სამშვიდობო ძალები აფხაზეთში 31 იანვრის შემდეგაც დარჩებიან

სამშვიდობო ძალები აფხაზეთში 31 იანვრის შემდეგაც დარჩებიან

     გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური რეზოლუციით კიდევ 6 თვით (1998 წლის 31 ივლისამდე) გაუგრძელა მანდატის ვადა აფხაზეთში სრულიად უსაქმოდ მყოფ სამხედრო დამკვირვებლებს
    მართალია, პირდაპირი კავშირი გაეროს დამკვირვებლისათვის ვადის გაგრძელებასა და რუსეთის ჯარის კონფლიქტის ზონაში დარჩენას შორის თითქოს არ არსებობს, მაგრამ უახლესი წარსულის გამოცდილება ადასტურებს: ეს მაინც ნიშანდობლივი სიმპტომია.
    ყოველთვის, როცა გაეროს უშიშროების საბჭო ამგვარ რეზოლუციას იღებდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოც (სმს) ასევე აგრძელებდა აფხაზეთში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მანდატს. აქვე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა აღინიშნოს: ასეთი გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში განპირობებული იყო საქართველოს ხელისუფლების თხოვნით (სხვაგვარად გაერო რეზოლუციას ვერ მიიღებდა), თუმცა ამის აფიშირება გასაგები მიზეზების გამო არ ხდებოდა.
    ამჟამად ანალოგიური ვითარება იქმნება: ხელისუფლების ყველა მცდელობა, როგორმე დაერწმუნებინა რუსეთი სეპარატისტთა წინააღმდეგ ერთობლივი ქმედების აუცილებლობაში, უშედეგოდ დასრულდა. უფრო ზუსტად, რუსეთს არა აქვს და არც არასდროს ექნება ამის სურვილი (თუნდაც საქართველოს მხრიდან სტრატეგიული დათმობების ფასად) მარტო იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების აფეთქების ეშინია. კიშინიოვისა და მოსკოვის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილება გალის რაიონში ლტოლვილების დაბრუნების, სამშვიდობო ძალთა ენგურიდან-ღალიძგაზე გადაადგილების შესახებ აფხაზთა გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება.
    მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტისადმი დაპირებისა, ბორის ელცინს ამ გადაწყვეტილებაზე ხელი არც მოუწერია. ამ ვითარებაში მომავალი სამიტი, რომელიც მოსკოვში 19 მარტისთვისაა დაგეგმილი, ახალს არაფერს მოიტანს. საქართველოს დელეგაცია დასვამს საკითხს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ, ელცინი კი აფხაზური მხარის თანხმობას მოითხოვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში «შეიძლება ომი განახლდეს და სისხლისღვრაში რუსული არმიაც აღმოჩნდეს ჩათრეული».
    მოსალოდნელია, რომ ამ პირობებში კვლავ გამოიძებნება ჯარების კონფლიქტის ზონაში დატოვების გამამართლებელი ფორმულა: «მშვიდობისმყოფელთა ენგურის აუზში დატოვება აუცილებელია არა ლტოლვილთა დასაბრუნებლად (რასაც ისინი არ აკეთებენ და არც გააკეთებენ), არამედ ომის თავიდან ასაცილებლად».
    შესაძლოა, სამიტმა ისევ მიიღოს არაფრისმომცემი რეზოლუცია, რომელიც არ შესრულდება, ვინაიდან არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს მისი აღსრულების რეალური მექანიზმი. ხოლო თუ ლაპარაკია იმაზე, რომ 31 იანვრის შემდეგ «რუსეთის ჯარი აფხაზეთში უკანონო ვითარებაში აღმოჩნდება», იგი ხომ აგვისტოდან ისედაც უკანონოდ იმყოფება კონფლიქტის ზონაში. ოფიციალურად საქართველოს არ დაუდასტურებია მათი იქ ყოფნა, ხოლო სახელმწიფოს მეთაურთა სამიტის გადაწყვეტილება არ არის სანქცირებული რუსეთის პრეზიდენტის (დსთ-ს მოქმედი თავმჯდომარის) მიერ.
    საზოგადოება ხელისუფლების ამგვარ ქმედებას მაინც მოუძებნის გამართლებას: ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილს ქვეცნობიერად ეშინია, რომ თუ შევარდნაძეს მეტისმეტად «მიაწვება», პრეზიდენტმა შეიძლება მართლა მოითხოვოს ჯარების გაყვანა და წამოიწყოს ახალი ომი, - თუკი შეატყო, რომ ამ ნიადაგზე ახალი შიდაქართული დაპირისპირების მასშტაბები მის ძალაუფლებასაც საფრთხეს უქმნის.
    ანუ, შევარდნაძის ტაქტიკა ასეთია: ომი გნებავთ? – ინებეთ! საკუთარი თავის იმედი კი საზოგადოებას ყველაზე ნაკლებად აქვს. ასეთ ვითარებაში არც ერს მოეკითხება რამე და არც ბერს. მათ ერთმანეთის სასაყვედურო მართლაც არაფერი აქვთ.

მერიდიანი, 2 თებერვალი, 1998 წ.