საქართველო – მარქსისტული ჭირის წინააღმდეგ

საქართველო – მარქსისტული ჭირის წინააღმდეგ

        საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ პარლამენტში, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილმა «ეკონომიკური თავისუფლების აქტი» გამოაქვეყნა, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიო მედიაში.
        გასაგებიცაა: დასავლელმა ჟურნალისტებმა ზუსტად შენიშნეს, რომ ეს იყო გამოწვევა არა მხოლოდ იმპერიალისტური, კორუმპირებული და «ჩეკისტურ კაპიტალიზმში» ჩამხრჩვალი რუსეთის, არამედ იმ დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებმაც, კრიზისის პირობებში, ლამის მარქსის «კაპიტალი» გაიხადონ სახელმძღვანელოდ და ვლადიმერ ულიანის ძე ლენინის შრომებით იხელმძღვანელონ
        არადა, მსოფლიო ფინანსური კრიზისის თანამდევ ისტერიაში ყველამ დაივიწყა, რომ ამ კრიზისის მიზეზი სწორედ კაპიტალიზმის ძირითადი კანონების დავიწყება გახდა. კერძოდ ის, რომ არ არსებობს ჯანსაღი კაპიტალიზმი - «პიროვნული პასუხისმგებლობის» გარეშე, ხოლო სახელმწიფო არ უნდა იყოს ვალდებული გადაარჩინოს ფირმა, კომპანია, თუ ბანკი, რომელიც უპასუხისმგებლოდ გასცემდა სარისკო კრედიტებს – ვალაუვალი და გადაუხდისუუნარო «იპოთეკარების» სასარგებლოდ. სწორედ ასე დაიწყო ეს კრიზისი.
        არადა, იმ ბანკირებს თავისთვის არაფერი არასდროს შეეშლებოდათ და მათ რომ წინასწარ სცოდნოდათ, სახელმწიფო ამ კრედიტებს არ იკისრებდა – სარისკო ნაბიჯებს არც გადადგამდნენ.

ლიბერალიზმის კუნძული

        ასეთ ვითარებაში სავსებით ბუნებრივია საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტის მისწრაფება, კონსტიტუციურად დააკანონოს და განამტკიცოს ლიბერალური ეკონომიკის მიღწევები ქვეყანაში და ისინი საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობის «ძეგლადაც» აქციოს.
        სააკაშვილის «ეკონომიკური თავისუფლების აქტი» უეჭველად გულისხმობს, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ფიქრობს პერიოდზე 2013 წლის შემდეგ (როდესაც პოსტის დატოვება მოუწევს) და ცდილობს შექმნას ვითარება, როდესაც ნებისმიერ შემცვლელს (თუნდაც შალვა ნათელაშვილსა მის და «მუშურ-გლეხურ პარტიას») აღარ ექნება საშუალება, ოდესმე ისევ დააბრუნოს ქვეყანა სოციალიზმისა და გეგმიური ეკონომიკის მარაზმში.
        ანუ, სააკაშვილი მოქმედებს პრინციპით «ჩემს შემდეგ მხოლოდ ლიბერალიზმი!» ეს ხდება მისი პრესტიჟისა და პოლიტიკური ღირსების საქმე და, რაც ყველაზე საინტერესოა, შესწევს კიდეც უნარი გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც დღეს (ვიმეორებ) პლანეტარული სოციალისტური და ანტილიბერალური ისტერიის პირობებში, ვერც ერთი ლიდერი ვერ გაბედავდა
        ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საქართველო აქციოს ლიბერალიზმის კუნძულად თანამედროვე ანტილიბერალურ, სოციალისტურ მსოფლიოში და იმედი აქვს (ალბათ არც თუ უიმედოდ) რომ სოციალისტური ისტერია გერმანიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ადრე თუ გვიან ჩაივლის, ხოლო საქართველოს ექნება «ფორა», რათა ინვესტორების მოიზიდოს.
        მთავარი სააკაშვილის წინადადებებში არის გადასახადების ზრდის ფაქტობრივი აკრძალვა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილება, რომლითაც აიკრძალება გადასახადების ზრდა ან ახალი გადასახადების შემოღება – რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.
        ეს, ფაქტობრივად, სამარადჟამო აკრძალვაა: ^აბა რომელ რეფერენდუმზე დაუჭერს ხალხი მხარს, რომ გადასახადები გაიზარდოს? – ამომრჩეველთა 80 პროცენტი ხომ (ალბათ გარდა პენსიონერებისა) სწორედ გადასახადების გადამხდელია! G

სააკაშვილის ნამცხვარი

        გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილის მოთხოვნით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან უნდა იყოს არა უმეტეს 60 პროცენტისა.
        ეს არის ნორმები, რომელზეც ოცნებობენ ლიბერალები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, მაგრამ სოციალისტური აგრესია და რეაქცია ფრანგ, გერმანელ, ამერიკელ ლიბერალებს ამის საშუალებას არ აძლევდათ. ასეთ კონსტიტუციაზე ოცნებობდნენ და ოცნებობენ რუსი ლიბერალებიც – გრიგოლი იავლინსკიდან – ანატოლი ჩუბაისამდე. თუმცა, რუსეთში მათ ოცნებას აღსრულება არ ეწერა და ამას ვეღარც მოესწრებიან.
        ერთხელ გრიგოლი იავლისნკიმ გულდაწყვეტით თქვა, რომ სოციალისტური მარაზმი მსოფლიოს განვითარებას აფერხებს და ასეთი ხატოვანი მაგალითიც მოიტანა: «გამოაცხობენ ევროპელი ლიბერალები ინგლისში მარგარეტ ტეტჩერის, ხოლო გერმანიაში ჰელმუტ კოლის სახით გემრიელ ნამცხვარს, შემდეგ მოვლენ ინგლისელი ლეიბორისტები (იგივე სოციალისტები), გერმანელი სოციალ-დემოკარტები და იმ ნამცხვარს შესანსლავენ ისე, რომ თვითონ არაფერს აცხობენ, მერე მოვლენ ისევ ხელისუფლებაში ლიბერალები და ახალ ნამცხვარს გამოაცხობენ, შემდეგ სოციალისტები იმ ნამცხვარს კვლავ შეჭამენ და ასე გრძელდება დაუსრულებლად
        სააკაშვილის წინადადებაც სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ საქართველოში ლიბერალური რეფორმების შედეგად გამომცხვარი «ნამცხვარი» მის შემდეგ მოსულმა მემარცხენეებმა ვეღარ შესანსლონ. გათვლა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართული საზოგადოების მენტალობისა და პოლიტიკური ტრადიციის გათვალისწინებით «მუშურ-გლეხურ» პარტიებს არასდროს არ ექნებათ იმდენი ხმა პარლამენში, - კონსტიტუცია ხელახლა შეცვალონ.
        გარდა ამისა, პრეზიდენტის «მესიჯი» ინვესტორებისთვისაცაა განკუთვნილი. Bბევრი მათგანი მზად იყო განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში, რაკი გადასახადები მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მაგრამ ეშინოდათ, რომ სააკაშვილის შემდეგ ხელისუფლებაში მშიერი პროლეტარები მოვლენ და გადასახადებს გაუზრდიან.
      

  კავკასიონზე მაღალი ჯებირი

        მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო: რუსეთში, როგორც ჩანს, სოციალისტური იდეა მარადიულია. როგორ შეიძლება ამ მტრულ ქვეყანას საქართველო გაემიჯნოს თუ არა სრულიად სხვა ეკონომიკური და სოციალური ფილოსოფიით, რომელიც ადამიანის თავისუფლებას დაეფუძნება? სწორედ ეს იქცევა ყველაზე მყარ «ჯებირად» რუსეთსა და საქართველოს შორის. ბევრად უფრო მტკიცედ, ვიდრე კავკასიის ქედი და ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომელთა განლაგებისაგან პენტაგონი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.
        გარდა ამისა, თუკი პრეზიდენტის ინიციატივა კომერციულ ბანკებში სახელმწიფო წილის აკრძალვის შესახებ ლოგიკურ დასასრულამდე მივა, მაშინ საქართველოდან რუსულ სახელმწიფო კაპიტალს გუდა-ნაბადს აუკრავენ. მაგალითად, «გაერთიანებულ ქართულ ბანკში» საკონტროლო პაკეტს სწორედ რუსული ვი-თი-ბი ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტი, თავის მხრივ, რუსულ სახელმწიფოს ეკუთვნის

ქართული ლიბერალიზმის უკვდავება

        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ახალი «ლიბერალური რევოლუციის» ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეა. P»პრაიმ-ტაიმი» შეეცადა დაედასტურებინა მოსაზრება, რომ «ეკონომიკური თავისუფლების აქტი» სწორედ ბენდუქიძის მონაწილეობით მომზადდა, რომელიც ამჟამად საქართველოში საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟული «თავისუფალი უნივერსიტეტის» მფლობელია.
        თვით ბენდუქიძემ ეს მოსაზრება «პრაიმ-ტაიმთან საუბარში არ უარყო და ორიგინალური ფრაზით დაადასტურა: «აბა თქვენ რა გეგონათ – მოვკვდი რაკი თანამდებობიდან გადავდექი?»
        მაშასადამე, ხმები კახა ბენდუქიძის (ისევე, როგორც ქართული ლიბერალიზმის) გარდაცვალების შესახებ ერთობ გადაჭარბებული აღმოჩნდა. ხოლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა და ეკონომიკური ფორმაციის შეცვლა საერთოდ შეუძლებელი გახდება და ეს «თავისუფალი ეკონომიკის აქტის» უმთავრესი დანიშნულებაა.
        პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამით დააკანონა ის პროექტი ქვეყნის განვითარებისა, რომელსაც თავად ახორციელებდა 2003 წლიდან და რომელიც შენარჩუნდება თუნდაც ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად.
        უფრო ზუსტად, ხელისუფლების შეცვლაც ისეთივე რთული გახდება, როგორც მისი კურსისა.
        მთავარი დასკვნა, რაც ამ ინიციატივიდან გამომდინარეობს, არის შემდეგი: პრეზიდენტი სააკაშვილი არ ეპოტინება საპრეზიდენტო სავარძელს 2013 წლის შემდეგ, მაგრამ იგი ყველაფერს იღონებს, რათა ხელისუფლებაში მისი გუნდი, მისი პარტია დარჩეს და არსებული საგარეო თუ საშინაო კურსი გააგრძელოს.
        ოპოზიცია ამ გეგმას ვერაფერს დაუპირისპირებს ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის დაგეგმილი დემონსტრაციების დროს, რაკი არანაირი ალტერნატივა არ გააჩნიათ.