„სამხრეთ ოსური“ მახე

„სამხრეთ ოსური“ მახე

             
               
        «სამხრეთ ოსეთში» კრიზისის კულმინაციისას, როდესაც რუსეთის (და, ზოგადად, ძლიერი სახელმწიფოებისათვის) ჩვეული «ორმაგი სტანდარტის» შესაბამისად ჯავაში ჩრდილოკავკასიელმა «ბოევიკებმა» დაიწყეს შემოსვლა, ცნობილმა «ტელეკილერმა» მიხეილ ლეონტიევმა, რომელიც დერჟავული შოვინოზმისა და ლიბერალიზმის მსოფლმხედველობათა უცნაურ ნაზავს წარმოადგენს, პროგრამა «ოდნაკოს» მორიგი «ბომბარდირებისას» ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივი ფრაზა თქვა: «ქართველებს მახე დავუგეთ და როგორხ ჩანს ამჯერად გაებნენო».
                თანაც, არგუმენტად მოიტანა საქართველოს ხელისუფლების სავსებით გულწრფელი განცხადებები (მათ შორის, გოგა ხაინდრავას სიტყვები), რომ საქართველოს არაფრის დიდებით არ სურს ომის გაჩაღება, «რადგან ეს ქვეყნის მოდერნიზაციის ყველა ჩვენი გეგმის ჩაშლა იქნებოდა».
                ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ ამ ლოგიკით, «სამხრეთ ოსეთის მახეში» ჩვენი გაბმა და მორიგი დამანგრეველი ომის გაჩაღება სწორედ რუსეთის იმპერიულ გეგმათა განხორციელებაა.
                საბედნიეროდ, ამას თბილისშიც კარგად ხვდებიან (როგორც ჩანს) და ამის თავიდან ასაცილებლად კონფლიქტის ზონაში შინაგანი ჯარების კონტიგენტის შემცირებას იწყებენ, რათა მოწინააღმდეგეს ფორმალური არგუმნეტი აღარ დაუტოვონ.
                იმავე ლეონტიევის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებმა თავად მიაწოდეს ინფორმაცია ქართულ მხარეს რაკეტებით დატვირთული მანქანების ჩამოსვლის თაობაზე, რათა შესაბამისი ინციდენტის პროვოცირება მოეხდინათ და ამით «კაზუს ბელი» მიეღოთ.
                ამჟამად კი, 8 ივლისს მოვლენათა შემდეგ, რუსეთის მთავარი მიზანი «სტატუს-კვოს» სრული აღდგენაა და  მხოლოდ - სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაცია.
                «სრული სტატუს-კვო» კი გულისხმობს სამხრეთ ოსეთის გავლით, რუსეთიდან - საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კონტრაბანდული ტვირთის თავისუფალი გადაადგილების აღდგენასაც.
                მივაქციოთ ყურადღება: გენერალი ნაბზდოროვი და ცხინვალის ხელისუფლება უკვემოითხოვენ არა მხოლოდ იმ პოსტების ლიკვიდაციას, რომლებიც თვით სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში შეიქმნა, არამედ ფინანსური პოლიციის იმ საგუშაგოთა გაუქმებას, რომლებიც სამხრეთ ოსეთის გაღმა(!) ანუ კონფლიქტის ზონის ქართულ ნაწილში დაფუძნდა კონტრაბანდის აღსაკვეთად.
                კაცმა რომ თქვას, რაკი ოსებიცა და რუსებიც დაგომისის (1992 წლის 24 ივნისის) ხელშეკრულებას იმოწმებენ, იმ ხელშეკრულებაში მართლაც შავით თეთრზე წერია, რომ კონფლიქტის ზონა მოიცავს გორისა და ქარელის რაიონის (!) მნიშვნელოვან ნაწილს და ამ ზონაში ქართულ მხარეს არანაირი პოსტების შექმნის უფლება არა აქვს ე.წ. «სამმხრივ კომპანიასთან» შეთანხმების გარეშე.
                გარდა ამისა, იმავე ხელშეკრულებით, საქართველოს არა აქვს უფლება, შეზღუდოს ტვირთების გადაადგილება ან რაიმე ეკონომიკური ზემოქმედება განახორციელოს ოსურ მხარეზე.
                ესე იგი, ამ ინტერპრეტაციით, საქარტველოს (დაგომისის ხელშეკრულებით) იმის უფლებაც კი არა აქვს, რომ ხელი შეუშალოს კონტრაბანდის «ჩანჩქერს», რაც ანადგურებს ქვეყნის ეკონომიკას და ხელს უშლის ხელისუფლებას ელემანტარული წესრიგი დაამყაროს თავის ეკონომიკურ სივრცეში, რის გარეშეც რაიმე სახელმწიფოებრიობაზე (ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციურ პერსპექტივებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ლაპარაკი სასაცილოა.
                რასაკვირველია, თუ გავიხსენებთ, რა ვითარება შეიქმნა საქართველოში 1992 წლის ზაფხულში, გასაკვირი არ არის, თუ საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ ამგვარ კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი. იგი იმ დროს ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ოდესმე რუსეთთან ეკონომიკური საზღვრის ჩაკეტვა დასჭირდებოდა.
                აი, რუსულმა დიპლომატიამ კი, ეს ყოველივე ათწლეულების მიღმა ბრწყინვალედ გათვალა.
                აქედან გამომდინარე, არც ისაა გასაკვირი, რომ დღეს მოსკოვი გააფთრებით ცდილობს დაგომისის ხელშეკრულებით დაფიქსირებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს მცდელობას, შეცვალოს იგი თუნდაც იმ ნაწილში, რაც «კონტრაბანდული ჩანჩქერის» შეკავებას ეხება.
                თუ საქართველომ ეს შეძლო, რუსი ექსპერტების აღიარებით, ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიური, პირდაპირი და ირიბი დანაკარგი (30-40 პროცენტი) აღუდგება, მეტი რესურსიც ექნება სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტატ, რაც სრულებითაც არ ეპიტნავება რუსეთს.
                ამრიგად დღეს რუსეთის მთავარი მიზანი სწორედ სასაქონლო ნაკადთა თბილისის მიერ უკონტროლობის შენარჩუნებაა.
               
               

იმპერიალიზმის დევერსანტი

            ამ დღეებში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ანალიტიკური მოსკოვული გამოცემა, გაზეთი «კომერსანტ-დეილი» წერდა: «მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთში მესამე რევოლუციის ორგანიზება, მან მაინც მოახერხა საქართველოსათვის ძალზე მნიშვნელოვანი ტაქტიკური ამოცანის გადაწყვეტა: შეაჩერა კონტრაბანდის ნაკადი რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთის გავლით, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში, რის შედეგადაც, ქვეყნის ბიუჯეტის პირდაპირი და ირიბი დანაკარგები 30-40 პროცენტს აღწევდა».
                ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი მმართველი გუნდის პრაგმატიზმის გათვალისწინებით, მისი მთავარი მიზანი, იმთავითვე, არა «სამაჩაბლოს დაბრუნების» ილუზორული ამოცანის დაუყოვნებელი განხორციელება იყო, არამედ სწორედ ხსენებული ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტა: გამანადგურებელი კონტრაბანდის შეჩერება და შეწყვეტა.
                მოსკოვში, შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ, რუსული დიპლომატიის «ბებერმა მგე,მა» ვალერი ლოშჩინინმა, როცა შემაჯამებელ დოკუმენტს კუთხულობდა, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ დებულებას, რომ 1კონფლიქტის ზონაში ტვირთების ჰადაადგილების შეფერხება» დაუშვებელია.
                აქ კიდევ ერთხელ გამოვლინდა ამ ეტაპზე რუსული პოლიტიკის ძირითადი მიზანი: მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ ის ხერხები და მეთოდები, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს სამხრეთ ოსეთიდან (ფაქტობრივად, საქართველოს გეოგრაფიული ცენტრიდან) დანარჩენ საქართველოში «კონტრაბანდის ჩანჩქერის» შესაკავებლად - გრძელვადიანი თვალსაზრისით სრულიად ფუჭი და უნაყოფო იქნება.
                ელემენტარული ანალიზიც კი ადასტურებს, რომ ერგნეთის ბაზრობის გაუქმება მხოლოდ დროებით ეფექტს გამოიღებს: ბაზრობა, უბრალოდ, გადაინაცვლებს საკუთრივ ცხინვალში და, სამიოდე თვის შემდეგ, იქიდან, წვრილ-წვრილი პარტიებით, «მცირე ნაკადულებით», შეუჩერებლად შემოვა კვლავ საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში, ისევ და ისევ დამანგრეველი და გამანადგურებელი შედეგებით ქვეყნის ეკონომიკისათვის.
                ამ ნაკადთა შეჩერების მცდელობა იგივეა, ნავში, რომელსაც ასეულობით ნახვრეტი გაუჩნდა, ხელის გულებით ცდილობდე წყლის ჭავლთა შეკავებას.
                ბუნებრივია, ერთადერთი (თეორიულად კი) შესაძლებლობაა მხოლოდ და მხოლოდ როკის გვირაბის გაკონტროლება, მაგრამ ამის ალბათობა (ნებისმიერი დათმობის ფასად) ზუსტად ნულის ტოლია, ვინაიდან ამით რუსეთი საქართველოზე ზემოქმედების ძალიან მძლავრ ბერკეტს დაკარგავს და ჩვენი ქვეყნის თავისუფალი განვითარების პერსპექტივას შეურიგდება.
                ხოლო ერთადერთი პრაქტიკული გამოსავალია ხელისუფლების მიერ სავსებით სამართლიანი, მაგრამ დრაკონული ზომების მიღება: აღურიცხავი პროდუქციისა და კონტრაბანდის გათანაბრება, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გამკაცრება ამ კატეგორიისათვის და, რაც მთავარია, კონტრაბანდის ბუდეთა, ანუ ე.წ. ბაზრობების გაუქმება.
                მაგრამ, მოსკოვის «ანალიტიკურ ლაბორატორიებში» ზუსტად გათვალეს, რომ ასეთი ზომების მიღება კარდინალურად დაძაბავს ვითარებას ქვეყანაში.
                ფაქტობრივად, ხელისუფლებას მოუწევს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდეს (ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე) ქართული სოციუმის მნიშვნელოვან ნაწილს, ასეულობით ათას ადამიანს, რომელიც დემპინგით, კონტრაბანდით, ფალსიფიკაციით, ანუ საკუთარი სახელმწიფოს ნგრევით იკვებება.
                არადა, მართლაც ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა, რომ ის საბრალო, მოხუცი ქართველი ქალი, ვინც ორიოდე ლარის მოსაგებად, მთელ დღეს ხარჯავს და ცხინვალიდან გორის ბაზარზე მოსახვედრად სოფელ-სოფელ, ჭალა-ჭალა დადის წვიმასა და სიცივეში (ასეთი ათეულობით ათასია), რეალურად, მისდაუნებურად, იმ «დივერსანტის» ფუნქციას ასრულებს, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოს მაქსიმალურად დასასუსტებლად და პრობლემათა გასამრავლებლად,
                აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სუსეთი გამოსავალსაც გვთავაზობს, რომელმაც უკვე გაიელვა ზოგიერთი მოსკოვური გაზეთის ფურცლებზე: საქართველომ გააფორმოს საბაჟო კავშირი რუსეთთან (ესე იგი, ფაქტობრივად, შევიდეს რუსეთის საბაჟო სივრცეში), ამით გაუქმდება ყოველგვარი ეკონომიკური საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის, შეიქმნება ერთობლივი გარე საზღვარი (ვთქვათ, რუსეთ-საქართველოს ერთობლივი საბაჟო სარფში) და ამ გზით, «ოსური კონტრაბანდის» თემა თავისთავად ამოიწურება.
                ერთი შეხედვით, მარტივი გამოსავალია. ოღონდ, თუ იმ უდავო დებულებას არ გავითვალისწინებთ, რომ სხვა ქვეყნის საბაჟო სივრცეში შესვლა (თუნდაც «საბაჟო კავშირის» ფორმით) იმ სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლას ნიშნავს.
               
               

წყეული ქართული კითხვა

            ბოლოდროინდელი გამწვავების დროს, რომელიც ლამის კიდევ ერთხელ დასრულდა რუსეთ-საქართველოს ომით, თბილისის «ექსპერტულ ბომონდში» კვლავ ისმოდა ჩვენი პოლიტიკური და საზოგადო ელიტისათვის «მარადად» ქცეული მჭმუნვარე კითხვა: მაინც, რა უნდა რუსეთს საქართველოსგან?
                ეს კითხვა 1992 წლიდან ისმის ამ ქვეყანაში და, როგორც ჩანს, იმავე «ცნობიერ ფუნქციას» ასრულებს ქართულ მსოფლმხედველობაში, როგორც მე-19 საუკუნის «წყეული რუსული კითხვები» - «რა ვაკეთოთ» და «ვინ არის დამნაშავე».
                ცოტა არ იყოს, კომიკურ ელფერსაც კი იძენს, რა დაჟინებით იმეორებენ ერთსა და იმავეს: მთავარია, დავადგინოთ, რა უნდა რუსეთს. თუ დავადგენთ (ანუ, როგორც ჩანს, ამით ქართული პოლიტიკის «ინტელექტუალურ მწვერვალს» მივაღწევთ) მაშინ იმაზე ვიმსჯელებთ, ღირს თუ არა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და, ამ ფასად, ჩვეი პრობლემის გადაწყვეტა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
                ერთი სიტყვით, კვლავ და კვლავ მთავარია გავიგოთ, მივხვდეთ, გამოვიცნოთ, რა უნდა რუსეთს. როგორმე - ხვეწნით, მუდარით, მოსყიდვით, მოთაფვლით - ვათქმევინოთ რუსებს: რა უნდათ ჩვენგან, რას მოითხოვენ, ბოლოს და ბოლოს?
                ფედერაციაზეც ხომ თანახმა ვართ «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» აღდგენაზეც, მათი სამხედრო ყოფის შენარჩუნებაზეც, ანტიტერორიზმმზეც, მაგრამ, ეტყობა, «ეს ის» არ არის - კიდევ უნდათ რაღაც, ანუ, ნეტავ და მართლაც, რა უნდა რუსეთს?!
                არადა, პასუხი ამ კითხვაზე, სინამდვილეში, საოცრად მარტივია: არაფერი! რუსეთს საქართველოსგან არაფერი არ უნდა!!!
                მისი ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიას (ანუ რუსეთის ყველაზე პრობლემურ და მნიშვნელოვან რეგიონს), საერთოდ ვერ შედგეს როგორც სახელმწიფო, მუდმივად დარჩეს ღარიბ-ღატაკ, დაგლახავებულ, დაჩაჩანაკებულ ქვეყანად, რომლისკენ გამოხედვაც კი არ მოუნდება ნორმალურ ადამიანებს, არათუ აქ ბიზნესის წარმოება ან უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩამოსვლა.
                გარწმუნებთ, ორი კი არა, ასი სამხედრო ბაზა თუ «ანტიტერორისტული ცენტრი» რომ გავუხსნათ ჩვენში რუსეთს, - მისი ეს ინტერესი არ შეიცვლება. თუ, რასაკვირველია, საქართველო ეკონომიკური, პოლიტიკური და ყველა სხვა თვალსაზრისით რუსეთის სახელმწიფოებრივი სივრცის ნაწილად არ იქცა და მოსკოვს არ გადააბარა უკლებლივ ყველა პროცესის მართვის ბერკეტი ეკონომიკური საზღვრიდან - სასწავლო პროგრამებამდე.
                ასეთ შემთხვევაში, მოსკოვმა, შესაძლოა, კიდეც იზრუნოს თავისი ერთ-ერთი რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში შემავალი «თათარსტანის რესპუბლიკის» ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება - ბევრ რუს პოლიტიკოსს ამგვარი პერსპექტივა სულაც არ მოეჩვენება სიგიჟედ.

19 ივლისი, ორშაბათი, 2004 წელი
                24 საათი