საპატრიარქოს პოლიტიკური აქტივობა საქართველოს დაქუცმაცებით ემუქრება

საპატრიარქოს პოლიტიკური აქტივობა საქართველოს დაქუცმაცებით ემუქრება

   

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოების შემდეგ რთული პოლიტიკური თამაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ ახალ სტადიაში შევიდა.
    ქართული ეკლესია პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობას კომუნისტურ ეპოქაშიც კი ინარჩუნებდა. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია იგი ამ თვალსაზრისით დღეს, როდესაც პოლიტიკური ვითარება კვლავინდებურად არამდგრადია, ხოლო პოლიტიკური ძალების ნევროზულობას საარჩევნო ციებ-ცხელების მოახლოება აძლიერებს.
    შობის დღესასწაულს ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია არამდგრად მდგომარეობაში ხვდება - მისი პოზიცია ნამდვილად შერყეულია, რაც უკვე გარკვეული ტრადიციის ნიშნადაც შეიძლება ჩაითვალოს: საქართველოში ეკლესია არასდროს (ვერასდროს) ასრულებდა იმ როლს, როგორსაც გრიგორიანული ეკლესია სომხეთში. განსხვავება პარადოქსულ მომენტშიც ვლინდება: სომხეთის პრეზიდენტი ეკლესიისგან დისტანციის დაცვასაც კი ცდილობს, ყოველ შემთხვევაში, გარეგან 1-ის აღსაყდრების ცერემონიალში ლევონ ტერ-პეტროსიანის მონაწილეობის საკითხი სერიოზულ ეჭვქვეშ იდგა ბოლო წუთამდე, ხოლო (ვთქვათ) ვაზგენ კათალიკოსის საერო ორდენით დაჯილდოვება სომხებისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა.
    ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყო ყოველთვის მაგრამ მისი პოლიტიკური აქტივობა სინამდვილეში ქართული ეკლესიის სისუსტეზე მიუთითებდა და მიუთითებს. სომხეთში ეკლესია ეჭვმიუტანელი ავტორიტეტია. ამდენად, იქ წარმოუდგენელია მოხდეს იმგვარი რამ, რაც თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მოხდა.
    ზოგიერთი ცნობით, შიდა განხეთქილების გაძლიერება აიძულებს ქართული ეკლესიის არეოპაგს, კიდევ უფრო გაააქტიუროს «საერო ძალისხმევა», რათა საბოლოოდ დაძლიოს კრიზისი, რომელშიც რთული გარე და შიდა ინტრიგების შედეგად აღმოჩნდა.
    «ორთოდოქსთა ამბოხი» მხოლოდ ერთი შეხედვითაა ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული პოლიტიკისთვის. ჯერჯერობით არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ განდგომილ ბერთა რელიგიურ მოთხოვნებს პოლიტიკური ჟღერადობა არ მიანიჭა, მაგრამ წარმოუდგენელია ასე დიდხანს გაგრძელდეს. ამ თემის გამოყენება მაინც ყოველთვის შესაძლებელია პოლიტიკურ ლოზუნგებად მისი დანაწევრების ფორმით.
    მაგალითად, განხეთქილება ქართულ ეკლესიაში ძალიან სერიოზულ საშიშროებას ქმნის ქართველი ერის პოლიეთნიკურობის გათვალისწინებით. ჯერჯერობით (მადლობა ღმერთს!) განდგომილნი თბილისში მოქმედებენ და ეთნიკურ კონსოლიდაციას საფრთხეს არ უქმნიან; მაგრამ საკმარისია საქართველოს რომელიმე კუთხეში (ვთქვათ, სამეგრელოში) გადაინაცვლონ, რომ ერის მთლიანობას სერიოზული საფრთხე შეუქმნან.
    ამის სიმპტომებიც უკვე გამოჩნდა.
    არ არის შემთხვევითი, თუ ორთოდოქსთა მხარდასაჭერად ამჯერად «ზვიადისტები» უფრო აქტიურობენ, ვიდრე სხვა პოლიტიკური ქვეჯგუფების წარმომადგენლები. შექმნილ ვითარებას, რასაკვირველია, ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ყველა ღონეს იხმარენ, რათა დაპირისპირება გააღვივონ. ამ თვალსაზრისით საკმარისია ყურადღებით წავიკითხოთ «Независимая Газета» ს დამატება «НГ-религии-ში» გამოქვეყნებული აშკარად პროვოკაციული სტატიები, რომლებიც დაპირისპირების გაღრმავებას ისახავენ მიზნად.
    თუ ილია II-ის ფაქტორი კიდევ უფრო გაძლიერდება პოლიტიკურ ასპარეზზე, ზემოთხსენებული ნეგატიური ტენდენცია პერმანენტულ, პროგრესირებად ხასიათს შეიძენს, რაც მთლიანობაში ქვეყანაში მიღწეულ სტაბილურობას კარგს არაფერს უქადის.
    ამ ტენდენციას არათუ აღმოფხვრის, არამედ პირიქით - გააძლიერებს რაიმე რეპრესიული ზომების მიღება განდგომილთა წინააღმდეგ საერო ხელისუფლების მხრიდანю
    იძულებულნი ვართ კვლავ და კვლავ მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატირება, რომ პროცესი შეუქცევად ხასიათს იძენს და ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან ეკლესიის ნაკლებად პოლიტიზირებაა.

7 დღე, 9 იანვარი, 1998 წ.