სანამ რუსული დათვი ბუნაგიდან გამოვა, თავს უნდა ვუშველოთ

სანამ რუსული დათვი ბუნაგიდან გამოვა, თავს უნდა ვუშველოთ

    ისტორიული ტრადიციისამებრ, რუსეთი სრულიად ამოუცნობ და განუჭვრეტელ ფენომენად რჩება. «Умом Россию не понять» - ჭეშმარიტად ასეა და ეს დებულება დღითი დღე იძენს უფრო მეტ დამაჯერებლობას, ვინაიდან კაცი ვერ იტყვის დანამდვილებით, მაინც რა უნდა ამ ხალხს, ამ საზოგადოებას – საით მიდის, რისკენ ისწრაფვის. . . . .
    შესანიშნავი რუსი მწერალი, გოგოლი რუსეთს მარხილში ჩაბმულ ცხენებს (ტროიკა) ადარებდა - «Куда мчишься ты? – дай ответ. Не даёт ответа!».
    ყოველივე თვით რუსული საზოგადოების თავსატეხი იქნებოდა, რომ არა მეტისმეტი «სიახლოვე», თუნდაც ტერიტორიულად, ამ ქვეყანასთან რომელსაც ერთხელ მიხეილ ჯავახიშვილმა «აფურთვნილი ცეცხლის ზღვა» უწოდა.
    ამდენად, მოსკოვსა და მთელ რუსეთში მიმდინარე პროცესები უეჭველად იმოქმედებს მეზობლებზე. მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, საქართველოს ბედიც დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთის მომავალზე.
    ნებისმიერი დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ბორის ელცინს კვლავ სურს, იყაროს კენჭი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ესეც თავისებური ტრადიციაა - გამომდინარე რუსეთის ისტორიიდან. ხელისუფლების მშვიდობიანი (ან უსისხლო) გადაცემის პრეცედენტი ამ ქვეყანაში ფაქტობრივად, არ არსებობს. უკეთეს შემთხვევაში მმართველი თავად კვდებოდა (ან მცირედ «წაეხმარებოდნენ» ხოლმე) და ძალაუფლებაც მისი მოწინააღმდეგის ან ტირანი-მემკვიდრის ხელში გადადიოდა.
    რომანოვებმა ხანგრძლივი ომებით წაართვეს ტახტი რიურიკოვიჩებს, ლენინელებმა – რომანოვებს. თვით ლენინელებიც ერთმანეთს ხოცავდნენ ტახტისთვის: სტალინმა წინამორბედის მომხრეები ამოწყვიტა და ხელისუფლება მათ ძვლებზე განიმტკიცა. ყველა მმართველი შემდგომშიც ან წინამორბედის სიკვდილით სარგებლობდა, ან უბრალოდ მოიშორებდა ხოლმე მას, რათა თავად გაეკვლია გზა ტახტისკენ.
    მაგალითად, ბრეჟნევმა – ხრუშჩოვი «ჩუმი» გადატრიალების შედეგად დაამხო. გორბაჩოვმა კი ტახტი მხოლოდ ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. და ა.შ. ხელისუფლების მშვიდობიანი და ლეგიტიმური გადაცემის ტრადიციის არარსებობა ქვეყნის დემოკრატიული პოტენციალის სისუსტეზე მეტყველებს უდავოდ. სწორედ ამიტომ, დასავლური დემოკრატები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ხოლმე ამ მომენტს - უკრაინა მას შემდეგ მიიჩნიეს სტაბილურ (ნამდვილ) დემოკრატიად, როდესაც მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ შეხვდა ლეონიდ კრავჩუკი პრეზიდენტის სასახლესთან ლეონიდ კუჩმას და ხელი ჩამოართვა, - ძალაუფლების გადაცემის ნიშნად.
    რუსეთში კი, ამგვარი რამ, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ხელის ჩამორთმევისა რა მოგახსენოთ - ბორის ელცინმა მიხეილ გორბაჩოვი ლამის პანღურისკვრით გააგდო კრემლიდან. შემდეგ უახლოეს თანამებრძოლებთან ერთად მის კაბინეტში მოილხინა, - ესეც აშკარად შუასაუკუნეობრივი ტრადიციაა: მტერზე გამარჯვების ზეიმი მის კარავში! მონღოლები ასე აღნიშნავდნენ გამარჯვებას. ტრადიციის «სისრულისთვის» ბორის ელცინს მხოლოდ იქვე (კარავში) გაგორებული წინამორბედის მოკვეთილი თავი და მისი უსაყვარლესი ცოლის გაუპატიურება აკლდა, თორემ ფსიქოლოგიურად, სოციალური წარმომავლობით «ლენინელი» ბორია დიდად არ განსხვავდება ჩინგიზელებისაგან.
    რა თქმა უნდა, არათუ ღიმილის, ჰომერული სიცილისა და ხარხარის მომგვრელია ლაპარაკი «რუსულ დემოკრატიაზე». რუსეთი დღესაც აღმოსავლური ტიპის მონარქიაა, რომელსაც, ფაქტობრივად, შეუზღუდავი უფლებების მქონე ყაენი მართავს.
    ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ იგი ასე ადვილად დათმობს ტახტს, შეურიგდება მოწინააღმდეგის არჩევას და კრემლის წინ ხელსაც ჩამოართმევს ძალაუფლების გადაცემის ნიშნად? ყოვლად შეუძლებელია და წარმოუდგენელი! ელცინს ერთ «დაღრეჯადაც» არ ეყოფა კონსტიტუციის მუხლი, რომლის თანახმადაც პიროვნებამ მხოლოდ ორჯერ შეიძლება დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. მიზეზი (საბაბი) ამ მუხლის შეუსრულებლობისთვის მოიძებნება.
    უკვე გაიჟღერა «ბრძნულმა მიგნებამ»: თურმე ნუ იტყვით, ბორის ელცინმა 1991 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რუსეთის ფედერაციის (რსფსრ-ის) პრეზიდენტად იყარა კენჭი, «ძველი კონსტიტუციის» შესაბამისად. ახალი კი მხოლოდ 1993 წელს ამოქმედდა «თეთრი სახლის» ტანკებით დაბომბვის შედეგად. აქედან გამომდინარე, ელცინს ჯერ მხოლოდ ერთხელ უყრია კენჭი და აქვს უფლება, მეორედაც იყაროს 2000 წელს. შესაბამისი არგუმენტაციაც გამოიძებნება საზოგადოების დასამშვიდებლად - მხოლოდ ელცინს შეუძლია ააშოროს რუსეთს სამოქალაქო ომი, რომელიც უეჭველად გაჩაღდება (თავად გააჩაღებს), თუ რომელიმე ოპონენტი გაბედავს დემოკრატიული გზით (ანუ არჩევნებით) წაართვას ხელისუფლება. ელცინის კონსტიტუცია საამისოდ უამრავ მექანიზმსა და ბერკეტს შეიცავს..
    ყველაზე საშიში პროცესი (საშიში - რუსეთის მეზობლებისთვის), რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს, არის არათუ მხოლოდ ნოსტალგია წარსულისადმი, არამედ საზოგადოების ცნობიერი დაბრუნება მის მიერვე თითქოსდა უარყოფილ წარსულში.
    გავიხსენოთ, რა ატმოსფერო სუფევდა რუსეთში 1990-91 წლებში. როგორ ლანძღავდნენ ტოტალიტარიზმს, კომუნისტებსა და საბჭოთა კავშირს. ვერ ვიტყვი, თითქოს რუსულ საზოგადოებას დემოკრატია სწყუროდა - ან აცნობიერებდა, რისთვის არის იგი საჭირო, უფრო «ძველი, გაძაღლებული ცხოვრება» მოსწყინდა - განუწყვეტელი რიგებითა და ერთფეროვნებით; «საბჭოთა-იმპერიული» სტერეოტიპები პოპულარობით აღარ სარგებლობდნენ.
    მათი ადგილი თითქოს სამუდამოდ დაიკავა ახალმა, ნორმალურმა «მომხმარებლურმა» ფსიქოლოგიამ. მაგრამ სულ მალე აღმოჩნდა, რომ ეს ყალბი შთაბეჭდილებაა. დავაკვირდეთ, რა ხდება ამჟამად: საოცარი პოპულარობით სარგებლობს (ვთქვათ) მხატვრული ფილმი «გაზაფხულის 17 გაელვება», რომელიც 1990-91 წლებში ანეკდოტების თემად იქცა. ეს არ არის შემთხვევითი – ნიჭიერი რეჟისორის მიერ შექმნილი «შტირლიცის ტიპი» გარკვეული სახის მენტალიტეტს ესადაგება. ამ მენტალიტეტის შეცვლა «მომხმარებლობას» არ შეეძლო. დემოკრატია კი მისი თვისებრივი არჩევანი არ ყოფილა.
    მეორე მაგალითი: ვინც ყურადღებით კითხულობდა და კითხულობს «ნეზავისიმაია გაზეტა»-ს, უეჭველად შენიშნავდა 1990 წლიდან - დღემდე მის საოცარ მეტამორფოზას. ლიბერალური გამოცემიდან იგი თანდათან იქცა ნეოიმპერიალისტურ, შოვინისტურ გაზეთად; ოღონდ (რაც მთავარია) რესპექტაბელობა არ დაუკარგავს - ამ მხრივ ისეთივეა, როგორც ადრე იყო. ეს კი იმის მაჩვენებელია (რედაქტორის უცვლელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება, არც ჰქონდეს), რომ საკუთრივ საზოგადოებაშიც და მის ელიტარულ ნაწილშიც ძალზე საყურადღებო ცვლილებები ხდება ან იქნებ, უბრალოდ, ძველი მენტალიტეტი აღდგა (მცირე გონებადაბინდულობის) შემდეგ.
    ვის შეუძლია, დაბეჯითებით თქვას, ამ ვითარებაში საით წავა ხვალ ეს ქვეყანა და რა მოხდება საერთოდ? ელცინი ტახტს არავის დაუთმობს, თუ არ მოკვდა ან თუ არ ჩამოაგდეს. ვის აირჩევს მის შემდეგ რუსული ელიტა? იქნებ ვინმეს ჰგონია, ზიუგანოვის უარყოფით ამოიწურება ყველაფერი? ზიუგანოვი მხოლოდ სიმბოლოა. რუსეთის არადემოკრატიულობას კი (ვიმეორებ) საზოგადოების მენტალიტეტში ძველი სტერეოტიპების აღდგენა, ლიბერალური ფასეულობების დისკრედიტაცია განსაზღვრავს.
    განურჩევლად იმისა, ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი ან რა ვითარებაში, რა ფორმით მოხდება ეს ცვლილება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხები კარგს არაფერს უნდა ელოდნენ მოსკოვიდან. იწყება ახალი ეტაპი, ახალი ეპოქა რუსეთის ცხოვრებაში, როდესაც ამ ქვეყნის, საზოგადოების მენტალიტეტს კვლავ ძველი სტერეოტიპები და მისწრაფებები ეუფლება.
    ნურავის ეგონება, თითქოს «დღეს სხვა დროა». რუსეთში დრო გაჩერდა, გაიყინა. მენტალური თვალსაზრისით, რუსეთში დღესაც ის დროა, როცა მონღოლთა მიერ ბოძებული «იარლიყის» წყალობით გაძლიერებულმა მოსკოვის სამთავრომ ურდოს ხარკი შეუწყვიტა, შემდეგ კულიკოვოს ველზეც სასტიკად დაამარცხა და განუხრელი ზრდა იწყო.
    რუსული ნაციონალიზმის მხეცმა უკვე გაიღვიძა, მიმოიხედა, საკუთარი ძალები გააცნობიერა და ახალი ნახტომისთვის ემზადება. კომუნისტები, შესაძლოა, «მოგონილნი» აღმოჩნდნენ იმასთან, რასაც რუსი დემოკრატები აკეთებენ და გააკეთებენ. დასავლეთი კი ყოველივეს პირდაღებული შესცქერის. მათ, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ რაც მეტი საქონელი იქნება მოსკოვის მაღაზიებში, მით უკეთესი «დემოკრატიისთვის».
    არადა, დემოკრატია უპირველესად, მენტალიტეტი - სულიერი მოთხოვნილება და ცნობიერების მდგომარეობაა. მხოლოდ ამის შემდეგ არის იგი მმართველობის ფორმა ან საბაზრო ეკონომიკა.
    ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, მარქსის დებულებით ხელმძღვანელობენ, რომ «ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას». ეს დებულება აშკარად ყალბია. მით უმეტეს - ისეთ ირაციონალურ ფენომენთან მიმართებაში, როგორიც რუსული სახელმწიფო და რუსული საზოგადოებაა.
    ჯერაც დაურწყულებელი რუსული სული ახალი იდეის მისაღებად არის მზად. ეროვნულ პლასტში ასეთი იდეა უკვე იბადება და ვაი, რუსეთის მეზობლებს!... რაც მთავარი და ყველაზე შემაძრწუნებელია, დემოკრატიული იდეა საბოლოოდ და სამუდამოდ დამარცხდა რუსეთში.
    ვამბობ «სამუდამოდ», ვინაიდან ატომურ ეპოქაში კიდევ ერთი «ისტორიული სპირალისათვის» არც დრო იქნება და არც მატერია.

7 დღე, 3 აპრილი, 1998 წ.