საქართველოს დაუძინებელი მეგობარი

საქართველოს დაუძინებელი მეგობარი

    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს «ესენგე»-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს «დაუძინებელი მეგობარი» გიორგი ტიხონოვი ბოლო დროს აფხაზეთის ხშირი სტუმარია. უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ მან სოჭში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვინაიდან აფხაზეთი (საქართველოსგან განსხვავებით) საბჭოთა კავშირიდან არ გასულა, ხოლო რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა, აფხაზეთი ბუნებრივად რუსეთის შემადგენლობაში იმყოფება.
    «რკინის ლოგიკაა» (როგორც რუსეთში იტყვიან)! აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს დასკვნა: საქართველოს პრეტენზიები აფხაზეთის მიმართ უსაფუძვლოა. გიორგი ტიხონოვი გაკვირვებას ვერ მალავს: სად გაგონილა, დამარცხებული - გამარჯვებულს ავტონომიას სთავაზობდეს? მისი აზრით, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს საკუთარი კონსტიტუცია და აფხაზეთთან კონფედერაციული ხელშეკრულება გააფორმოს.
    ტიხონოვი რუსეთის «გოსდუმის» კომუნისტური ფრაქციის წევრია. ამავე ფრაქციის წევრია სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში... ყველაფერს აკეთებდა კავშირის დასაშლელად. სწორედ მისი «შემოგდებულია» მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების იდეა, რასაც საქართველოს ოთხ ნაწილად გახლეჩა უნდა მოჰყოლოდა. ამრიგად, საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა ქვეყნის გადარჩენის ერთგვარი მცდელობა იყო, მაგრამ ტიხონოვს არაფრის გაგონება არ სურს: «როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გავიდა, ეს არავის გაჰკვირვებია, ხოლო როდესაც აფხაზეთმა მოინდომა საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა, საქართველომ მას ომი გამოუცხადა». ტიხონოვს, როგორც ჩანს, განზრახული აქვს, კიდევ უფრო გააძლიეროს ანტიქართული ლობი რუსულ «პარლამენტში». ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ გააერთიანა ფაქტობრივად ყველა ფრაქცია _ დემოკრატიულიდან - კომუნისტურამდე. ეს რუსული მენტალიტეტის პრობლემაა. ისინი ხომ ადვილად ეგუებიან (მაგალითად) ბალტიისპირელთა დამოუკიდებლობას, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ შეურიგდებიან.
    რაც შეეხება «საბჭოთა კავშირის აღდგენას», ეს უფრო «პაროლია», ვიდრე რეალური სურვილი. ის «ერთიანი ქვეყნის შექმნას» გულისხმობს, ხოლო როგორი შინაარსისა იქნება ერთიანი ქვეყანა, მეორეხარისხოვანი საკითხია. ისიც შესაძლებელია, ახალი მოდელი არც სოციალისტური, კომუნისტური ან ტოტალიტარული იყოს.
    თუმცა, ჩვენთვის ამით ბევრი არაფერი იცვლება. გიორგი ტიხონოვი რუსეთის მთავრობისაგან ფსოუზე საზღვრის გახსნას და «აფხაზეთის ბლოკადის» შეწყვეტას ითხოვს, მაგრამ ელცინის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სწორედ აქ მჟღავნდება მისი იმპერიალისტური ბუნება: თუ მოსკოვმა ფსოუზე საზღვარი ქართულ-აფხაზური პროტოკოლის ხელმოწერამდე გახსნა, მაშინ რუსეთი აფხაზეთზე ზემოქმედების ყოველგვარ ბერკეტს დაკარგავს. ამ შემთხვევაში საქართველოს რუსეთის მეშვეობით ამ პრობლემის მოგვარების იმედი გადაეწურება, რაც რუსეთისთვის არცთუ მომგებიან რეალობას შექმნის კავკასიაში.
    ტიხონოვს, ყოველივე ეს, რასაკვირველია, კარგად ესმის, მაგრამ თვალთმაქცურად არძინბას «ეთამაშება», რათა საქართველოს ხელისუფლება გააღიზიანოს. ამავე დროს, ტიხონოვი აფხაზეთში გაძლიერებული «პროთურქული» განწყობის შესუსტებასაც ცდილობს და იმ წრის გაძლიერებას უწყობს ხელს, რომელიც ყოველთვის კრემლის სამსახურშია. საკუთრივ ტიხონოვი უმნიშვნელო ფიგურაა, მაგრამ მის მიღმა «მომავლის» იმპერიული პარტია დგას.

მერიდიანი, 24 სექტემბერი, 1997 წ.