საქართველო და ერაყი ერთ ორბიტაში რჩებიან

საქართველო და ერაყი ერთ ორბიტაში რჩებიან

        გუშინ პარიზში რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, პარიზმა და მოსკოვმა დაადასტურეს, რომ არ დაუშვებენ გაეროს უშიშროების საბჭოში ახალი რეზოლუციის მიღებას ერაყის წინააღმდეგ ომის სანქცირებით.
           

      მაშასადამე, დიპლომატიური ომი გრძელდება და რუსეთი აღწევს უმთავრეს მიზანს: მას სურს, ამერიკა ცალმხრივად ომის გაჩაღების აუცილებლობამდე მიიყვანოს, რათა თავადაც მოიპოვოს ანალოგიური უფლება (საერთაშორისო ასპარეზზე ძალის გამოყენებისა) პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
            დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინის მიწვევით, სოჭს მიემგზავრება, სადაც შედგება მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. ერაყის გარშემო შექმნილი ვითარება და საქართველო-რუსეთის სამიტი უდავოდ უკავშირდება ერთმანეთს, მით უმეტეს, თურქეთის პარლამენტის უარის შემდეგ, დაეთმო ბაზები ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის. ამ ვითარებაში საქართველოსადმი «დაძაბული» ყურადღება მართლაც დღითი დღე მატულობს. თურქეთის პარლამენტმა რეგიონული გეოპოლიტიკა შეცვალა.
            საერთოდ, ანკარაში გამართულმა კენჭისყრამ ახალი რეალობა დაადასტურა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად ისლამისტური პარტიების განსხვავებას (ერდოგანის ხელმძღვანელობით), თავდაპირველად, დიდი შეშფოთება არ გამოუწვევია, ვინაიდან ერდოგანი «ევროპიზებულ ისლამისტად მიიჩნეოდა, მაგრამ სწორედ ამ ევროპული განათლების გმო, მმართველმა პარტიამ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რეგიონში ძალთა მომავალი განლაგების გათვალისწინებით თურქეთს სულაც არ ეპიტნავება არაბული სამყაროს განაწყენება _ თუნდაც 26-მილიარდიანი დახმარების სანაცვლოდ, გარდა ამისა, ანკარაში შეშფოთებით ადევნებენ თვალს ქურთ მეამბოხეთა გააქტიურებას აღმოსავლეთ თურქეთის რეგიონებში – სადაც ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენმა უნდა გაიაროს.
            ქურთული პრობლემა თურქეთისათვის მარადიული საკითხია და მას ამერიკული ფინანსური დახმარება ვერ შეწყვეტს. მაშასადამე, თითქოს მატულობს საქართველოს თამაშში ჩართვის ალბათობა. პენტაგონმა შეიძლება, თხოვნით მოგვმართოს ვაზიანის ბაზის გამოყენების თაობაზე და ამ თხოვნას, ერაყის გარდა, სხვა დანიშნულებაც ექნება: ამერიკის შეერთებული შტატების ისტებლიშმენტი შეეცდება, დაარწმუნოს თურქეთი, რომ საქართველოს სახით მას შეიძლება ალტერნატივა გამოუჩნდეს.
            მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რუსული პოლიტოლოგიურ საიტებზე უკვე გამოჩნდა კომენტარები ნიშანდობლივი დედააზრით: საქართველოს პარლამენტმა დაასუსტა ედუარდ შევარდნაძის პოზიციები პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებისას სოჭში _ თავისი უარით, მოეხდინა ამერიკასთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება, ანუ დაედასტურებინა ქვეყანაში ამერიკელ სამხედროთა ყოფნის კანონიერება.
            შესაძლოა, მხოლოდ ეს არა, მაგრამ ესეც გახდება ერთ-ერთი არგუმენტი ვაშინგტონში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარების განლაგებას ამერიკა არც ერთ შემთხვევაში არ გეგმავს. თურქეთისაგან განსხვავებით, ჩვენ ერაყთან, საბედნიეროდ, საერთო საზღვარი არ გვაქვს. მაშასადამე, პოტომაკის ნაპირებზე ასჯერ აწონიან, რამდენად «უღირთ» რამდენიმე თვითმფრინავის განლაგება ვაზიანის ბაზაზე იმ ქვეყანაში, სადაც ევროპული და თურქული მაშტაბით არა, მაგრამ საკმაოდ მწვავე ანტიერაყული და ანტიამერიკული აქციები მიმდინარეობს.
            სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ლონდონში ყოფნისას განაცხადა: რუსეთის მთავრობა ამერიკის პოლიტიკას არ ეთანხმება, მაგრამ ჩვენთან (ევროპისგან განსხვავებით) ანტიამერიკული აქციები არ გამართულაო. დღეიდან საქართველოში ამას ვერ ვიტყვით, კარგია ეს თუ ცუდია – ფაქტია.
            ბოლოს და ბოლოს, სამხედრო თვალსაზრისით, ამერიკელებისთვის აუცილებელი არ არის აღმოსავლეთ თურქეთში დისლოცირება. მათ შეუძლიათ საჰაერო-სადესანტო დივიზია გადაისროლონ ჩრდილოეთ ერაყში – ქურთი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამდენად კიდევ უფრო ნაკლებად დგება საქართველოს ბაზების აუცილებლობა.

დილის გაზეთი, 6 მარტი, 2003 წელი