სანამ ამერიკას სძინავს, რუსეთი ფხიზლობს

სანამ ამერიკას სძინავს, რუსეთი ფხიზლობს

 

        ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მიმდინარე პროცესებისადმი განსაკუთრებული ინტერესით არასდროს გამოირჩეოდა. საკმარისია ითქვას, რომ ამერიკელთა 30 პროცენტს მთელი მსოფლიო ინგლისურად მოლაპარაკე ჰგონია და წარმოდგენაც კი არა აქვს, თუ სხვა ენებიც არსებობს.
        პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს სპეციალისტები გეოგრაფიის გაკვეთილებს უტარებენ. რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს ორივე «გუნდში» უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტთა არსებობას. სინამდვილეში, სწორედ ისინი ამუშავებენ გეოპოლიტიკურ გეგმებს ამა თუ იმ რეგიონში, ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არც ამ ექსპერტებს, არც თვით ლიდერებს ამჟამად «საგარეო პოლიტიკისათვის» არ სცხელათ.
        7 ნოემბრიდან დღემდე, სამი კვირაა, მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო ახალი პრეზიდენტის არჩევნებითაა დაკავებული. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ამერიკა პარალიზებულია –2001 წლის 20 იანვრამდე, ბილ კლინტონი პრეზიდენტია და ყველა სისტემა ჩვეულ რიტმში მუშაობს, მაგრამ მაინც, კლინტონი უკვე «კოჭლი ბატია» (ასე უწოდებენ ამერიკელი პოლიტოლოგები ყველა პრეზიდენტს არჩევნებიდან - ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე) და, რასაკვირველია, თავადაც მთლიანად ჩართულია ამ გრანდიოზულ ინტრიგაში.
        ასეთ პირობებში რა გასაკვირია, თუ რუსეთმა დრო იხელთა და, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესების დასაცავად, საქართველოზე «წნეხს» აძლიერებს.
        ამგვარი «იდეალური პირობები» მას არასდროს ჰქონია. ვითარება იმდენად სახიფათოა, რომ ყოველდღე შეიძლება ველოდოთ რაიმე ფართომაშსტაბიან სამხედრო პროვოკაციას – აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» საზღვრის ცალმხრივ გახსნაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ამას ყურადღებას საერთოდ აღარავინ მიაქცევს. რამდენიც უნდა «ვიყვიროთ» საპროტესტოდ (თუმცა «ყვირილი» მართლაც საჭიროა და «უაზრობა» მაინც არ არის), საეჭვოა, საპასუხო დემარშით ვაშინგტონმა «თავი აიტკივოს», სანამ თეთრი სახლის ბედი ბეწვზე ჰკიდია. Aანუ, არ არის გარკვეული, თუ ვინ წარუძღვება ამერიკას ახალ ათასწლეულში.
        პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, ასევე, ბილ კლინტონი, უეჭველად მოერიდება «მკვეთრ მოძრაობებს» ნებისმიერი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უნდა ვილოცოთ ქართველებმა, რომ წარმოშობილი კოლიზიაც რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს და ამ გრანდიოზულმა სახელმწიფომ, ყველა თვალსაზრისით, დაიკავოს ის ადგილი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის საერთაშორისო ასპარეზზე.
        სხვათა შორის, შექმნილი ვითარება ჩვენთვისაა ავისმომასწავებელი, თორემ იგი ამერიკის სახელმწიფოებრივი ან სოციალური სტრუქტურის რაიმე სერიოზულ კრიზისზე სულაც არ მეტყველებს. პირიქით - ის ფაქტი, რომ პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა ხმების დაახლოებით თანაბარი ოდენობა დააგროვა, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მთავარს: ამერიკის უზარმაზარი «საშუალო კლასი» თითქმის ზუსტად შუაზე გაიყო, ანუ, იგი ვერ ხედავს დიდ განსხვავებას კანდიდატებს შორის და (რაც მთავარია) არც რაიმე განსხვავებულ სოციალურ «შეკვეთას» აძლევს.
        ჯერჯერობით, რესპუბლიკელთა კანდიდატ ჯორჯ ბუშს მეტი შანსი აქვს: დასრულდა ხმების დათვლა ფლორიდის შტატის თითქმის ყველა საარჩევნო უბანში, გარდა ორისა, მაგრამ ამ ორ უბანშიც ხმების დათვლა შეწყდა ფლორიდის სასამარლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
        ამ უბნების გარდა, ყველა სხვა ოლქის მონაცემებით, ჯორჯ ბუშ-უმცროსმა რამდენიმე ასეული ხმით გაუსწრო ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატ ალბერტ გორს. მაგრამ გორი ემზადება აპელაციისთვის ფლორიდისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასამართლოებში.
        ახლოვდება საბედისწერო თარიღი – 17 დეკემბერი, როდესაც კონსტიტუციის შესაბამისად, ვაშინგტონში უნდა შეიკრიბონ «ელექტორები» და აირჩიონ ახალი პრეზიდენტი. თუ სასამართლო პროცესი 17 დეკემბრამდე არ დასრულდა, მაშინ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს უფლება, გამოაცხადოს, რომ «ამერიკელმა ხალხმა ვერ შეძლო 43-ე პრეზიდენტის არჩევა» და ეს მისია დაეკისრება კონგრესის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატას, სადაც აგრეთვე რესპუბლიკელებმა მოიპოვეს უმრავლესობა.
        თუ კონგრესმაც ვერ აირჩია პრეზიდენტი, მაშინ პრეზიდენტის ფუნქციას უხუცესი სენატორი შეასრულებს და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ამერიკა უპრეზიდენტოდ არ დარჩება, მაგრამ ამასობაში რა ელის საქართველოს და მთელ მსოფლიოს?!

დილის გაზეთი, 28 ნოემბერი, 2000 წელი