საკონსტიტუციო ცვლილებათა ზღაპარი

საკონსტიტუციო ცვლილებათა ზღაპარი

        გუშინ პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდა საპარლამენტო ფრაქციათა ხელმძღვანელებს. საუბრის თემა ქობულეთის «მოსმენათა» შედეგად ჩამოყალიბდა: საკონსტიტუციო ცვლილებები და ყბადაღებული «მინისტრთა კაბინეტის» დაფუძნება.
        ამგვარ ფორმაში შეხვედრა ედუარდ შევადრნაძესთან გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ აღარ გამართულა. მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გუშინდელ შეხვედრაზე რამე საკითხის გადაწყვეტა არც იყო დაგეგმილი. მაგრამ საპარლამენტო ფრაქციები სიცხადეს მაინც ელოდნენ. საუბრის შემდეგ თითქმის ყველა მათგანი უკმაყოფილო იყო. მათი თქმით, ორი-სამი საათის განმავლობაში «ბევრი არაფერი გარკვეულა». თუმცა, პრინციპში, ისიც გაუგებარია, რა უნდა გარკვეულიყო ასეთ შეხვედრაზე:
        პრეზიდენტმა თავისი პოზიცია ნათლად და მკაფიოდ დააფიქსირა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონთა პაკეტი საკონსტიტუციო ცვლილებათა შესახებ. ედუარდ შევარდნაძისთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი მოდელი, რომელშიც პრეზიდენტი იქნება როგორც სახელმწიფოს მეთაური, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. ასეთი მოდელი მოქმედებს პოსტსაბჭოური ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში.
        მხოლოდ ჩვენ «ვიორიგინალეთ» თავის დროზე და დღემდე არა გვყავს პრემიერ-მინისტრი. პირობითად, ამ მოდელს მართლაც შეიძლება «რუსული მოდელი» ვუწოდოთ. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ «რუსულ მოდელს» მრავალი მოდიფიკაცია შეიძლება ჰქონდეს. ამოსავალი არის ერთი (რაც ყველა მოდიფიკაციას აერთიანებს): პრეზიდენტი არ არის გამიჯნული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, პირადად აგებს პასუხს მთავრობის მოქმედებაზე (მაგალითად, მორიგი არჩევნებისას, მთავრობას ვერ გაემიჯნება) და შესაბამის ბერკეტებსაც ფლობს.
        ედუარდ შევარდნაძემ გუშინდელ შეხვედრაზეც და მანამდეც ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ პრინციპულად განსხვავებულ მოდელს არ დაეთანხმება და თუ პარლამენტი სხვა სისტემას მიიღებს, სახელმწიფოს მეთაური მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. აქ «ვეტო» სინამდვილეში არ იგულისხმება, ვინაიდან, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობით (სიითი შემადგენლობის 2/3-ზე). მაგრამ პრეზიდენტს სხვა უამრავი ბერკეტი აქვს, რათა არ დაუშვას მოვლენათა არასასურველი მიმართულებით განვითარება.
        «რუსულთან» მიახლოებული მოდელია «ფრანგული სისტემა», როდესაც პრეზიდენტს აქვს პრემიერის დანიშვნის პრიორიტეტი, მაგრამ კაბინეტის დაკომპლექტება ხდება საპარლამენტო წარმომადგენლობის შესაბამისად. ზოგიერთი ნიშნით, ედუარდ შევარდნაძე ასეთ კომპრომისზე (გარკვეული სხვაობით) შეიძლება წავიდეს, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ, როგორც ჩანს, თვით პოლიტიკურ პარტიებს არ ეპიტნავებათ ამგვარი მოდელი, რაკი ერთმანეთს შიშითა და ეჭვით შესცქერიან.
        თეორიულად განიხილება აგრეთვე «საპარლამენტო რესპუბლიკის» იდეა, მაგრამ ქართული ისტებლიშმენტი (არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტა და ხელისუფლება), თვით მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ასეთ სეროზულ, თვისებრივ ცვლილებას ხელისუფლების არსში არაფრის დიდებით არ დათანხმდებია.
        მით უმეტეს, რომ საქართველოში «ნამდვილი პრეზიდენტობის» მსურველი არ დაილევა, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ იმავე ისტებლიშმენტში.
        ამრიგად, სრულებით გაუგებარია, რით იყვნენ უკმაყოფილო «პარტიები» პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ: თუ იმის შნო აქვთ, მოილაპარაკონ, ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ და საერთო პროექტი წარმოადგინონ – საბოლოოდ ხომ პრობლემა პარლამენტში კენჭისყრით გადაწყდება, მაგრამ თავი და თავი ის არის, რომ პრეზიდენტმა (და მისმა ფრაქციამ) ერთ რომელიმე «ოპოზიციურ» პროექტს რომც დაუჭიროს მხარი, ამას სხვა (აგრეთვე, ოპოზიციური) ფრაქციები არ დაეთანხმებიან.
        ამავროულად, ხელისუფლება «თავის პროექტსაც» ვერ გაიტანს პარლამენტში (ხმები არ ეყოფა) და განსაკუთრებით არც იბრძვის ამისთვის. საეროთდ, «მინისტრთა კაბინეტი» ქართული პოლიტიკური ცხოვრების ზღაპარია. დღემდეგ გაუგებარია, ძირითადი მოტივი: რა საჭიროა «მინისტრთა კაბინეტი» _ რათა პრეზიდენტის ხელისუფლება შეიზღუდოს?! მაგრამ ედუარდ შევარდნაძე ამას არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი მოდელით არ დაუშვებს.
        «ამერიკული მოდელი» კი სინამდვილეში შესანიშნავი მოდელია, ისტებლიშმენტის კონსოლიდირებულობის პირობით. ამ პირობის გარეშე არც ერთი მოდელი არ იმუშავებს.

დილის გაზეთი, 27 ივლისი, 2002 წელი