საინფორმაციო ომი. წერილი მესამე.

საინფორმაციო ომი. წერილი მესამე.

იმპერიის ცხოველმოქმედების «ინფორმაციულ უზრუნველყოფაში» დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრესას. ოღონდ მას საკუთარი სპეციფიკაც აქვს, რადგან არ შეუძლია მოიცვას მოსახლეობის ისეთი დიდი მასა, როგორც ტელევიზიას. ამიტომ ძირითადად გამოიყენება გარკვეულ სოციალურ შრეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის.
    აქედან გამომდინარე, მისი მოქმედების მეთოდიც სწორედ ამ სპეციალური შრეების ინტელექტუალურ თავისებურებებზე და მოთხოვნილებებზე არის გათვლილი. (უაღრესად საინტერესო თემაა აგრეთვე, თუ მიზანმიმართული პოლიტიკით როგორ ქმნიდა იმპერია ათწლეულების განმავლობაში დაპყრობილი ერების შიგნით «ცენტრზე» ინტელექტუალურად დამოკიდებულ სხვადასხვა სოციალურ ფენას).
    რუსეთში არ არსებობდა და არ არსებობს ისეთი გამოცემა, რომელიც საიდუმლო სამსახურის კონტროლქვეშ არ იმყოფებოდეს. როდესაც იმპერიის მეორედ მოდერნიზაციის გეგმის განხორციელება დაიწყო, პრესა ხელოვნურად გაიყო «დემოკრატიულად» და «კონსერვატიულად». ვიტალი კოროტიჩი ისეთივე მორჩილი იყო «ცენტრისა», როგორც ვადიმ კოჟინოვი, ოღონდ მათ სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ.
    სასაცილოა იმის გაფიქრებაც კი, რომ იაკოვლევის «Московские новости»-ს «გადემოკრატიულება» (რაც 1987 წლიდან დაიწყო), არ იყო შეთანხმებული ცენტრთან და საიდუმლო სამსახურის სრული კონტროლის ქვეშ არ ხორციელდებოდა. ეს გაზეთი ხომ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გამოდიოდა სხვადასხვა ენაზე წლების განმავლობაში და ბუნებრივია, ყველა მუშაკი - უბრალო კორესპონდენტამდე, სუკის თანამშრომელი იყო.
    სხვათა შორის, საქართველოში ძალიან მივეჩვიეთ გამოთქმას «სუკის აგენტი», - არადა გაცილებით უფრო სწორი და რესპექტაბელურია გამოვიყენოთ «სუკის თანამშრომელი».
    «Московские новости»-ს უმთავრესი დანიშნულება იყო მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, «პერესტროიკის» სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, იგი, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყნების დისკრედიტაციისთვის მსოფლიოს თვალში.
    ამგვარი პროპაგანდის თვალსაჩინო მაგალითია ვინმე ვლადიმერ ემელიანენკოს სტატია «მეხი შევარდნაძისათვის», რომელიც გაზეთის აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში არის გამოქვეყნებული (იხ. «Московские новости» 34, 22 აგვისტო, 1993).
    სტატიაში ვკითხულობთ:
    «ქართული მინისტრთა კაბინეტისა და მისი პრემიერის - თენგიზ სიგუას გადადგომამ ზუსტად ის შედეგი გამოიღო, რაც იწინასწარმეტყველა დევნილმა ექსპრეზიდენტმა გამსახურდიამ. ამიერიდან შევარდნაძეს ხუთი სახე აქვს - იგი არის პარლამენტის თავმჯდომარე, უმაღლესი მთავარსარდალი, სახელმწიფოს მეთაური, პარლამენტის წევრი და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
   
ედპ-ლიდერი, ჭანტურია თვლის, რომ «კიტოვანისა და იოსელიანის წასვლის შემდეგ შევარდნაძეს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მიეცა».
   
მაგრამ კონკურენტთა ნეიტრალიზაცია სახელმწიფოს მეთაურს ძვირად დაუჯდა. საქართველო გახლეჩილია თბილისთან ომის მდგომარეობაში მყოფ აფხაზეთად და სამხრეთ ოსეთად, სეპარატისტულად განწყობილ სამეგრელოდ (მიაქციეთ ყურადღება -ავტ.) და აჭარად, რომელიც ყველა რეჟიმისადმი ოპოზიციურადაა განწყობილი.
    «
ჩვენ არ მივცემთ შევარდნაძეს საშუალებას, დიქტატორი გახდეს» - განაცხადა ზვიადისტმა ლოთი ქობალიამ, რომელიც გამსახურდიას მომხრეთა აჯანყებას ხელმძღვანელობს დასავლეთ საქართველოში და შესთავაზა კიტოვანს, ერთად გაელაშქრათ თბილისზე.
   
შევარდნაძის ყოფილმა მოკავშირემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უარყო ეს წინადადება, მაგრამ საჯაროდ ასეთი შეფასება მისცა შევარდნაძის პოლიტიკას: «მას ნაკლები უნდა ერბინა ევროპაში, ნაკლებად მიემართა ამერიკისათვის და ყველა პრობლემა მოსკოვში უნდა გადაეწყვიტა. მაშინ იგი ქვეყანას ასეთ ჩიხში არ შეიყვანდა». კიტოვანმა ზუსტად გათვალა დარტყმა: საშუალო ხელფასი რესპუბლიკაში 4600 კუპონია, ხოლო «სნიკერსი» ან ლიტრი ბენზინი 5,5 ათასი კუპონი ღირს. კუპონის ოფიციალური კურსი მანეთთან არის 1-5-თან, მაგრამ რეალურად 1-12-თან. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მანეთი კანონგარეშეა გამოცხადებული, იგი ვალუტის ფუნქციას მაინც ასრულებს. ასეთ ვითარებაში ყოველ წამს არის მოსალოდნელი სოციალური აფეთქება.
   
შევარდნაძეს ეს ყოველივე ესმის, ამიტომ მან დატოვა თანამდებობაზე რამდენიმე მინისტრი, რომლებიც ასე თუ ისე აკონროლებდნენ შეიარაღებულ ფორმირებებს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს მინისტრები იმავე მაფიის წევრები არიან, მაგალითად: გიორგი ყარყარაშვილი - კიტოვანის «ფრონტის ძმაა» გენერალური პროკურორი თედო ნინიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ხაჩიშვილი - იოსელიანის კაცები არიან, ხოლო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის შეფი - ირაკლი ბათიაშვილი ერთთანაც «მუშაობდა» და მეორესთანაც. ამრიგად ორი «კანონიერი ქურდი» კვლავინდებურად აკონტროლებს Dშევარდნაძეს.
   
პარლამენტი კი სანახევროდ შევარდნაძის ოპოზიციაა. მიზეზი - აფხაზეთიდან ჯარების გამოყვანა.
   
კვირაზე მეტია, გრძელდება კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ. «მიმდინარეობს პორტფელებისათვის ბრძოლა» - დარწმუნებულია საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე. ყველაზე მძლავრ ანტიშევარდნაძისტულ ფრაქციას, რომელსაც კიტოვანი, იოსელიანი და წერეთელი ხელმძღვანელობენ, პრეტენზია აქვს ხელთ იგდოს პოსტების ნახევარი მომავალ კაბინეტში. მეორე ფრაქცია, რომელიც ეროვნულ-დემოკრატთა გარშემო არის გაერთიანებული და ჯერჯერობით მხარს უჭერს შევარდნაძეს, აგრეთვე მოითხოვს პორტფელებს. გიორგი ხაინდრავა კი დარწმუნებულია: «თუ შევარდნაძე ყველაფერს ყველას თანაბრად გაუყოფს, საქმე გაუარესდება, რადგან პარტიული და მაფიოზური კინკლაობა წალეკავს ქვეყანას.
   
ბევრი თვლის, რომ შევარდნაძე მახეში გაება. მას არავითარი ძალაუფლება არა აქვს. ძალაუფლება იმათ ხელშია, ვინც გადატრიალება მოაწყო და ახლა შევარდნაძეს აშინებს ახალი პუტჩით. ჭორების სახით ლაპარაკობენ, რომ შევარდნაძე აპირებს თავისი უფლებამოსილება გადასცეს ან გიორგი ჭანტურიას ან გიორგი ყარყარაშვილს».
    აი, ასეთი სტატია გამოაქვეყნა რუსული «დემოკრატიული აზრის» ფლაგმანმა «Московские новости»-მ.
    ემელიანენკოს ამ ყოვლად უსინდისო პასკვილში თითოეული სიტყვა უდიდესი სიზუსტით არის გათვლილი. მასში რამდენი ფრაზაც არის, იმდენი პროვოკაციაა.
    მაგრამ რას იზამ, ასეთი მტერი გვარგუნა ბედმა. სამწუხარო და საოცარი მხოლოდ ის არის, რომ ხშირად ცხვრის ქურქში გახვეულ მგელს ვერ შევიცნობთ ხოლმე ჩვენ - ქართველები.

«ივერია-ექსპრესი», 28 აგვისტო, 1993 წელი.