«სამთავრობო გადატრიალებათა» ტრიუმფალური სვლა გრძელდება

«სამთავრობო გადატრიალებათა» ტრიუმფალური სვლა გრძელდება

  

    თბილისში მომხდარი «ხავერდოვანი რევოლუციის» შემდეგ (რომელსაც რამდენიმე მაღალჩინოსანი შეეწირა) ანალოგიური პროცესი ვითარდება ქვეყნის რეგიონებშიც, კერძოდ, ცხინვალის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალოს ე.წ. «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» მთავრობა. უკვე დანიშნულია ახალი «პრემიერიც». დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ლუდვიგ ჩიბიროვი ამ ცვლილებას არ განახორციელებდა, რომ არა «მთავრობის განახლება» თბილისში. ოსი სეპარატისტები არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდნენ ნაბიჯს, რაც შეიძლებოდა თბილისში (მთლიანად ქართულ საზოგადოებაში) აღქმული ყოფილიყო, როგორც მათი კაპიტულაცია «თვითგამოცხადებული რესპუბლიკის» პრობლემათა წინაშე, ამიტომ ნიკო ლეკიშვილის გადადგომამ და რამდენიმე მინისტრის შეცვლამ «სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს» საქმე გაუადვილა: «სოციალური ქვაბიდან ორთქლის გამოსაშვებად» მას ძალიან სჭირდებოდა მთავრობის გადაყენება, მაგრამ ვერ ბედავდა ზემოხსენებული მიზეზით.
    ზუსტად იმავე მოტივაციით მოქმედებს ასლან აბაშიძეც. რასაკვირველია, სხვა ფორმით, მაგრამ პოლიტიკური ტექნოლოგია იდენტურია.
    საქართველოს მთავრობის გადადგომამ (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მხოლოდ სახელმწიფო მინისტრი და რამდენიმე არცთუ «პირველხარისხოვანი» მინისტრი გადადგა) ნამდვილად იქონია ზეგავლენა მოსახლეობის განწყობაზე: მასის მენტალიტეტი ისეთნაირად არის მოწყობილი, იგი ყოველთვის სიხარულით მიესალმება «მთავრობის კაცთა» გვემას.
    ძალიან რთული ფსიქოლოგიური და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ვითარება შეიქმნებოდა აჭარაში, თუ იქ ვინმე არ დაისჯებოდა ეკონომიკური პროექტების ჩაშლისათვის. თუმცა, მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, ეს ცვლილებები უმაღლეს სამთავრობო ეშელონს არ შეეხოს, ანუ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე არ გადააყენონ, სამაგიეროდ, სერიოზული «წმენდა» ჩაატარონ საშუალო და ქვედა ეშელონებში.
    ეს პროცესი უკვე დაიწყო კიდეც, - თანამდებობიდან გათავისუფლდა ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის უფროსი და ზოგიერთი სხვა ჩინოსანიც. ასლან აბაშიძე შეიძლება მხოლოდ იმან შეაფერხოს, რომ მისი გადაწყვეტილება არასწორად იქნეს გაგებული თბილისში, როგორც «ხელისუფლების კრიზისი» - აკი აცხადებდნენ პოლიტიკური ოპონენტები, რომ შევარდნაძის მიერ განხორციელებული ცვლილებები მისი ხელისუფლების კრიზისის მაჩვენებელია.
    რატომ არ იტყვიან იგივეს, თუ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგა თანამდებობიდან? უეჭველად იტყვიან! მიუხედავად ამისა, ცვლილებები მაინც გარდაუვალია. ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან «აღმასრულებელნი» მხარეებშიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ გუბერნატორები იაქტიურებენ, რისი ნიშნებიც უკვე არის - ლევან მამალაძის ინიციატივის სახით.

მერიდიანი, 17 აგვისტო, 1998 წ.