საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონაში რჩება

   საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონაში რჩება

ლილიპუტების ბრძოლა «საუკუნის სამიტის» ფონზე

     

        გუშინ რომში ნატო-რუსეთის შეხვედრა შედგა უმაღლეს დონეზე, რომელსაც პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა უკვე უწოდეს «საუკუნის უმნიშვნელოვანესი სამიტი» (იგულისხმება ახალი საუკუნე).
        მართლაც, რომში მომხდარ მოვლენას (როგორც ასეთს) განვლილი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 11 სექტემბრის ტერაქტი შეიძლება შეედაროს. გეოპოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რომის სამიტი, რომელმაც «ნატო-რუსეთის» საბჭო დააფუძნა, შეიძლება ახლახან დაწყებული ასწლეულის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცეს, მით უმეტეს, რომ იგი 11 სექტემბრის პირდაპირი შედეგია.
        ეგრეთ წოდებულ «საარჩევნო ბატალიებში» ჩაფლული ქართული პოლიტიკური ელიტა, რასაკვირველია, ვერ შენიშნავს და აღიქვამს ამ გრანდიოზულ (და საქართველოსთვის, სამწუხაროდ, არცთუ დადებითი) მოვლენის მნიშვნელობას.
        ყველაფერი, რაც თბილისში ხდება, მართლაც «ლილიპუტების ბრძოლას» ჰგავს, როდესაც მათი (ისევე როგორც ჩვენი უბედური ქვეყნის) ბედი გუშინ საბოლოოდ გადაწყდა.
        ამ ფონზე გამაღიზიანებელია ის აღტაცება, რასაც ზოგიერთი უმეცარი «სპეციალისტი» გამოთქვამს («არიქა, გვეშველა, აწი რაღა გვიჭირს» და ასე შემდეგ) მაშინ, როდესაც, თუ ძალიან მოკლედ დავახასიათებთ იმას, რაც რომში მოხდა, შეიძლება ასეთი ფორმულა გამოვიყენოთ: ევროატლანტიკურ სივრცეზე მოხდა პასუხისმგებლობის არეალთა საბოლოო გადანაწილება და სამხრეთ კავკასია (მათ შორის, საქართველო) საბოლოოდ და სამუდამოდ დარჩა რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონაში.
        რომთან მდებარე სამხედრო ბაზაზე, რომელიც 48 საათის განმავლობაში ყველაზე დაცული ადგილი იყო პლანეტაზე, სენტიმენტებისა და «ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებისთვის» არავის ეცალა: რუსეთმა და ნატომ შექმნეს საბჭო (არა 19+1, არამედ სრულფასოვანი ოცეული), რომელიც უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურრ და სამხედრო სტრატეგიულ პრობლემებზე იმსჯელებს. ზოგიერთ შემთხვევაში, კითხვა პრიმიტიულად ისმება: ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის გაწევრიანებას ნატოში?
        ეს კითხვა სრულიად უსაგნო, უაზრო და ფორმალისტურია. რუსეთს არაფერში სჭირდება ნატოს წერვობა იმ აზრით და ფორმით, როგორც ეს სჭირდებოდა, ვთქვათ ჩეხეთს ან სჭირდება ლიტვას. რუსეთი არც ლიტვაა, არც ჩეხეთი. რუსეთი რჩება გრანდიოზულ ევრო-აზიურ სახელმწიფოდ, რომელსაც კვლავაც შეუძლია დედამიწა რამდენჯერმე მოსპოს. 2012 წლისთვის (ახლახან ხელმოწერილ რუსეთ-ამერიკის ხელშეკრულების შესაბამისად), რუსეთმა 1700 ერთეულამდე უნდა შეამციროს (!) თავისი ბირთვული არსენალი (იგულისხმება მხოლოდ სტრატეგიული და არა ტაქტიკური ბომბები), მაშინ, როდესაც დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელს, ერთად აღებულს (!) მხოლოდ 300-მდე ბირთვული ერთეული აქვთ.
        რომის სამიტის შედეგად, რუსეთმა ვერ მიიღო ვეტოს უფლება ნატოს გაფართოების საკითხებში, ანუ იგი ვერ შეუშლის ხელს ნატოში ახალი წევრების მიღებას; მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ რუსეთი საბოლოოდ შეურიგდა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. ბულგარეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის ნატოში გაწევრიანებას იგი ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის მხრივ (სწორედ ეს არის ჩვენთვის საბედისწერო) ნატოც დაეთანხმა რუსეთის გეოპოლიტიკურ «ყოფნის» შენარჩუნებას იმ ქვეყნებში, სადაც რეალურად ვრცელდება რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული გავლენა და იკისრა ვალდებულება ამ სახელმწიფოებში ვითარება რუსეთის მეშვეობით «მართოს», ანუ აღსრულდა ის, რაზედაც რუსული ისტებლიშმენტი 1992 წლიდან ოცნებობდა.
        საქართველო სწორედ ამ სახელმწიფოთა რიცხვს განეკუთვნება. არ არსებობს არავითარი პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 6 სამხედრო ბაზას გაიყვანს: თბილისი (შტაბის «დაცვა» - 1600 ჯარისკაცი და ოფიცერი), ბათუმი, ახალქალაქი, ენგურის აუზი, ლიახვის აუზი, გუდაუთა.
        ამერიკელი ინსტრუქტურების ყოფნა მხოლოდ «კონსენსუსის» გამოხატულებაა და სხვა არაფერი, ანუ რუსეთის «ყოფნა» საქართველოში იმას კი არ ნიშნავს, თითქოს რუსეთს ვინმე ნებას დართავს ქართველთა გენოციდი მოაწყოს, მაგრამ საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონაში დარჩება. ასე, საბჭოთა პერიოდში, ბულგარეთსაც ჰქონდა საკუთარი შეიარაღებული ძალები, სასაზღვრო ძალები და ასე შემდეგ.
        გარდა ამისა, რომის დეკლარაციით, ნატო-რუსეთის საბჭო განიხილავს სამშვიდობო ოპერაციათა განხორციელების შესაძლებლობებს. ამ საკითხის განხილვისას რუსეთს სრულფასოვანი უფლებები ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონაში ნატო არავითარ სამშვიდობო ოპერაციას არ განახორციელებს.
        გუშინ წერტილი დაესვა საქართველოს გეოპოლიტიკური «კუთვნილების» შეცვლის მცდელობას, რაც იმთავითვე არარეალური იყო.

დილის გაზეთი, 29 მაისი, 2002 წელი