საქართველო და „საერთაშორისო სამართალი“

ქართული ეროვნული მოძრაობის რამოდენიმე დოგმატურ დებულებას შორის ერთ-ერთი ყველაზე ურყევი და შეუვალი იყო დამოკიდებულება «საერთაშორისო სამართლისა» და, ზოგადად დასავლეთისადმი.

საქართველო და „საერთაშორისო სამართალი“

ქართული ეროვნული მოძრაობის რამოდენიმე დოგმატურ დებულებას შორის ერთ-ერთი ყველაზე ურყევი და შეუვალი იყო დამოკიდებულება «საერთაშორისო სამართლისა» და, ზოგადად დასავლეთისადმი.
    ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ «საერთაშორისო სამართალს» შესწევს ძალა, სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში, არათუ ხელი შეუწყოს, არამედ განსაზღვროს საქართველოს გათავისუფლების პროცესი და, ამიტომ, იგი განიხილებოდა როგორც უმთავრესი იარაღი - კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
    სინამდვილეში ეს, რა თქმა უნდა, სრული ილუზია და გულუბრყვილობა იყო, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს და დღევანდელ კატასტროფამდეც მიგვიყვანა.
    სამწუხაროდ, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა მხოლოდ განამტკიცა ეს ილუზია. ჩვენში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი (რომელსაც იმპერიულმა პროპაგანდამ დიდად შეუწყო ხელი), თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლა დასავლეთის ძალისხმევამ და ე.წ. «ჰუმანიტარული სამართლის» ზეწოლამ გამოიწვია.
    სინამდვილეში, საბჭოთა კავშირი თვით მისმა მმართველმა ელიტამ დაშალა - იმპერიის მოდერნიზაციის მიზნით, ხოლო დასავლური ძალისხმევა მხოლოდ იმ მიზანს ისახავდა, რომ როგორმე «შეეკავებინა» ეს გრანდიოზული სამხედრო მანქანა. ამას ადასტურებს თვით დასავლური, განსაკუთრებით ევროპული სამხედრო დოქტრინების სახელწოდებაც.

    ზემოთხსენებული ილუზია იმ გაუგებრობას ემყარებოდა, თითქოს თანამედროვე საერთაშორისო (პოლიტიკური) სამართალი მხოლოდ დასავლური ცივილიზაციის მიერ იქნა შემუშავებული და ამიტომ იგი ამ ცივილიზაციის ინტერესებს იცავს მხოლოდ.
    სინამდვილეში, საბჭოთა იმპერია მონაწილეობდა თითქმის ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტის შემუშავებაში და ბუნებრივია, მან მოახერხა ამ აქტებში ისეთი დებულებების ჩადება, რომელიც იცავდა მის სტრატეგიულ ინტერესებს.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაეროს წესდებაც, ჟენევის კონვენციებიცა და ჰელსინკის დასკვნითი აქტიც იყო ორი ურთიერთდაპირისპირებული «ფიზიკური ძალის» იდეოლოგიური და სტრატეგიული კომპრომისის შედეგი.
    ამის ნათელი მაგალითია ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია - გაერო, რომელიც მოწოდებულია, დაიცვას მთელ მსოფლიოში პოლიტიკური სამართლის მიერ აღიარებული პრინციპები.
    მაგრამ გაერო, სინამდვილეში, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ზესახელმწიფოთა მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გავლენის სფეროთა გადანაწილების შედეგად მიღწეული წონასწორობის მაკონტროლებელ ერთობლივ ორგანიზაციას.
    ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სამართლის თვით ყველაზე უხეში და აშკარა დარღვევის შემთხვევაშიც კი, ეს ორგანიზაცია ვერ მიიღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას, თუ უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან თუნდაც ერთი გამოიყენებს «ვეტოს» უფლებას. ამ ორგანიზაციის სრული უმწეობა და უნიათობა ნათლად წარმოჩნდა აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის კონფლიქტების მაგალითზე, როდესაც მის მიერ მიღებული «მრისხანე» რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად დარჩა, რაკი ერთ-ერთი ზესახელმწიფო არ არის დაინტერესებული მათი რეალური ამოქმედებით. ხაზს ვუსვამ: რუსეთი არა თუ რაიმე ძალისხმევას მიმართავს ამ დოკუმენტების ბლოკირებისათვის, არამედ, უბრალოდ, «არ არის დაინტერესებული» და ეს სავსებით საკმარისია, რათა რეზოლუციამ არ იმუშაოს.
    იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. «ჰელსინკის დასკვნით აქტზე». ნუთუ სერიოზულად ვფიქრობთ, რომ 1975 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი თავისი ძლიერების მწვერვალზე იმყოფებოდა, იგი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა ან რომელშიც არ იქნებოდა ისეთი დებულებები, რომელთა გამოყენებითაც იგი საკუთარ მიზნებს მიაღწევდა? იმ დროს ხომ ევროპა შიშით ცახცახებდა და ჯერ კიდევ ჯანმრთელად მყოფი ბრეჟნევის თითოეულ სიტყვას, ჟესტს, მიმიკას თრთოლვით შეჰყურებდა?!
    ანუ, ეს დოკუმენტი ზემოთხსენებული «დიდი კომპრომისის» კიდევ ერთი შედეგია. თუ ყურადღებით წავიკითხავთ, მასშიც აღმოვაჩენთ დებულებებს, რომელთაც დღეს დიდი წარმატებით იყენებს იმპერია - მეორედ მოდერნიზაციის გეგმის განხორციელების პროცესში.
    სწორედ ჰელსინკის აქტში ჩადებულ დებულებებს ეყრდნობოდა იგი, როცა თანდათანობით აძლიერებს «პრესინგს» ბალტიის ქვეყნების მიმართ - «რუსული მოსახლეობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის საბაბით». სწორედ ამ დოკუმენტში არსებულ წინააღმდეგობრივ თეზისებს იყენებს, როდესაც «ეროვნულ უმცირესობათა» დაცვის მოტივით, უხეშად ერევა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» საშინაო საქმეებში.
    ამ ბოლო დროს კი, რუსეთი გახდა მთავარი ინიციატორი «ეროვნული უმცირესობათა კომისრის» თანამდებობის შექმნისა, რომელიც, სულ მალე, უმძლავრესი ბერკეტი გახდება კრემლის ხელში.

    კიდევ ერთი სტერეოტიპი, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს, ის აღმოჩნდა, რომ დასავლეთი და დასავლური ქვეყნები ჩვენს ცნობიერებაში ჩამოყალიბდნენ როგორც პოლიტიკური ზნეობისა და სიკეთის განსახიერებანი, რომლებიც თითქოსდა დღენიადაგ ესწრაფოდნენ დაეცვათ სუსტი და დაჩაგრული.
    სინამდვილეში, როდესაც, მაგალითად, ამერიკის სენატმა 1988 წელს საქართველოს სასარგებლო რეზოლუცია მიიღო, იგი იმ ელემენტარულ მიზანს ისახავდა, როგორმე მოეხდინა სიტუაციის მაქსიმალური დესტაბილიზაცია მისი მოქიშპე ქვეყნის (საბჭოთა კავშირის) ერთ-ერთ რეგიონში და ესეც სავსებით თავსდებოდა გლობალური ანტიკომუნისტური მოძრაობის კონტექსტში.
    დღეს კი, როდესაც საქართველო აშკარა და დაუფარავი აგრესიის ობიექტი აღმოჩნდა, იმავე სენატს შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს, რაკი შედგა სტრატეგიული კომპრომისი დასავლეთსა და კრემლს შორის. იგი ითვალისწინებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური არეალი რუსეთის «საკუთრებაა» და მას უნდა დარჩეს.
    რასაკვირველია, დასავლური ცივილიზაციის დემოკრატიული ბუნებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ აზრს გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ რომ იქაც არსებობენ პოლიტიკური ელიტები, რომელთაც საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედებისა და ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მისი ფორმირების ყველა ბერკეტი თუ საშუალება აქვთ.
    მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის: თვით ამგვარი ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც კი (ესე იგი დასავლეთს რომც ჰქონდეს მყარი დაინტერესება საქართველოსა და კავკასიის მიმართ) ყველაფერს წყვეტს ძალთა რეალური თანაფარდობა. აქ მხოლოდ ფიზიკური ძალა არ იგულისხმება. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს არც შეუძლიათ (რომც სურდეთ), რეალური დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს, რადგან რუსეთის «საშინაო საქმეებში» ჩარევის შემთხვევაში, კრემლი საპასუხოდ გადახედავს თავის პოზიციას იმ რეგიონების მიმართ, რომლებიც დასავლურ გეოპოლიტიკურ არეალში შედიან - მაგალითად შეცვლის დამოკიდებულებას ერაყის მიმართ, რომელიც დასავლეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ახლო აღმოსავლეთში ჰეგემონიისაკენ მიისწრაფვის, ან განუახლებს სამხედრო დახმარებას კუბას, ნიკარაგუას, კვლავ აამოქმედებს «მესამე სამყაროში» ადრე არსებულ და დღეს «დაკონსერვებულ» სისტემებს და ა.შ.
    პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, რეალობის აღიარებაა. რაოდენ მწარე და მიუღებელიც უნდა იყოს იგი. ეს აუცილებელია ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისათვის.

«ივერია-ექსპრესი», 5 ნოემბერი, 1993 .