სამი პოლიტიკური ცენტრი და თავისუფალი მფრინავები

სამი პოლიტიკური ცენტრი და თავისუფალი მფრინავები

        გასულ კვირას გამართული კონსულტაციების შედეგად, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ სეზონში, რომელიც 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებით დაგვირგვინდება, საქართველოში სამი პოლიტიკური ცენტრი და რამდენიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე - «სტრინგერი» იარსებებს, რომლებიც ამ ცენტრებს შორის «იფრენენ».
        პოლიტიკურ ცენტრებს ქმნიან: სახელისუფლებო პარტია, ნინო ბურჯანაძის «დემოკრატები» და ალასანია-ახლები-ბერძენიშვილების ალიანსი. ამ ორ უკანასკნელ ძალას შორის კეთილ ურთიერთობას ნამდვილად არ უნდა ველოდოთ, რაც ბოლო ოპოზიციურ სხდომაზე ნათლად გამოჩნდა კიდეც.
        ნინო ბურჯანაძეს აშკარად არ მოსწონს ირაკლი ალასანიასა და მისი პარტნიორების მიერ არჩეული გზა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გულისხმობს. ქალბატონს მიაჩნია, რომ ეს გზა შედეგს არ მოიტანს, ანუ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა.
        ნინო ბურჯანაძე ნამდვილად არ ცდება (ახსოვს 2003 წლის გამოცდილებიდან), რომ ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა თუ ფაქტის წინაშე არ დააყენე, ესე იგი ხელისუფლება თუ არ დაამხე, მასა ოპოზიციას მხარს მანამ არ დაუჭერს, სანამ მორიგი რევოლუციისათვის მის მზადყოფნას არ დაინახავს.
        ესე იგი, 30 მაისის არჩევნებზე ხმების მოპოვების მეტი შანსი სწორედ გიგი უგულავას ექნება, ხოლო ის მასა, რომელიც ყოველთვის მზად არის რევოლუციისთვის, არჩევნებზე უბრალოდ არ მივა. ეს კარგად მოეხსენება ქალბატონ ბურჯანაძეს და ისიც ზუსტად გათვალა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში მისი შანსი ნაკლებია, ვიდრე ალასანიასი.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბურჯანაძის შანსები იზრდება რევოლუციის შემთხვევაში, ხოლო საარჩევნო რეიტინგი ალასანიას მასზე მეტი აქვს. ეს იციან, აგრეთვე, ალასანიას მთავარმა იდეოლოგებმა: ძმებმა ბერძენიშვილებმა, რომლებიც რევოლუციის წინააღმდეგნი სწორედ იმიტომ არიან, რომ რევოლუციის დროს ბურჯანაძის შანსები იზრდება. მათ კი მიხეილ სააკაშვილი – ნინო ბურჯანაძეს ურჩევნიათ. ისევე, როგორც ალასანია ურჩევნიათ პრეზიდენტ სააკაშვილს.
        ალასანიასა და სააკაშვილს შორის არჩევანისას «რესპუბლიკელები» პირველს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ თუ საკითხი დადგება ასე: ბურჯანაძე თუ სააკაშვილი? – უეჭველად მეორეს აირჩევენ, რაკი ხმამაღლა არ აღიარებენ, თუმცა ბურჯანაძე და მისი ოჯახი ძველი კომუნისტური ნომენკლატურის გადმონაშთად მიაჩნიათ და ამ ნომენკლატურის ხელისუფლებაში დაბრუნების ეშინიათ.
        რაც შეეხება «სტრინგერებს»: «ლეიბორისტები», «ფორუმელები», აკაკი ასათიანი, ირაკლი ოქრუაშვილის გუნდი, «კონსერვატორები» შეეცდებიან ამა თუ იმ ცენტრთან გამოძებნონ საერთო ენა (არა აუცილებლად ოპოზიციასთან) რათა ვაჭრობითა და გარიგებებით საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილონ.