სამურზაყანოში ქართველი პარტიზანები გააქტიურდნენ

სამურზაყანოში ქართველი პარტიზანები გააქტიურდნენ

             გუშინ სეპარატისტთა ეგრეთ წოდებულმა, «უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა» ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გალის რაიონის ქვედა ზონაში სამი «მილიციელის» მკვლელობასთან დაკავშირებით. «მილიციელებში», რასაკვირველია, «ჩვენი მილიცია» არ იგულისხმება.
        როგორც ჩანს, არძინბა სერიოზულად შეაშფოთა 7-8-თვიანი იდილიის დარღვევამ. ამ ხნის განმავლობაში პარტიზანებმა შეაჩერეს თავიანთი დიდებული საქმე - მომხდური ავაზაკების ხოცვა და არძინბასაც სრული სიმშვიდის ილუზია შეექმნა.
        საბედნიეროდ - დროებით.
        არ არის გამორიცხული, სეპარატისტი ავაზაკების დახოცვა გალის რაიონში პარტიზანული აქტივობის ახალი ტალღის მომასწავებელი იყოს. სეპარატისტები ამ ტალღის ძირშივე აღკვეთას შეეცდებიან, ამიტომაც უკიდურესი ზომებით იმუქრებიან: გალის რაიონში სოხუმი «დამატებითი რაზმების» შეყვანას გეგმავს, რაც თურმე, უკვე შეთანხმებულია რუსეთის სამშვიდობო ძალთა სარდლობასთან.
        ამას კი ნამდვილად არ იტყუებიან. გენერალმა კორობკომ, როგორც ყოველთვის, ყველაფერში საქართველო დაადანაშაულა. ამასობაში, სეპარატისტთა საინფორმაციო «დივერსანტები» აქტიურად მუშაობენ რუსულ მედიაში. ისინი ოსტატურად იყენებენ ჩეჩნეთის ფონს და ხაზს უსვამენ გალის რაიონში «ქართველი ტერორისტების» მოქმედებას, რათა რუსულ საზოგადოებას ასოციაციები გაუჩინონ «ჩეჩენ ტერორისტებთან» - ვერაფერს იტყვი, დიდად ძმური ნაბიჯია ჩეჩნების მიმართ, რომლებმაც აფსუებს აფხაზეთის ომში მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
        თუმცა, რომელ სინდისიერებასა და «კავკასიელობაზეა» ლაპარაკი, როდესაც ჩეჩენი ხალხის ეროვნულ გმირს, ტემირბულატოვს ნალჩიკში (!) ანუ ადიღ-ჩერქეზთა საერთო დედაქალაქში ასამართლებენ და მასთან ერთად ასამართლებენ მთელ ჩეჩენ ხალხსაც.
        რაც შეეხება ქართველ პარტიზანთა მოქმედებას: სერიოზულად შესასწავლია, რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ გააქტიურებას. ძალზე საეჭვოა, არძინბას ხროვამ დღეს გაბედოს იმის განმეორება, რაც 1998 წლის მაისში ჩაიდინა - ამჟამად სხვა ვითარებაა კავკასიაში. ისევ და ისევ ჩეჩნეთის ომის გამო, არძინბას შიში კლავს, რომ რუსეთმა შეიძლება (ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია კრემლში ასეთი შესაძლებლობა თეორიულ დონეზე მაინც არ განიხილებოდეს) სცადოს საქართველოს გულის მოგება აფსუათა «გაწირვით».
        სხვა საკითხია, რამდენად რეალურია, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად განიხილება. ამიტომ არძინბას ერთი შეცდომა საკმარისია ვითარების ასაფეთქებლად და ინტერესთა ახალი წონასწორობის ჩამოსაყალიბებლად.
        სხვათა შორის, «აიდგილარას» ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აჩბა სოხუმის სანაპიროზე მოკლეს არა იმდენად «პროქართული» პოზიციის გამო (ასეთი პოზიცია მას არ ჰქონია), არამედ, ჩეჩნეთთან დაკავშირებული გამონათქვამებისათვის, რამაც მოსკოვი სერიოზულად გააღიზიანა.
        მიაქციეთ ყურადღება: სეპარატისტები (პარტიზანთა დივერსიულ გამოხდომამდე) ისე იყვნენ გაყურსულნი, თითქოს არანაირი პრობლემა საერთოდ არ არსებობს - მოსკოვში მათი წარმომადგენლობაც მიჩუმდა, არადა, ჩეჩნეთის ომამდე რუსული მედია აკლებული ჰყავდა.
        მაშასადამე, ამჟამად მათ ხელს არ აძლევთ პრობლემის პოლიტიკური ასპექტის გამწვავება, რაც უეჭველად მოჰყვება პარტიზანთა გააქტიურებას. ამიტომაც გააკეთეს თავიდანვე «შემაჯამებელი» განცხადება, ანუ ხანგრძლივი საინფორმაციო ტალღა ხელს აღარ აძლევთ, მაგრამ საქართველოს ინტერესები დღეს სხვას მოითხოვს - პარტიზანები მართლაც ეროვნულ საქმეს აკეთებენ.
       

დილის გაზეთი, 13 იანვარი, 2001 წელი