საქართველო - „ღრმა პროვინცია“

საქართველო - „ღრმა პროვინცია“

    ერთმა ევროპელმა ჟურნალისტმა საქართველოს „ღრმა პროვინცია“ უწოდა. თუმცა კი არ დაუზუსტებია, ევროპის პროვინცია ვართ თუ იმავე რუსეთის ან თუნდაც თურქეთისა. პროვინციალიზმის პირველი ნიშანი გლობალური მოვლენებისადმი გულგრილობაა - ცხოვრობ შენთვის სადღაც მიყრუებულში, არჩევ სამეზობლო ჭორებს და არც გაინტერესებს რა ხდება „გოროდში“.
    აგერ, სულ რამდენიმე დღის წინ ერთდროულად ორი კოსმიური მაშტაბის მოვლენა მოხდა: რუსულ ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე 300 კილოტონის სიმძლავრის მეტეორიტი აფეთქდა, ათასობით ადამიანი დაშავდა, მთელი ქალაქი კი შუშების გარეშე დარჩა. იმის აღსაქმელად, თუ რა მოხდებოდა, ეს მეტეორიტი ატმოსფეროში რომ არ აფეთქებულიყო და ქალაქში ჩამოვარდნილიყო, მარტივი შედარებაც კმარა: იაპონური ჰიროსიმა სულ 15 კილოტონის სიმძლავრის აფეთქებამ დაანგრია. 80 ათასი ადამიანი მყისიერად დაიღუპა. უფრო ზუსტად, გაქრა და აორთქლდა.
    ჩელიაბინსკის მსგავსი კაზუსი კაცობრიობის ისტორიაში არასდროს (!) მოხდარა. თუ ტუნგუსის მეტეორიტს არ ჩავთვლი, რომელიც გასული საუკუნის დამდეგს სადღაც რუსეთის შორეულ აღმოსაველთში აფეთქდა, მაგრამ იქ არავინ დაშავებულა.
    კიდევ უფრო შემაძრწუნებელი (უნდა ყოფილიყო), რომ ძალიან უცნაური დამთხვევით, სწორედ იმ დღეებში, როცა მთელი მსოფლიო „ჩელიაბინსკის კაზუსზე“ მსჯელობდა, ჩვენს პლანეტას ვეება ასტეროიდმა ჩაუშხუილა წამში ათეულობით კილომეტრის სისწრაფით. 2012DA14-ს ენერგია უკვე არა ასეულობით, არამედ ათასობით კილოტონა იყო, სიგრძე დაახლოებით 45 მეტრი. დედამიწას მან სულ რაღაც 27 ათას კილომეტრში ჩაუარა. შედარებისათვის: სატელევიზიო თანამგზავრები, რომელთა მეშვეობითაც, მაგალითად ამერიკულ CNN-ს ვუყურებთ, პლანეტისგან 40 ათასი კილომეტრითაა დაშორებული. ანუ, 15 სართულიანი სახლისოდენა ქვამ დედამიწასა და თანამგზავრებს შორის ჩაიქროლა. ხოლო იმის გასაგებად, თუ რა მნიშვნელოვან და სახიფათო მოვლენასთან გვქონდა საქმე, საკმარისია ითქვას, რომ 2012DA14 მხოლოდ 50 წლის შემდეგ დაბრუნდება, მაგრამ დედამიწას უკვე 2 მილიონ კილომეტრში ჩაუქროლებს. სად 27 ათასი და სად 2 მილიონი?აქედანაც ხომ ჩანს, რა ბეწვზე ვართ გადარჩენილი. ეს მეტეორიტი კავკასიაში რომ ჩამოვარდნილიყო (ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენი „ყისმათიანობის“ გათვალიწინებით ზუსტად საბურთალოზე აფეთქდებოდა) მთელს რეგიონს გაანადგურებდა კასპიიდან - შავ ზღვამდე.
    საოცრება კი (ვიმეორებ) ისაა, რომ ამგვარი კოსმიური კატაკლიზმი ასტრონომიული დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში არ მოხდარა: არასდროს ამ ზომის ასტეროიდს ასე ახლოს არ ჩაუქროლია. თუ, რასაკვირველია იმ კომეტას არ ჩავთვლით, რომელიც 60 მილიონი წლის წინ მექსიკის ყურეში ჩამოვარდა (უფრო ზუტად, ის ყურე სწორედ მან შექმნა) და დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ ძუძუმწოვარ ხერხემლიანთა თანდათან გაბატონებას დაუდო სათავე მილიონობით წლის განმავლობაში, სანამ ეს პროცესი „მაესტროს“ ეთერში სერგო რატიანისა და კობა დავითაშვილის ჩხუბით ჰპოვებდა გამოხატულებას.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    როგორც ჩანს, დავითაშვილი დიდხანს ვერც ერთ გამარჯვებულ გუნდში ვერ ჩერდება. „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ნომრობაზე მან 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების გამო თქვა უარი. დღეს კი თანამებრძოლებს იმის გამო გაუნაწყენდა, რომ ჯერ ერთი, „ნაციონალ“ სერგო რატიანსა და მას შორის „ტოლობის ნიშანი“ დასვეს და (რაც ბევრად არსებითია) რატომღაც არ ლაპარაკობენ 2007 წელს ელიავას ბაზრობასთან მისი ცემის ფაქტზე.
    აქ ერთი უცნაურობა ნამდვილადაა: არჩევნებამდე და მცირე ხნით არჩევნების შემდეგაც, ლამის ყურები გამომგვიჭედეს „პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე“ ლაპარაკით, რომელსაც თინა ხიდაშელი უნდა ჩადგომოდა სათავეში და ყველა გახმაურებული საქმე უნდა გამოეძია. მერედა, რატომ არ იქმნება? რაც ყველაზე საინეტრესოა, ეს კომისია სწორედ იმ ხალხს აღარ ახსოვს, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა მის შესახებ.
    რატომ? იმიტომ, რომ ამგვარი კომისიის შექმნა ნამდვილად იქნება უნდობლობის გამოხატულება მოქმედი პროკურატურისა და სხვა საგამოძიებო ორგანოების მიმართ. როდესაც 7-6 წლის წინ „რესპუბლიკელები“ და სხვა ოპოზიციონერები „გირგვლიანის“ საქმის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვდნენ, ხელისუფლებას სწორედ ეს არგუმენტი მოჰყავდა, თუმცა მაშინ არ ეთანხმებოდნენ, ახლა კი დუმილით ადასტურებენ მის სამართლიანობას. დავითაშვილიც აშკარად სწორედ ამ დუმილმა გააღიზიანა.
    მეორე პოლიტიკური საოცრება თითქოს სულ სხვა სფეროს განეკუთვნება: პრემიერ-მინისტრმა თურქეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთი აშენდება, სანაცვლოდ კი ქართველი სპეციალისტები ოშკისა და იშხანის რეკონსტრუქციის პროცესს დააკვირდებიან. მურმან დუმბაძე, რომელიც „მარჯვენა ხელით შემოხაზვის შემთხვევში“ ათაშანგის შეყრით ემუქრებოდა აჭარლებს, ახლა გვიმტკიცებს, რომ „ეს ის კი არ არის, რასაც რურუა-ვაჩეიშვილი აპირებდნენ“, არამედ სულ სხვაა.
    ნამდვილად სხვაა. იმ აზრით, რომ ბევრად უარესია და აი რატომ: ახლა რომ უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს „მიშას ხელისუფლება“ აზიზიეს ადგილზე აშენებული საცხოვრებელი სახლის დანგრევას და მეჩეთის იქ აღდგენას აპირებდა. არადა, მაშინაც მხოლოდ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ სხვაგან უნდა აშენებულიყო. თან არა მეჩეთი, არამედ კულტურული ცენტრი. ახლა კი, სადაც არ უნდა აშენდეს, თურქებისთვის მაინც „აზიზიე“ ერქმევა. მით უმეტეს, რომ მეჩეთია და არა კულტურული ცენტრი და, რაც მთავარია, სწორედ იმ კონტექსტში შენდება, რის თაობაზეც წლობით მიმდინარეობდა მოლაპარაკება.
    დავაკვირდეთ: ქართველი სპეციალისტები მხოლოდ დაესწრებიან ოშკისა და იშხანის რეკონსტრუქციას, მაშინ როდესაც წინა პროექტით, რეკონსტრუქცია ქართული მხარის მიერ მომზადებული ნახაზებით უნდა განხორციელებულიყო ქართველი სპეციალისტების მიერვე. განა ძნელი მისახვედრია, რომ ეს პროცესები პარალალურად წარიმართება და თურქული მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაითვალიწინებს კოლეგების აზრს, თუ ამის საპირისპიროდ, ბათუმში მშენებლობის დროს მიიღებს არქტექტურულ „მაგივრობას“. ანუ, მეჩეთი სწორედაც აზიზიე იქნება, ოღონდ სხვაგან აშენებული.
    თურქები რომ ამ დიპლომატიურ თამაშს მოიგებდნენ, - ისედაც ნათელი იყო, რადგან ქართულმა მხარემ (ახალმა ხელისუფლებამ) სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: წინა მთავრობა აპირებდა საკითხი ხელშეკრულებით გადაეწყვიტა, ახლები კი დიდ გამარჯვებად იმას ითვლიან, „ხელშეკრულებას არ ვაფორმებთ და სიტყვიერად შევთანხმდითო“. არადა, როდესაც პატარა ქვეყანას ისეთ (ჩვენთან შედარებით) ზემძლავრ სახელმწიფოსთან აქვს საქმე, როგორიც თურქეთია, ყველა შემთხვევაში ხელშეკრულებითი ურთიერთობა სჯობს, რომელიც ორივე ხელშემკვრელ მხარეს საერთაშორისო - სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს, თორემ გაუგებარი „ზეპირი შეთანხმებით“ ასეთი საკითხის გადაწყვეტა აუცილებლად იმას გამოწვევს, რომ ძლიერი და დიდი რესურსების სახელმწიფო უფრო შეძლებს საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილებას, ვიდრე პატარა, სუსტი და ყოველმხრივ მასზე დამოკიდებული (ტრანსპორტიდან - ვაჭრობამდე) ქვეყანა.

2013