საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული პოლიტოკრატია მონაწილეობას ვერ მიიღებს

საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული პოლიტოკრატია მონაწილეობას ვერ მიიღებს

       

        შვიდპროცენტიანი ბარიერის ირგვლივ ატეხილ გნიასში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა მეორე ცვლილება, რომელიც პარლამენტმა შეიტანა კონსტიტუციაში და თავისი მნიშვნელობით კიდევ უფრო საგულისხმოა, ვიდრე საარჩევნო ცენზის გაზრდა.
        ამ ცვლილების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც კენჭს იყრიდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. მაგალითად, 2000 წლის პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციისას უარს ეტყვიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 1999 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკოსებს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გზას გადაუკეტავს.
        ეს არის მართლაც ძალიან სერიოზული და პრინციპული ცვლილება, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს პოლიტიკურ ვითარებაზე საქართველოში. ახალი საკონსტიტუციო ნორმის შესაბამისად, მაგალითად, «ბათუმური ალიანსის» ის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თუნდაც პროპორციული წესით არჩევნებში (ანუ საარჩევნო სიას ჩაუდგებიან სათავეში) ვეღარ იქნებიან პრეზიდენტობის კანდიდატები. ეს გამოიწვევს სავსებით კონკრეტულ შედეგს: უკვე 1999 წლის სექტემბერში ცხადი გახდება, ვინ აპირებს 2000 წელს «იერიში მიიტანოს» სახელისუფლებო ოლიმპზე და ვინ - არა.
        გარდა ამისა, პრეზიდენტობის მსურველი და პოტენციური კანდიდატები ვეღარ შეასრულებენ «საარჩევნო სიების ლოკომოტივების» როლს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში დღევანდელი პრეზიდენტის ერთადერთი ანგარიშგასაწევი კონკურენტი ჯუმბერ პატიაშვილი (ასლან აბაშიძის «საპრეზიდენტო ამბიციები» ჩვეულებრივი ბლეფია, სინამდვილეში იგი აჭარიდან არსად წასვლას არ აპირებს) აღმოჩნდება მისთვის საკმაოდ მტკივნეული და არასასურველი ალტერნატივის წინაშე - მოიპოვოს დეპუტატის მანდატი (რაც თითქმის გარანტირებული აქვს «აღორძინების» სახით) თუ 9 აპრილს (!) დაელოდოს და უმაღლესი თანამდებობისათვის იბრძოლოს.
        არადა, მისი შანსი შევარდნაძესთან კვლავინდებურად მიზერულია:. დაახლოებით 1-7-თან ან 1-8-სთან.
        ასევე საკმაოდ «უხერხულ» მდგომარეობაში იქნებიან. სხვა პარტიული ლიდერებიც: ვახტანგ რჩეულიშვილი, ირინა სარიშვილი, კაკო ასათიანი, შალვა ნათელაშვილი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ მხოლოდ უმაღლეს «საპრეტენდენტო» ელიტაში საკუთარი პერსონის დასაფიქსირებლად, თორემ მათ შესანიშნავად იციან, რომ ედუარდ შევარდნაძეს ვერ დაჯაბნიან. მაგრამ, თუ ალტერნატივის წინაშე დადგებიან, ისინი უეჭველად დეპუტატობას არჩევენ - 2005 წლამდე პრეზიდენტობის საკითხი ფაქტობრივად გარკვეულია.
        ზემოთხსენებული საარჩევნო ნორმა ამოქმედდება უფრო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. გარდა ამისა, ცვლილება უეჭველად განაპირობებს დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებას, როდესაც პარტიის ლიდერობა და პარტიის უშუალო ხელმძღვანელობა ერთი და იგივე არ არის, რაც, კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე, «ამერიკული მოდელის» შესაბამისად ხელს შეუწყობს სახელისუფლებო შტოთა შემდგომ გამიჯვნას.

დრონი, 27 ივლისი, 1999 წელი