„სამხრეთ ოსეთის“ პრობლემა: მრავალუცნობიანი განტოლება

„სამხრეთ ოსეთის“ პრობლემა: მრავალუცნობიანი განტოლება

     
              გასულ კვირას «სამხრეთ ოსეთსა» და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გარშემო მიმდინარე მოვლენები კვლავინდებურად რჩებოდა როგორც ოფიციოზური, ასევე, შედარებით დამოკიდებული რუსული მედიის ყურადღების ცენტრში.
        მაშასადამე, შეიძლება ვივარაუდოთ, საკითხი მართლაც აღელვებს არა მხოლოდ ისტებლიშმენტს, ელიტასა და «ექსპერტულ თანამეგობრობას», არამედ თვით რუსულ საზოგადოებასაც.
        საოცარია, მაგრამ არა მარტო მიხაილ ლეონტიევის მაგვარი «ლიბერალ-შოვინისტები», არამედ საქართველოსადმი არცთუ ბოროტგანწყობილი ადამიენბიც კი საოცრად ტენდენციურობასა და არაობიექტურობას ამჟღავნებენ ცხინვალში განვითარებულ პროცესებზე მსჯელობისას. როგორც ჩანს, მათ ნამდვილად შენიშნეს, რომ აჭარის გარდატეხის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის საერთო «გამოჯანმრთელების» პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და ეს ძალიან აშინებთ, რაკი ინსტიქტურად გრძნობენ: არც ერთ ქვეყანას პოსტსაბჭოურ სივრცეზე (აქ არავითარი გდაჭარბება არ არის) რუსეთისათვის ისეთი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც საქართველოს, ვინაიდან სწორედ საქართველო ესაზღვრება რუსული სახელმწიფოს «მზის წნულს» _ ჩრდილო კავკასიას.
        თავის მხრივ, ამგვარი გეოპოლიტიკური რეალობა ჩვენს სასარგებლოდაც შეიძლება გამოვიყენოთ (სტრატეგიული პრობლემების გადაჭრისას), მაგრამ არასწორი თუ არაზუსტი გათვლის შემთხვევაში, _ იგი ქვეყნის საბოლოოდ დამანგრეველ ფაქტორად იქცევა, რაკი რუსეთს, საქართველოზე ზემოქმედებისათვის, ჯერ კიდევ ძალიან მძლავრი ბერკეტები აქვს შენარჩუნებული.
        სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, ხელისუფლება ამ რეალობას, როგორც ჩანს, მკაფიოდ აცნობიერებს. პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო განცხადებები (ბობოყვათში გამართული პრესკონფერენციისას) ადასტურებს, რომ იგი ხვდება, რამდენად საშიში იქნებოდა ახალი ნაციის (ევროპული გაგებით) ფორმირებისას, გასულ წლებში ედუარდ შევარდნაძის მიერ მიძინებული ქართული ეთნონაციონალიზმის ურჩხულის გამოღვიძება.
        მეროე მხრივ, პრემიერ-მინისტრის სტრატეგია (გასულ კვირას მთავრობისადმი ნდობის დადსტურებისას იგი კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა) გულისხმობს ლიბერალურ პრაგმატიზმს რუსეთთან თანამშრომლობის მიზანშეწონილი ეკონომიკური მოდელის ფორმირებისას.
        სინამდვილეში, ეს ორი მიმართულება უმჭიდროესად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მათი დაცალკევება პრინცილულად შეუძლებელია, რაც ერთმნიშვნელოვნად დაამტკიცა თვით რუსეთის მიერ შერჩეულმა ტაქტიკამ «სამხრეთ ოსეთის» მოვლენებზე რეაგირებისას.
        რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში რუსი ჟურნალისტი ვლადიკავკაზი-ცხინვალი-გორის მარშრუტით მოგზაურობის შემდეგ წერდა, რომ ვლადიკავკაზში დაბრუნებამდე, როკის გვირაბთან(!) შეხვდა რუსული კონტრდაზვერვის (ტჟბ) თანამშრომელი და ერთი შეხედვით უცნაური კითხვა დაუსვა: «ერგნეთის ბაზრობის გაუქმებით (არადა, იგი მთლიანად არ გაუქმებულა და ვერც გაუქმდებოდა _ თუმცა, ეს სხვა თემაა) გორში პური თუ გაძვირდებაო».
        ბუნებრივია, რუსეთის კონტრსაზვერვას თვით გორშიც ჰყავს ინფორმატორები, მაგრამ ტრადიციულად რამდენიმე წყაროთი სარგებლობს. ნიშანდობლივი კი აქ ის არის, რომ რუსულ სპეცსამსახურს აინტერესებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების სოციალური (შემდგომ, აქედან გამომდინარე პოლიტიკური) შედეგები, რაკი მოსკოვშიც შესანიშნავად ესმით: პურის გაძვირება აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ დაძაბულობას და გარეგნულ დამაჯრებლობას შემატებს ახლახან დამტკიცებული მთავრობის სადღეგრძელოს «ლუდით შემსმელთა» არგუმენტაციას.
        სწორედ ამიტომ, მოსკოვი არასდროს არ დაეთანხმება (ტყუილად გვაქვს იმედი) როკის გვირაბთან თუნდაც ერთობლივი საბაჟო პუნქტის გახსნას _ ამით მას წაერთმევა ძალზე ქმედითი ბერკეტი საქართველოს ეკონომიკურ და სოციო-პოლიტიკურ ვითარებაზე უშუალო ზეწოლისათვის.
        მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს საკუთარ «მზის წნულთან» (ჩრდილო კავკასიასთან) მეზობლად რუსეთს ხელს აძლევს აყვავებული, მდიდარი, სწრაფად განვითარებული, მდიდარი, სწრაფად განვითარებადი, ერთიანი და კონსოლიდირებული ქვეყნის არსებობა _ განურჩევლად იმისა, რამდენად მეგობრული პოლიტიკაც უნდა გაატაროს მის მიმართ ქვეყნის ხელისუფლებამ.
        ქართულ პოლიტოლოგიაში ამ თემატიკაზე მსჯელობა ან ცუდ ტონად ითვლება, ან საერთოდ არ აღიქმება თვით პრობლემის არსებობა, რაკი დამკვიდრებული პრომიტიული სქემის შესაბამისად, რუსეთი მხოლოდ მანამ არ არის დაინტერესებული საქართველოს ერთიანობით, სანამ თბილისიდან ისმის განცხადებები «ნატოში გაწევრიანებასთან» დაკავშირებით. ხოლო საკმარისია ასეთი რიტორიკა შეწყდეს, უფრო «მოქნილი პოლიტიკა» გავატაროთ და მისი დამოკიდებულებაც შეიცვლება.
        სინამდვილეში, ცხინვალის მაგალითი, რომელსაც მოსკოვი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ვითარების სტაბილიზირების ხელშეშლისათვის იყენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს ხელისუფლებას, თუ მართლაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამორიცხოს რუსეთის ნეგატიური ზეგავლენის ფაქტორი საქართველოს განვითარების ხელისშემშლელ სხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ ფაქტორთა რიგიდან.
        «ნდობის არგუმენტი» აქ არასაკმარისია. რუსეთი აშკარად ითხოვს იმგვარი სისტემის შექმნას, რომელიც ისტორიულ პერსპექტივაშიც დაუტოვებს მას ზემოქმედების ბერკეტებსა და მექანიზმებს. სხვაგვარად, ნებისმიერი კომპრომისი მისთვის მიუღებელი და ფორმალური (მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირებული და ოდენ იმ ქაღალდის ღირებულებისა) იქნება.
        უემოციო ანალიზი ცხადყოფს: ამგვარ გარანტიად მოსკოვი აღიქვამს, ჯერ ერთი, საქართველოს ეკონომიკურ და (უპირველესად) ენერგეტიკულ სისტემაში მტკიცედ დამკვიდრებას და (გარდა ამისა) სამხედრო-სტრატეგიული ფაქტორების შენარჩუნებას სამხრეთ კავკასიაში ვითარებაზე ზემოქმედებისათვის.
        ნუ ვიტყვით, თითქოს ეს მხოლოდ რუსეთის «გენეტიკურად ბოროტი განზრახვაა» და არაფერი მსგავსი სხვა დიდ სახელმწიფოებს არ შეიძლება ახასიატებდეს, როდესაც საქმე მის უშუაო მეზობელს ეხება. ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის ნახევარი საუკუნეა, მეზობელი კუბის უმოწყალო ეკონომიკურ ბლოკადას მიმართავს, რაკი მან «გეოპოლიტიკურ კოორდინატთა სისტემის გამოცვლა» გადაწყვიტა.
        ამ რეალობის კვლავ «მიკროდონეზე» დაყვანით კი იმ დასკვნას ვიღებთ, რომ მაგალითად, პურის გაძვირების შემთხვევაში, მოსკოვს სურს პრობლემა საქართველომ გადაწყვიტოს არა ერგნეთის ბაზრობის დახურვით, არამედ მასთან ერთობლივი საბაჟო სივრცის («საბაჟო კავშირის») შექმნით, რის შედეგაგაც «ერგნეთის თემა» მართლაც ერთხელ და სამუდამოდ ამოიწურება. აღარ იარსებებს ეკონომიკური საზღვარი რუსეთთან (მათ შორის, არ იარსებებს საზღვარი არც საქართველოდან რუსეთში შეტანილი საქონლისთვის, რომელიც ამჟამად გამკაცრებულია) და მხოლოდ ამ გზით «შეწყდება» კონტრაბანდა რუსეთიდან.
        სხვა საკითხია, რამდენად მისაღები ან მიუღებელია ეს საქართველოსთვის. დამკვიდრებული დოგმები, რა თქმა უნდა, გამორიცხავენ დადებით პასუხს. თუმცა, თუ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, პრობლემა სიმწვავეს თავისთავად დაკარგავს.
        ამავდროულად, «ცხინვალის კონტრაბანდული არხით» საქართველოს შიდა ბაზარზე ფასების რეგულირების გარდა, დღევანდელ პირობებში მოწყვლადი და სუსტი ხდება აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური სივრცე, რადგან «ობიექტური არგუმენტები» რუსეთის ულევი მსტოვრობისათვის (ქართულ ელიტაში) სწორედ ამ მეთოდებით იქმნება: მართლაც, განა რა შეიძლება იყოს «პურის გაძვირებაზე» უფრო კეთილშობილი და სამართლიანი არგუმენტი ხელისუფლების (უპირველესად მთავრობის) წინააღმდეგ?!
        აქედანაც ჩანს, რომ მინისტრთა კაბინეტს ურთულესი, მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნა მოუწევს. მისი კომპონენტებია დიდი პრივატიზება (ისევ და ისევ რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკებით); ახალი საგადასახადო კოდექსი (მრავალხრივ ინტერესთა გარდაუვალი კონფლიქტით); საგარეო ვალების პრობლემა; საპენსიო რეფორმა; საბიუჯეტო ორგანიზაციატა საკადრო შემცირება და სხვა მრავალი.
        დადებით მომენტად უნდა ჩაითვალოს, რომ ურთულესი «განტოლების» ამოხსნისას ხელისუფლების მოქმედებაშიც გარკვეული სისტემურობა და არაქაოტურობა იგრძნობა: კახა ბენდუქიძის დანიშვნა ეკონომიკის მინისტრად; უკიდურესად რადიკალური ლიბერალური კონცეფციის გამოქვეყნება (თუნდაც «დღგ»-ს გაუქმების ინიციატივა); ცხინვალის რეგიონში სწორედ კონკრეტულად ეკონომიკური დივერსიის ფაქტორის წინააღმდეგ ბრძოლა (პოლიტიკური და «ეროვნული» ასპექტის სამომავლოდ გადადებით); რუსეთთან სტრატეგიული კომპრომისისათვის მზადყოფნა (ბაზების ნაცვლად «ანტიტერორისტული ცენტრის» შექმნის შეთავაზება); განცხადებები საქართველოს ფედერალური მოწყობის შესახებ და ასე შემდეგ _ ეს ყოველივე ერთიან ყალიბში, ერთ საერთო კონცეფციაში თავსდება, რაც უკვე მისასალმებელია, რადგან არაფერი შეიძლება იყოს პოლიტიკურ «მიეთ-მოეთზე» უარესი, როდესაც არანაირი სტრატეგია არ არსებობს და ხელისუფლება არჩევნებიდან-არჩევნებამდე ტაქტიკური ამოცანების გადაჭრითაა დაკავებული, რასაც ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
        ახალი მოდელის ავკარგიანობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ, როდესაც იგი შედარებით დასრულებულ სახეს შეიძენს და პირველ შედეგებსაც გამოიღებს, ანუ დაახლოებით გვიან შემოდგომისათვის _ საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის, «დიდი პროვატიზების» დასრულებისა და ბაზების საკითხის ასე თუ ისე გადაჭრის შედეგად.
        პრეზიდენტ პუტინის მთავარ «პოლიტტექნოლოგად» მიჩნეულმა გლებ პავლოვსკიმ, ამას წინათ აღნიშნა, რომ მისი აზრით, საქართველოს მმართველი ტრიუმვირატი ცდილობს «შექმნას ახალი ნაცია _ არშემდგარის ნაცვლად»(!). დავეთანხმებით თუ არა განვლილი ისტორიული პერიოდის ასეთ შეფასებას _ ამ შემთხვევაში მთავარი არ არის. აქ უფრო მეტად საგულისხმოა ახალი, გააზრებული და ერთიანი სტრატეგიის არსებობის აღიარება, რომლის განხორციელება უდიდეს პოლიტიკურ კულტურას, კონსოლიდირებულობის უმაღლეს დონესა და ფილიგრანულ ოსტატობას მოითხოვს.
        თუ ქართული საზოგადოება (მთლიანობაში) ამას მოახერხებს და ქვეყნის აღდგენას შეძლებს, ნამდვილი სასწაული იქნება. მაგრამ განა ის (მაგალითად), რაც აჭარაში მოხდა _ სასწაული არ იყო?

14 ივნისი, ორშაბათი, 2004 წელი
        24 საათი