საქართველოს ბლოკადას «მოძმე» სომხეთიც შეუერთდა?!

საქართველოს ბლოკადას «მოძმე» სომხეთიც შეუერთდა?!

        «დილის გაზეთის» ავტორებმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იწინასწარმეტყველეს, რომ მხოლოდ სავიზო რეჟიმის შემოღებით რუსეთი არ შემოიფარგლებოდა, რაკი გადაწყვიტა, აიძულოს საქართველო, დეკემბრის ბოლომდე მოაწეროს ხელი შეთანხმებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 25 წლით რუსეთის სამხდერო ბაზების დაკანონების შესახებ.
        რუსულ «დემოშოვინისტურ» და «კომუნოშოვინისტურ» პრესაში ამ დღეებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ასეთ თეზისს: «საჭიროა ბოლომდე მივაწვეთ საქართველოს (დოჟატ გრუზიუ), რათა ვაიძულოთ იგი, დათმობაზე წავიდეს რუსეთისადმი სტრატრეგიულ საკითხებში».
        სავიზო რეჟიმი მხოლოდ დასაწყისი იყო. მიუხედავად პუტინის დაპირებისა, რომ სავიზო რეჟიმი არ გადაიზრდებოდა საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადაში და არ გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის «ენერგოგენოციდს», შევარდნაძე მინსკიდან ჯერ დაბრუნებული არ იყო, რომ პუტინმა, რა თქმა უნდა, სიტყვა გატეხა და მისი უშუალო მითითებით, საქართველოს შეუწყდა როგორც ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი აირის მოწოდება; მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში თანხა წინასწარ იყო გადახდილი.
        არც ეს გვაკმარეს. ორშაბათს დილით ძალიან საეჭვო ავარია მოხდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის («ალავერდი») სომხეთის მონაკვეთზე, ანუ ელექტროენერგიის მოწოდება სომხეთიდანაც შეგვიწყდა.
        სომხები დედ-მამის სულს იფიცებაენ, რომ აქ არავითარი პოლიტიკარ არ არის და ხაზზე ნამდვილად ავარია მოხდა. თუმცა, «ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს» - ერევანმა უარი განაცხადა მიეღო ქართველი ენერგეტიკოსები, რომლებიც მზად იყვნენ, ყველანაირი დახმარება აღმოეჩინათ სომეხი კოლეგებისთვის «ალავერდის» აღდგენაში. მაშასადამე, რუსეთთან გეოპოლიტიკურ ინტერესთა თანვხედრის საფუძველზე, ჩვენმა მრავალათასწლოვანმა მეზობელმა, საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ჟამს, ზურგში დანა ჩაგვცა.
        უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ელექტროენერგიის მოწოდების შეწყვეტა ენგურჰესიდანაც, რომლის სამართავ პულტს გალის რაიონში მთლიანად აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ. ამის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია სოხუმში აფხაზურ-სომხური მოლაპარაკებების დროს. ყოველივეს კი, რა თქმა უნდა, კრემლი მართავს, რომელსაც სურს ისარგებლოს ვითარებით და სანამ ამერიკას არ სცალია, «ბოლომდე მიაწვეს» საქართველოს.
        სულ ტყუილად ირჯება ხელისუფლება და ტყუილად მართავს მოლაპარაკებებს მოსკოვთან. რუსეთის დედაქალაქში ჩასულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციას პრემიერ-მინისტრი კასიანოვი ცალყბა დაპირებებით გამოისტუმრებს, რათა ქართული მხარე ბოლომდე გაურკვეველ ვითარებაში იყოს. თუმცა, არც ერთი ეს დაპირება არ შესრულდება:. ჩუბაისი ელექტროენერგიას ხან ჩაგვირთავს, ხან გამოგვირთავს, რათა შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აქვს, რათა საქართველომ ხმამაღლა არ განაცხადოს ენერგეტიკული ბლოკადის თაობაზე.
        სხვათა შორის, ამ ფაქტის დაფიქსირება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს ხელს არ აძლევს, ვინაიდან ყველა ფორუმზე რუსეთის დელეგაცია ყოველთვის წინააღმდეგია ტოტალიტარული რეჟიმების მიმართ (ჰუსეინი, მილოშევიჩი, კასტრო) ეკონომიკური სანქციების განხორციელებისა. მაშინაც კი, როდესაც ისინი დანაშაულს სჩადიან ადამიანურობის წინააღმდეგ. რუსი დიპლომატები ამ დროსი იმ არგუმენტს იმარჯვებენ, რომ ეკონომიკური ბლოკადის შედეგად ზარალდება უდანაშაულო, უმწეო მოსახლეობა. თვით რუსეთი კი, აშკარად იმპერიალისტური და შოვინისტური ქვენაგრძნობით, ახორციელებს საქართველოს ბლოკადას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მისი ბაზების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანა მოითხოვა.
        რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოწოდებას, ჯერჯერობით, რუსეთის საბაჟომ მხოლოდ ამერიკული «აი-ეს-თელასისათვის» განკუთვნილი გაზის მოწოდება შეგვიწყვიტა. თუმცა, უახლოეს მომავალში ალბათ, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება მოსახლეობასაც.
        საქართველოს დარჩება ერთადერთი გამოსავალი: გადაუკეტოს ბუნებრივი აირის წყარო სომხეთს, რაკი ჩვენი «ძმები» ასე ვაჟკაცურად და კეთილშობილურად მოგვექცნენ.
        თუმცა, საპასუხოდ სომხეთიც აამოქმედებს ზემოქმედების თავის ბერკეტებს, ანუ შეეცდება ჯავახეთში დესტაბილიზაციის პროვოცირებას. მაშასადამე, დაახლოებით 10-12 დეკემბრისათვის, თუ საქართველომ ბაზების საკითხში კაპიტულაციას ხელი არ მოეწერა, ჩვენს ქვეყანაში თითქმის ასეთი მდგომარეობა შეიქმნება: თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები (საწარმოებზე რომ არაფერი ვთქვათ) საერთოდ ვეღარ მიიღებენ ენერგიას, ხოლო მცირე ჰიდროელექტროსადგურებით (ენგურჰესის გარდა) მხოლოდ დედაქალაქის სასიცოცხლო ობიექტების ენერგომომარაგება თუ მოხერდება.
        იგულისხმება არა საავადმყოფოები (ეს უკვე ფუფუნებაა), არამედ წყლის მიწოდება მოსახლეობისათვის და ესეც, ნაწილობრივ. სახლებში კი ელექტროენერგია დღეში ალბათ, მაქსიმუმ 1-2 საათის განმავლობაში თუ გვექნება.
        ამ რეალობის განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, ვინაიდან დღეს დილით ამოიწურა მილებში ინერციით არსებული ბუნებრივი აირის მარაგი. ბუნებრივი აირის ბინებში მიწოდებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ანუ უშუქობას სიცივე დაემატება. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია «თბილსრესის» მცირე სიმძლავრის ბლოკების (მე-3, მე-4, მე-8) ამოქმედება, ვინაიდან მათ, განსხვავებით «სქოულის ბლოკებისგან», მაზუთით მუშაობა შეუძლიათ. მაგრამ მაზუთის შესასყიდი ფული ამერიკელმა ინვესტორმა რომც გაიღოს, ქვეყანაში საწვავის შემოტანას 20 დღე მაინც დასჭირდება, პატარა ბლოკების გამართვასა და ამუშავებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
        მაშასადამე, რუსეთი ენერგეტიკული მარწუხით ცდილობს საქართველოს მოხრჩობას.
        კრემლი ჩქარობს, ვინაიდან პოლიტიკური კრიზისი ამერიკაში მუდმივი არ იქნება. ისევე, როგორც ცივი ზამთარი. გაზაფხულზე (თუ მანამდე გადავრჩით) მთელი ძალით ამუშავდებიან ჰიდროელექტროსადგურები და მოსახლეობა შედარებით შვებით ამოისუნთქებს, მაგრამ გაზაფხულამდე კიდევ მთელი ზამთარია.
        ალბათ, ჯობდა, ყველანი უფრო ადრე მივმხვდარიყავით, რომ არ შეიძლება ურიგდებოდე მახრჩობელა გველზე დამოკიდებულებას და ადრევე უნდა გვეზრუნა ალტერნატიულ წყაროებზე. ზოგიერთი რამ ამ მიმართულებით გაკეთდა, მაგრამ აზერბაიჯანის გაზი 2002 წლამდე, ალბათ, ვერ მოგვეშველება.
        თუ ენერგეტიკული მარწუხი არ გაჭრის, რაიმე პროვოკაციის მოწყობამდე და უშუალო აგრესიამდე რუსეთს კიდევ ერთი ბერკეტი აქვს: რატომღაც ყურადღება არავინ მიაქცია საინფორმაციო დივერსიას, რომელიც რამდენიმე დღის წინათ განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ.
        კერძოდ, ერთდროულად რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის სანაპიროსთან დაკავებული ქართული მცირე ხომალდით «ლევან ბაკურიძე» ქართველებს რეგულარულად გადაჰყავდათ «ბოევიკები» ჩეჩნეთში, საქართველოს პორტების გავლით.
        ეს საინფორმაციო დივერსია უეჭველად იმას მოასწავებს, რომ რუსეთი ქმნის შესაბამის პროპაგანდისტულ ფონს, საქართველოს საზღვაო სანაპიროს პირდაპირი სამხედრო ბლოკადის განსახროციელებლად (!!!) იმ შემთხვევაში, თუ ენერგომარწუხი არ გაჭრის.
        როგორც ჩანს, პუტინის რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია, ვინაიდან საქართველოზე უშუალო კონტროლის დაკარგვა (ჯარების გაყვანა) მისთვის გეოპოლიტიკური კრახია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სამხედრო ყოფნის შესანარჩუნებლად სულაც არ სურს, აფხაზ სეპარატისტებს აწყენინოს. ამჯობინებს, ჩვენ «მოგვაწვეს ბოლომდე». ასე რომ, ძალიან მძიმე, შეიძლება ითქვას, საბედისწერო, ზამთარი გველის.

დილის გაზეთი, 5 დეკემბერი, 2000 წელი