სავალუტო ფონდი ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაციას გვთავაზობს

სავალუტო ფონდი ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაციას გვთავაზობს

        საერთაშორისო სავალუტო ფონდის «გადამწყვეტი» მისია საქართველოში, დევიდ ოუენის ხელმძღვანელობით, სენსაციური შედეგით დასრულდა.
        სავალუტო ფონდის ინტელიგენტურმა, რაფინირებულმა ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას ერთ-ერთი რეკომენდაციის სახით მოსთხოვეს «ჩამოართვას უძრავი ქონება იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც სასახლეები აიშენეს უკანონო შემოსავლებით»
        როგორც ჩანს, აქ იმუშავა ინფორმაციამ საირმის გორაზე სამშენებლო ბუმისა და საეჭვო წარმოშობის თანხებით თბილისის შემოგარენში სრა-სასახლეების მშენებლობის შესახებ.
        სხვათა შორის, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არცთუ უსაფუძვლოდ ითქვა, რომ საქართველოში ამჟამად «სამშენებლო ბუმია».
        ის სამშენებლო ფირმები (ყოფილი ტრესტები), რომლებიც მცირე ხნის წინ მოსკოვში მუშაობდნენ, თითქმის სრული შემადგენლობით უკვე დაბრუნდნენ საქართველოში – რუსეთის მხრიდან ყოველგვარი «სავიზო ზეწოლის» გარეშე.
        უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში «სამშენებლო საქმით» სრულიად შესაძლებელია გვარიანი «ფულის გაკეთება». საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამობრძმედილ ექსპერტებს, რა თქმა უნდა, არ გამოეპარებოდათ და არც გამოეპარათ, რაშია აქ საქმე: კაპიტალის შენახვის საუკეთესო საშუალება არის მისი დაბანდება უძრავ ქონებაში. მაგალითად, მიწის ნაკვეთში ან ნაგებობებში, ოღონდ ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი, მით უმეტეს, კეთილმოწყობილიო სასახლე) გაცილებით უფრო «ლიკვიდურია», ვიდრე მიწის ნაკვეთი.
        კაპიტალის დაბანდებისა და «გასაგნების» ეს ფორმა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე საბანკო დეპოზიტებზე თანხის შეტანა ან ძვირფასეულობის შესყიდვა.
        აქვე მაგალითის სახით უნდა ითქვას: ჩვენში ბევრს უკვირს, რატომ იხდიან დასავლეთში მილიონებსა და ათეულ მილიონებს ხელოვნების ნიმუშებში – ცნობილი მხატვრების ტილოებსა თუ სხვადასხვა «უსარგებლო წვრილმანში» « – მაგალითად, ჯონ ლენონის პიანინოში, მერილინ მონროს კაბაში.
        ზოგს ეს «მდიდართა სიგიჟე და ახირება» ჰგონია. სინამდვილეში, მდიდარი კაცი დასავლეთში გიჟი იშვიათადაა, ვინაიდან სიგიჟით უმალვე ყველაფერს დაკარგავს. ამიტომ ეს ფულის დაბანდების ისეთი ფორმაა, რასაც ინფლაცია ვერაფერს დააკლებს.
        მდიდარ ადამიანს ინფლაციისა ყველაზე მეტად ეშინია. მათ შორის, დოლარის ინფლაციისა. ნუ გაიკვირვებთ – დოლარის ინფლაციაც განუწყვეტელი პროცესია და რაც უფრო მეტი გაქვს თანხა, მით უფრო შესამჩნევია იგი.
        მაგალითად, საქართველოს საბრალო მოქალაქე, რომელსაც სულ 500 დოლარის დანაზოგი აქვს შავი დღისათვის, დოლარის ინფლაციას ვერ გრძნობს, მაგრამ ვისაც 500 ათასი, ან 2-3-5-10 მილიონი დოლარი აქვს (ასეთებიც არიან და არა მხოლო ხელის თითების სამყოფი ოდენობით), მათთვის დოლარის ყოველწლიური 1-2 პროცენტიანი ინფლაცია უკვე შემაშფოთებელია.
        მით უმეტეს, რომ დღეს ამერიკაში ეკონომიკური აღმავლობაა, მაგრამ რა იქნება ხვალ? ხომ არ «ააფეთქებს» დოლარს ბენზინის კრიზისი, რომელიც სულ უფრო მწვავდება, ერთი მხრივ, პლანეტაზე რესურსების ამოწურვის, ხოლო, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო, რაც იმავე ენერგეტიკულ პრობლემატიკას უკავშირდება.
        გავითვალისწინოთ, აგრეთვე, რომ ამერიკამ დოლარი აქცია თავის ყველაზე მთავარ საექსპორტო საქონლად. დაბეჭდილი დოლარების ოდენობა საკუთრივ ამერიკის ეკონომიკით 30 პროცენტითაც არ არის უზრუნველყოფილი.
        თუ რაიმე მოხდა და მსოფლიოს ქვეყნებმა უარი თქვეს დოლარის გამოყენებაზე დაგროვების საშუალებად, დოლარის დევალვაცია 50-60 პროცენტს მიაღწევს!
        ფანტასტიკაა? – ეს თქვენთვის არის ფანტასტიკა, ძვირფასო მკითხველო, ვინაიდან, რაკი ამის ალბათობა მცირეა, თქვენს მცირეოდენ დანაზოგს ყოველთვის «დააბინავებთ» ან აქცევთ მატერიად. ყოველ შემთხვევაში, თქვენ თავად ასე გგონიათ. მაგრამ, რა ქნას იმ «საბრალომ», ვისაც მილიონობით დოლარი აქვს და არ იცის, როგორ შეინახოს, როგორ დააბინაოს?! ღამეები არ სძინავს, საცოდავს.
        აი, ამიტომ დაიწყო თბილისსა და მის გარეუბნებში «სამშენებლო ბუმი», ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა არქიტექტურულ პროდუქციაზე. მიმოიხედეთ, თბილისშიც კი ნამდვილი არქიტექტურული შედევრები იქმნება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმავე გარეუბნებზე: 7 – არა, 15 – არა, 25-მეტრიანი საცურაო აუზები... ორი? – არა, სამი, ოთხი, ხუთსართულიანი სასახლეები, 15-20 ოთახი, საბილიარდე, 6 აბაზანა, ცალკე საქეიფო დარბაზი, ცალკე «ტელეთეატრი» და ა.შ. ეს ყოველივე განსხეულებული, გაქვავებული კაპიტალიოა და რაც უფრო მეტად არის გაქვავებული, მით უფრო, «ლიკვიდურია», მით უფრო, მშვიდად ძინავს ამ სასახლეში ქართველ ნუვორიშს – ამერიკა წყალს და ოკეანეს წაუია, სულაც რომ დაიქცეს, მის კაპიტალს არაფერი დააკლდება. ვერაფერი დააკლდება მის ვენეციურ სარკეებსა და მტვრისგან დასაცავად ტილოჩამოფარებულ სურათებს.
        ეს ყოველივე (ვიმეორებ) შესანიშნავად უწყიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა, საქართველო არც პირველია და არც უკანასკნელი. ამგვარი პროცესები მიმდინარეობდა ყველა განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ, ალბათ, არა ისე ურცხვად და უსინდისოდ, როგორც ჩვენთან, ვინაიდან, დევიდ ოუენის მტკიცებით, «კაპიტალიოს პირველადი დაგროვების» პროცესში შეუძლებელია თუნდაც ბიზნესმენმა, პატიოსანი საქმიანობით იმ ოდენობის კაპიტალი დააგროვოს, რაც ხსენებულ სრა-სასახლეებშია განსხეულებულ-გაქვავებული. ერთ-ორ შემთხვევაში კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ისე «მასობრივად» (ლამის), როგორც ჩვენთან, - არა. ამიტომ სავალუტო ფონდი ასკვნის, რომ, საბოლოო ჯამში, სწორედ დასავლეთის კრედიტები «იჭმება» იმ ფორმით, რომ, როდესაც ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, სხვა დონორები, საქარვთელოს აძლევენ კრედიტს ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან ბიუჯეტის შესავსებად, ამ დროს თვით ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლები იმალება და სასახლეებში «ნ ივთდება».
        სხვა საქმეა, როგორ ესახება ფონდს «ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაცია». უმცირესი გამონაკლისის გარდა, სასახლეების პატრონებს ყველაფერი ისე აქვთ მოწყობილი და გაფორმებული, ვერ შეედავები. ხშირ შემთხვევაში, სასახლეები მათ არც ეკუთვნით – ბებია-ბაბუა-სიდედრ-სიმამრზე აქვთ გაფორმებული. სწორედ ამას არ ითვალისწინებს «დასავლური მენტალიტეტი», ვინ აიდან ამერიკასა და ევროპაში ბებია და შვილიშვილი ერთმანეთს შეიძლება არც იცნობდნენ, ხოლო «ბებიაზე» ვინ რას გააფორმებს? – უმალვე წაართმევს. ეს არც არის გასაკვირი იმ საზოგადოებაში, სადაც ცოლ-ქმარი შეუღლებამდე «საქრწინო კონტრაქტს» აფორმებს და წინასწარ საზღვრავს, ვის რა ერგება საერთო ქონებიდან, გაყრის შემთხვევაში. ამიტომ, სავალუტო ფონდის მოთხოვნა საქართველოში სრულიად არარეალურია (ყოველ შემთხვევაში, მორიგი სამოქალაქო ომისა და რევოლუციის გარეშე), ასე რომ, ფონდი ისევ ჩვენს უბედურ ქვეყანას დასჯის დახმარების შეწყვეტით და არა გაქსუებულ ქართველ «ნომენკლატურულ ნუვორიშებს».

მერიდიანი, 27 ოქტომბერი, 2000 წელი