სამრეწველო «ამბოხი ჭიქაში»

სამრეწველო «ამბოხი ჭიქაში»

        უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ქართველ მრეაწველთა წრეში, რომელმაც მთლიანობაში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ცოტა არ იყოს უცნაური პროცესი დაიწყო: გოგი თოფაძისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებას (არა ახალ, არამედ განახლებულ დაპირისპირებას) «მრეწველთა» რიგებში ერთგვარი გადაჯგუფება-გადმოჯგუფება მოჰყვა. კეთდება ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები (ბატალიებში ჩაერთო ნიკო ლეკიშვილიც), რომელთაც ეს დაპირისპირება გადაჰყავთ სხვა სიბრტყეში, ვიდრე პარლამენტში არსებული პოლიტიკური ანტაგონიმზია.

        ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ «მეწარმეთა» წრეში ამტყდარ დავიდარაბას სხვა სოციალური და პოლიტიკური შინაარსი აქვს, ამიტომ მეწარმეები აქ არ შეიძლება დავაჯგუფოთ პარტიული კუთვნილების შესაბამისად.
        თუმცა, რასაკვირველია, ეს მომენტი მთლიანად «ჩამოსაწერიც» არ არის – წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენ ფულს არ დახარჯავდნენ პარლამენტში მძლავრი ლობისტური ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად.
        ნიშანდობლივია, აგრეთვე, «ამღორძინებელი მეწარმეების» ფარული თუ აშკარა მონაწილეობა ხსენებულ დავიდარაბაში, რაც ასევე სცილდება «აღორძინება» - «მოქალაქეების» ტრადიციულ დისკუსიათა ფარგლებს.
        თუმცა ეს დისკუსია, ბოლო დროს, კონსტრუქციული და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობით იცვლება. მაგრამ ამ კონტექსტში პოლიტიკურ პარტიათა ურთიერთქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
        ქართველი მრეწველები და მეწარმეები არაფორმალური გავლენით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სარგებლობდნენ – მაშინ მათ «ცეხავიკები» ერქვათ, მაგრამ «ფორმალურ» ძალაუფლებასთან ასე ახლოს ისინი არასოდეს მისულან.
        როგორც ჩანს, რეალური და, იმავდროულად, ფორმალური (ანუ «ლეგალური») ძალაუფლების სიტკბო იმდენად დამათრობელია, რომ საკუთარ შესაძლებლობათა ზღვარს ვეღარ ხედავენ და აღარც იმას ითვალისწინებენ, რომ ამა თუ იმ პარტიისადმი მათი «ფინანსური დამსახურების» მიუხედავად, მათ ხელთ არსებული არც ლეგალური, არც არალეგალური ბერკეტები არ არის საკმარისი სტრატეგიული პოლიტიკის შესაცვლელად ეკონომიკის სფეროში.
        ამ პოლიტიკის შეცვლა უკვე შეუძლებელია არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ თვით სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობის ბუნების შეუცვლელად.
        სწორედ ამიტომ «შემოაგდო» კაკო ასათიანმა «მინისტრთა კაბინეტის» იდეა, რაც, ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციისა და თამაშის ახალი წესების მიღებას ნიშნავდა. ნიშანდობლივია, რომ იდეას ერხთმად დაუჭირეს მხარი «მეწარმეებმა» და «მრეწველებმა» როგორც უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან, როგორც «მოქალაქეთა მეწარმეებმა», ასევე «ამღორძინებელმა მეწარმეებმა» და თოფაძის დაჯგუფებამ. თუმცა ისიც ნიშანდობლივია (რაც ადასტურებს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას), რომ ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა.
        და მაინც, რა არის მიზეზი დაპირისპირებისა გოგი თოფაძესა და მამუკა ხაზარაძეს შორის, რასაც თითქოს შემთხვევით თან დაერთო «მიწისძვრა» თოფაძის პარტიაში?
        მთავარი მიზეზი, როგორც მე მეჩვენება, ამ ორი მეწარმის სოციალური წარმომავლობაა. გოგი თოფაძე ტიპიური «წითელი დირექტორია», იგი ჯერ კიდევ 60-70-იან წლებში მიხვდა კერძო ინიციატივისა და თავისუფალი მეწარმოების უპირატესობას. სადაც არ უნდა ემუშავა, რომელი ქარხნის დირექტორიც არ უნდა ყოფილიყო (ლუდი ყოველთვის არ იყო მისი ინტერესის ძირითადი საგანი), ყველგან «ჩინებულ დირექტორად» ითვლებოდა და იმდროინდელი «სიგელებიც» არ აკლდა. ხელისფლებისათვის (მაშინ) მთავარი იყო, ქარხანას გეგმა შეესრულებინა, რათა ცკ-ს შესაბამისი მიმართულების კურატორი პარტიიდან არ გაერიცხათ, თორემ «ცეხებს» ვინ დაგიდევდა – ამაზე თვალსაც დახუჭავდნენ.
        უნდა აღინიშნოს, რომ «პირველადი კაპიტალის» წარმატებით დაგროვების გარდა, თოფაძემ ეს კაპიტალი ჭკვიანურად დააბანდა საქმეში და სულაც არ დაემსგავსა «ქიონიას» (რეზო მიშველაძის ცნობილი ნოველიდან), რომელმაც დიდი ქარხნის აუქციონზე პრივატიზებით დაიწყო და ხარაგაულის ტყეებში ყაჩაღობით დაამთავრა.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ «მოქკავშირელმა» მამუკა ხაზარაძემ (იგი ფორმალურად არც დეპუტატია და არც ამ პარტიის წევრი) სხვა გზა გაიარა - «პირველი კაპიტალის» დაგროვება 1992-93 წლებში, «ველური ქართული კაპიტალიზმის ეპოქაში» შეძლო, როდესაც ყველაფერს მარიფათი და რისკი წყვეტდა.
        მამუკა ხაზარაძის თქმით, როცა ბიზნესი დაიწყო, ჯიბეში 500 დოლარზე მეტი არ ედო, შესაძლოა, საქმე მთლად ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ მას უარესი «საწყისი პირობები» ჰქონდა.
        ამრიგად, დაპირისპირების მიზეზი (მიუხედავად იმისა, რომ, თოფაძის თქმით, «ბორჯომის თემა რთული თემაა») ქონების გადანაწილება არ უნდა იყოს. ალაბთ, უფრო «ბაზრების მოპოვებაა», ოღონდ «პოლიტიკური ბაზრებისა», ვინაიდან ლუდი – ბორჯომის კონკურენტი ვერ იქნება ისევე, როგორც ბორჯომი – ლუდისა. თუმცა დაბეგვრისა და «ხელშეწყობის რეჟიმი» მაინც ბევრ რამეს განსაზღვრავს კაპიტალთა (და არა პროდუქციათა) კონკურენციაში.
        ამ ვითარებაში გენიალური ერჰარდივით ქართველ რეფორმატორებსაც მართებთ «წარმატებუოლი ქართველი ბიზნესმენების» რამდენიმე კონკრეტული მაგალითის შექმნა. ოღონდ ამისათვის არ არის აუცილებელი ამ ბიზნესმენთა «თავზე დასმა» და მათი სურვილისამებრ კონსტიტუციის «ჭრა-კერვა».
        მეწარმეთა კონსოლიდაცია საქართველოში თვისებრივად უკვე შეუძლებელია, ვინაიდან 7-8 წელი საკმარისია «ინტერესთა დიფერენცირებისათვის».
        აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა წარმატებითა და ლობისტური მხარდაჭერით მოქმედი «ქართული კაპიტალი» პოლიტიკურადაც ვეღარასოდეს გაერთიანდება ისე, როგორი ერთიანიც იყო 1991 წლის შემოდგომაზე, - «პირველადი კაპიტალისა» და «ქონების დიდი გადანაწილება-დაკანონების» პროცესთა გარიჟრაჟზე.

მერიდიანი, 26 ივნისი, 2000 წელი