ» და დიპლომატიურად რაფინირებულ პოლიტიკას ატარებდნენ რუსეთის მიმართ. უბრალოდ, ყველა ამ ქვეყანას ჰქონდა საშუალება, მიეღო საპასუხო ზომები. საქართველო კი, ყველაზე უმწეო აღმოჩნდა. მაგალითად, თბილისში ყოფნისას რუსეთის ეროვუნლი უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი ივანოვი აცხადებდა, რომ რუსეთს ყველაზე მეტად ყაზახეთთან და უკრაინასთან ჭირდებოდა სავიზო რეჟიმის შემოღება, ვინაიდან ამ ქვეყნებში ყოველწლიურად რუსეთიდან მილიარდობით დოლარი გაედინება, მაგრამ თუ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა, ეს ქვეყნებიც შემოიღებდნენ სავიზო რეჟიმს და შედეგად, დაზარალდებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში და ჩრდილოეთ ყაზახეთში მცხოვრები რუსული მოსახლეობა, საქართველოს კი არ აქვს საშუალება რეალურად გააკონტროლოს საზღვრის ცხინვალისა და აფხაზეთის მონაკვეთები.
        ამდენად, რუსეთმა მოახერხა ისეთნაირად განეხორციელებინა სავიზო რეჟიმი, რომ აფხაზი და ოსი სეპარატისტები არ დაზარალებულიყვნენ.
        უკანასკნელი ცნობებით, ფსოუსა და როკას საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე რუსი მესაზღვრეები მაინც აამოქმედებენ ეგრეთ წოდებულ შეღავათიან სავიზო რეჟიმს. რუსმა სასაზღვრო განაყოფებმა უკვე მიიღეს მოსკოვიდან შესაბამისი ცირკულარი, ანუ თუ საქართველოს «ჩვეულებრივი» მოქალაქე ვალდებული იქნება თბილისში მოსკოვის საელჩოში აიღოს ვიზა, აფხაზები და ოსები, გრძელვადიანი ვიზის იაფად მიღებას საზღვარზევე მოახერხებენ.
        მინსკში ჩაფრენისთანავე ედუარდ შევარდნაძე ვლადიმირ პუტინის რეზიდენცია «ზასლავლ-1»-ში გაემგზავრა. ისე, რომ საკუთარ რეზიდენციაში არც შეუვლია, რადგან როგორც მოგახსენეთ, უამინდობის გამო გვიან ჩაფრინდა ბელორუსეთის დედაქალაქში, თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, პრეზიდენტმა პუტინმა რამდენიმე შეხვედრა გადადო, რათა აუცილებლად შეხვედროდა ქართველ ლიდერს.
        სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ეს შეხვედრა უშედეგო იყო. უფრო ზუსტად, ედუარდ შევარდნაძე აბსოლუტურად სწორად მოიქცა და თავი არ დაუმცირებია უაზრო თხოვნით სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, რაკი ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია.
        საერთოდ, ედუარდ შევარდნაძეს თავი ღირსეულად ეჭირა და გააქტიურებულმა რუსმა ჟურნალისტებმა, რომლებიც მასობრივად მიაწყდნენ «ზასლავლის» რეზიდენციას, საკბილო ვერაფერი ნახეს.
        შევარდნაძის თქმით, «სავიზო რეჟიმით საქართველო არ დაიღუპება - «პერეჟივიომ».
        პუტინმა და შევარდნაძემ გადაწყვიტეს, დიპლომატიური ეთიკა დაეცვათ და იქვე განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი «ჩარჩო ხელშეკრულება» მომზადდება. დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დენონსირებულად აცხადებს ჩვენს მიერ 1995 წელს ცალმხრივად რატიფიციერბულ «დიდ ხელშეკრულებას» რუსეთთან, ხოლო ამგვარი იმპერიული, შოვინისტური და «დერჟიმორდული» ზემოქმედებით, რუსეთი საბოლოოდ მაინც ვერაფერს მოიგებს.
        ყოველ შემთხვევაში, გუშინდელი რთული შეხვედრების დროს საქართველოს პრეზიდენტი «გატეხილად» არ გამოიყურებოდა.

დილის გაზეთი, 1 დეკემბერი, 2000 წელი