საქართველოს ატლანტიკური სტრატეგია დამტკიცებულია

საქართველოს ატლანტიკური სტრატეგია დამტკიცებულია

        პარასკევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ძირითადად განიხილეს ნატოს პროგრამებთან ქვეყნის თავდაცვის სისტემისადაპტირების საკითხი. ეს არის ნატოს გენერალური მდივნის, ჯორჯ რობერტსონის ვიზიტის პირველი კონკრეტული და ხელშესახები შედეგი. როგორც ცნობილია, ლორდმა რობერტსონმა თბილისში ყოფნისას პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დააკმაყოფილებს იგი ნატოს სტანდარტებს. მათ შორის, რასაკვირველია, იგულისხმება ნატოს სამხედრო სტანდარტები.

        მართლაც, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია. თუმცა, არსებობს სხვა პარამეტრები, რომელთაც სუბიექტური შეიძლება ვუწოდოთ (პირობითად), ვინაიდან მათი შესრულება იმდენად საქართველოზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც გარემო გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებზე.
        მეორე მხრივ, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები და რა დისპოზიციაც უნდა შეიქმნას ნატო-რუსეთის დისკურსში, მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით დასავლეთი საქართველოს თხოვნათა იგნორირებას ვერ შეძლებს. მთავარია, მას არ დავუტოვოთ «სათქმელი» და არ მივცეთ საბაბი ამტკიცოს, რომ საქართველომ თავად არ გააკეთა არაფერი, რათა სტანდარტებს მიახლოებოდა.
        თუ, მაგალითად, საქართველო ამ სტანდარტების შესაბამისი იქნება, ხოლო ნატოს სახელმწიფოები პრაგმატული მოსაზრებებით (რუსეთის განაწყენების შიშით ან მასთან გარიგებით)9 ჩვენს მოთხოვნათა იგნორირებას განაგრძობენ, ეს შეარყევს მის ავტორიტეტს და მდგრადობას თვით ორგანიზაციის შიგნით, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ავტორიტეტზე. ასეთ შემთხვევაში, ნატო ვეღარ შეძლებს იმავე ფასეულობებზე აპელირებას, როცა ამა თუ იმ პრაგმატული მოსაზრებით, მართლაც, დასჭირდება მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე პროცესთა ძალისმიერი მართვა.
        ესე იგი, რეალური მიახლოება ნატოს სტანდარტებთანგ ძალიან სერიოზული არგუმენტი და განაცხადი იქნება უახლოეს მომავალში საქართველოს საკითხის ევროატლანტიკურ «ეჯენდაში» ჩასასმელად. ბუნებრივია, არსებობს აფხაზეთის პრობლემა, რომლის გადასაწყვეტად მხოლდ საქართველოს ძალისხმევა არ კმარა, მაგრამ სრული სოფისტიკა იქნებოდა იმაზე მსჯელობა, რა უფრო მნიშვნელოვანია (ან რომელია საწყისი): ჯერ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა – ნატოში შესასვლელი პირობების დასაკმაყოფილებლად თუ პირიქით, ნატოში შესვლა აფხაზეთის დასაბრუნებლად.
        სინამდვილეში, ეს ერთი მედლის ორი მხარეა, ანუ, ფაქტობრივად, პარალელური პროცესია. პირველი ნაბიჯი «ინდივიდუალური პარტნიორობის» გეგმის განსახორციელებლად გახდება არმიის მოდერნიზაცია იმ გეგმის შესაბამისად, რაც ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა. თავისთავად, ამ გეგმის არსებობა უკვე სერიოზული განაცხადია – არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე პრაღის სამიტზე გაკეთებული განცხადება ჩრდილო-ატლანტიკურ კავშირში შესვლის სურვილით.
        თვით «ინდივიშდუალური პარტნიორობის გეგმა» არის შემდეგი საფეხური «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამისა, რომელიც შედარებით დაბალ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს აწესებს.
        მაგრამ «ინდივიდუალური თანაშმრომლობის პროგრამა» უკვე სულ სხვა მოთხოვნებს მოიცავს. ფაქტობრივად, გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ საქართველომ იკისრა პასუხისმგებლობა და ვალდებულება, არაუგვიანეს უახლოესი სამი წლისა, შეიარაღებული ძალები გადაიყვანოს მთლიანად ნატოს შენაერთთა სტანდარტებზე. ოღონდ არა შეიარაღებით და ტექნიკით (რასაც ათეულობით მილიარდი დოლარი ესაჭიროება)9 არამედ სტრუქტურითა და მართვის სისტემით. არც ეს არ არის ნაკლებღირებული პროექტი, თუმცა, ამ შემთხვევაში, რეფორმისტულიო ნაბიჯები და შესაბამისი კანონმდებლობა თავისთავად წინგადადგმულ ნაბიჯებად აღიქმება ისევე, როგორც არმიის რიცხოვნების შემცირება 10000 ჯარისკაცამდე, ინსტიტუციური რეფორმა და შეიარაღებულ ძალთა სხვადასხვა კომპონენტის გაერთიანება, საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანა და ასე შემდეგ. შესაბამისი ნების გამოვლენა და მთელი საზოგადოების მხარდაჭერა უეჭველად შესაძლებელს გახდის ამ ტრანსფორმაციის განხორციელებას უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ესტონეთმა და ლატვიამ ეს სწორედ ამ ვადაში მოახერხეს და ნატოს არანაირი არგუმენტი არ დაუტოვეს უარის სათქმელად.

დილის გაზეთი, 17 მაისი, 2003 წელი