საქართველო კიდევ ერთ სამოქალაქო ომს გადაურჩა

საქართველო კიდევ ერთ სამოქალაქო ომს გადაურჩა

        გუშინ რაჭის ტყეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, დააკავეს და თბილისში ჩამოიყვანეს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაქცეული ოთხი ყველაზე მთავარი და «საინტერესო» დამნაშავე – ქობალია, აბსანძე, ეჯიბია და ფირცხალავა.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, უშუალო დაკავების ოპერაცია განახორციელა უშიშროების სამინისტრომ ელიტარულმა სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელმაც, რამდენიმე ხნის წინ ზესტაფონში განახორციელა ძალისმირი ოპერაცია კაკო ელიავას წინააღმდეგ.
        თუმცა, «ოპერატიულ უზრუნველყოფას» შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები ახორციელებდნენ.
        ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, როდესაც «გაჟონა» ინფორმაციამ გაქცეულთა რაჭაში გამოჩენის შესახებ, - დასავლეთ საქართველოში (უპირველესად, ქუთაისში) გადაისროლეს არა მხოლოდ ხსენებული სპეცდანიშნულების რაზმი, არამედ შინაგანი ჯარის საკმაოდ მძლავრი ქვედანაყოფი - «ყოველი შემთხვევისთვის».
        მთლიანად დადასტურდა ვარაუდი, რომ გაქცეულები აუცილებლად შეეცდეობდნენ სამეგრელოსთვის შეეფარებინათ თავი და შეერთებოდნენ კაკო ელიავასა და დათო შენგელიას შეიარაღებულ ფორმირებებს წალენჯიხის რაიონში, გალის საზღვარზე, ლუგელას ხეობასა და სხვა მიუდგომელ ადგილებში.
        სამართლისდამცველი ორგანოები ინფორმაციას ძუნწად იძლევიან, თუმცა, ლოგიკური მსჯელობის შედეგად, სავსებით შესაძლებელია მოვლენათა რიგის აღდგენა.
        როგორც ჩანს, პატიმრები მაშინ გაიქცნენ, როდესაც დრო საკმარისი იყო, რათა დაუბრკოლებლად გაევლოთ რიკოთის გვირაბი ან სხვა გადასასვლელებით მოხვედრილიყვნენ იმერეთში, მაგრამ იმერეთიდან სამეგრელოში გადასვლა უკვე ვეღარ მოახერხეს, ვინაიდან იმ დროს (11-12 საათზე, 1 ოქტომბერს) განგაშმა უწიათ. ამის გამო, იძულებულნი გახდნენ, საჩხერისაკენ გადაეხვიათ, «რაფიდან» გადმოსულიყვნენ და ტყის მასივით წასულიყვნენ რაჭისკენ.
        თუმცა, რაჭა მათი მთავარი ორიენტირი არ იქნებოდა. აქედან კი უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა, რომ გაქცევა, დაახლოებით დილის 7-8 საათზე მოხდა.
        შემდგომ, როდესაც შინაგან საქმეათა მინისტრმა მობილიზება გამოაცხადა, სამეგრელოში რაჭიდან ყველა გადასასვლელი გადაკეტილი იყო, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რაჭიდან-სამეგრელოში გადასვლა ისედაც ძალიან ძნელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არავინ მოგდევს და არავინ გისაფრდება.
        გასათვალისწინებელია აგრეთვე სხვა გარემოებაც: გაქცეულები ცუდად იცნობდნენ რაჭას, განსხვავებით ადგილობრივი პოლიციისგან. ტყეში კოცონსაც «კარგი ცხოვრებით» არ დაანთებდნენ – შესცივდათ და საკვებიც მოაკლდათ.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, თუ ქობალია და აბსანძე მოახერხებდნენ სამეგრელოში გადასვლას, იქ აუცილებლად შეიქმნებოდა დაძაბულობის ძალიან სერიოზული კერა. უმთავრესი ფიგურა ქობალია გახდებოდა. ხელისუფლება იძულებული იქნებოდა, სამეგრელოშიც გადაესროლა შეიარაღებული ძალა, რათა ყოველგვარ ექსცესს მომზადებული შეხვედროდა.
        ქობალიას დარჩებოდა ერთადერთი გზა, რათა ისევ არ შეებრუნებინათ იგი ციხეში – ქცეულიყო ანტისამთავრობო მოძრაობის ლიდერად.
        ან ქობალიას, 7 წლის შემდეგ, ისევე აათამაშებდნენ თოჯინასავით იგივე სპეცსამსახურები, რომელთა სათამაშო იყო ავადსახსენებელი სამოქალაქო ომის დროს.

დილის გაზეთი, 13 ოქტომბერი, 2000 წელი