საქართველო ფსოუს სასაზღვრო პუნქტს რუსეთის ტერიტორიიდან დაიცავს?

საქართველო ფსოუს სასაზღვრო პუნქტს რუსეთის ტერიტორიიდან დაიცავს?

 

    რუსეთის სასაზღვრო ჯარების მთავარსარდლის, გენერალ ანდრეი ნიკოლაევის ბოლო ვიზიტს საქართველოში ხელშესახები პრაქტიკული შედეგი მოყვა: როგორც ცნობილი გახდა, უკვე 16 თებერვალს საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის რამდენიმე წარმომადგენელი გაემგზავრება სოჭს, საიდანაც გააკონტროლებენ საქართველო-რუსეთის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთს, რათა არ დაირღვეს 19 იანვარს, მოსკოვში, СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე მიღწეული შეთანხმება და რუსეთიდან - აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ვერ შეიტანონ საქონელი.

    ამ თემაზე ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ცხარე დისკუსია საქართველოს პრეზიდენტსა და ანდრეი ნიკოლაევს შორის. ეს უკანასკნელი იმ გარემოებას იმიზეზებდა, რომ რუსეთის მთავრობას და პრეზიდენტს, 19 იანვრის შეთანხმების აღსასრულებლად ჯერ არ გაუციათ შესაბამისი ბრძანება. ამდენად, სასაზღვრო ჯარებს არანაირი უფლება არა აქვთ (არც სურვილი) საკუთარი ინიციატივით ჩაკეტონ საზღვარი. არადა, საუბარი შეეხებოდა საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობასაც.
    ედუარდ შევარდნაძემ ამ შემთხვევაში ძალზე ოსტატურად «ათამაშა» ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილი ვითარების კოზირი. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 1995 წლის დასაწყისიდან, საქართველომ ნება დართო რუსეთის სასაზღვრო ჯარების ქვედანაყოფებს სამხრეთიდან ანუ საქართველოს ტერიტორიიდან დაეცვათ რუსეთის საზღვარი ჩეჩნეთის მონაკვეთზე.
    სამაგიეროდ, რუსეთმა ნაწილობრივ ჩაკეტა საზღვარი ფსოუზე. თუმცა, სასაზღვრო რეჟიმი შერბილდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. საქართველოს სავსებით შეუძლია დასვას საკითხი თავისი ტერიტორიიდან (ჩეჩნეთის საზღვრიდან) რუსეთის სასაზღვრო ჯართა ქვედანაყოფების გაყვანის შესახებ - დღევანდელ ვითარებაში ეს ნამდვილად არ აძლევს ხელს რუსეთს არც პოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით; მეორეს მხრივ, ქართველ სამხედრო დამკვირვებელთა დაშვება ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ საზღვრის გაკონტროლებას. განსხვავება აშკარა: თუ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე რუსეთის სასაზღვრო ჯართა მთელი ბატალიონი დგას სათანადო შეიარაღებით, ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რუსეთის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებლები იქნებიან, რომლებიც მხოლოდ დააფიქსირებენ 19 იანვრის გადაწყვეტილებათა დარღვევის ფაქტებს.
    მაგრამ რუსეთს ყოველთვის შეუძლია მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომ СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, თუ ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს მიერ არ არის რატიფიცირებული.
    ამავე დროს, ანდრეი ნიკოლაევმა კატეგორიული უარი განაცხადა საქართველოს მოთხოვნაზე, უცხოური გემებისათვის ჩაეკეტა სოხუმის პორტი. ნიკოლაევის განმარტებით, ეს საკითხი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა პრობლემა უფროა, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა. ანუ, რუსი მესაზღვრეები საქართველოს საზღვარს (როგორც სახმელეთოს, ასევე საზღვაოს) რუსეთ-თურქეთის საზღვრად თვლიან და თუ საკითხს პრაქტიკული თვალსაზრისით გავაანალიზებთ, უეჭველად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ არც რუსები და არც თურქები ამ შემთხვევაში არ ცდებიან - სარფში ხომ რუსეთის დროშა ფრიალებს?!

«მიმომხილველი», 19 თებერვალი, 1996 წელი.