სადაა, თორემ ერთი პინოჩეტი ჩვენც აგვაშენებდა

სადაა, თორემ ერთი პინოჩეტი ჩვენც აგვაშენებდა

  

    დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ (იგი ამ ქვეყანაში უმაღლესი სასამართლო ინსტანციის (!) ფუნქციას ასრულებს) ჩილეს ყოფილ დიქტატორს, გენერალ აუგუსტო პინოჩეტს განაჩენი გამოუტანა.
    ლორდებმა, რომლებიც ამ ტიტულს და შესაბამის უდიდეს უფლებას შთამომავლობით (!) ფლობენ, დააკმაყოფილეს ესპანეთის ერთ-ერთი სასამართლოს სარჩელი და მოუხსნეს პინოჩეტს «სუვერენული იმუნიტეტი».
    ამრიგად, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა ნება, თავად გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა პინოჩეტი ესპანურ მართლმსაჯულებას.
    ეს უკანასკნელი ყოფილ დიქტატორს რამდენიმე მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებს. იმთავითვე უნდა ითქვას (თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა), რომ ბრალდება აბსურდულია. პინოჩეტს თავად, საკუთარი ხელით არავინ მოუკლავს, - ესპანელები დახვრიტეს მისი არმიის ჯარისკაცებმა; ამ შემთხვევაში ესპანეთმა თანამედროვე ჩილეს სახელმწიფო უნდა გაასამართლოს და ისიც გაითვალისწინოს, რომ გენერალი ფრანკო თავად აღიარეს ეროვნულ გმირად.
    თითქოსდა, რა კავშირშია აუგუსტო პინოჩეტი საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობასთან? არადა, ეს სტატია «საერთაშორისო მიმოხილვისათვის» არ დაწერილა. პინოჩეტთან დაკავშირებული ამბები უაღრესად ნიშანდობლივი და ჭკუის სასწავლებელია ყველასათვის. მათ შორის საქართველოსთვისაც.
    აუგუსტო პინოჩეტი ჩილეს ეროვნული გმირია. მან გადაარჩინა ეს ერი კომუნისტურ ჭაობსა და სამოქალაქო ომს. მან შეძლო «მცირე სისხლის» ფასად «დიდი სისხლი» აეცილებინა თავიდან და ეხსნა ჩილე კომუნისტური დიქტატურის საშიშროებისაგან, რასაც ქვეყანას მოსკოვისა და ჰავანის მარიონეტი, სალვადორ ალიენდე უმზადებდა.
    კომუნისტური დიქტატურის მარაზმი მის უპერსპექტივობაში მდგომარეობს. კომუნისტურმა წეს-წყობილებამ, კომუნისტურმა ფორმაციამ (მათ შორის სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით) სრული კრახი განიცადა მთელს მსოფლიოში; ამრიგად, აუგუსტო პინოჩეტი, რომელმაც ჩილეში დიქტატურა დაამყარა ლიბერალურ ფასეულობათა გადასარჩენად, საბოლოოდ მართალი აღმოჩნდა.
    ესპანეთის სასამართლომ გადაწყვიტა «გამარჯვებული გაასამართლოს» - არა მგონია, ამით აუგუსტო პინოჩეტს რამე დააკლდეს. ალბათ უფრო პირიქით; მისი მხრიდან ყველაზე ვაჟკაცური საქციელი იქნებოდა არა თავის მოკვლა, არამედ ღირსეულად წარდგომა სასამართლოს წინაშე და ამ პროცესის ქცევა კომუნიზმის «მსოფლიო სასამართლოდ.»
    აუგუსტო პინოჩეტმა იარაღით აიღო ხელში ძალაუფლება, აკრძალა პოლიტიკური პარტიები (უფრო სწორად, შეაჩერა მათი მოქმედება) და მკაცრ დიქტატურაზე დაყრდნობით გაატარა ქვეყანაში რადიკალური ეკონომიკური რეფორმა; პინოჩეტმა მოახდინა ქონების განსახელმწიფოებრიობა, დაუტოვა სახელმწიფოს მხოლოდ აუცილებელი ქონება საკვანძო დარგებში (ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში); სხვა ყველაფერი კი კერძო მეწარმეებს გადასცა. ლათინური ამერიკის არც ერთ ქვეყანაში არ გატარებულა მონეტარისტული რეფორმა იმდენად სრული (ისევ და ისევ რადიკალური) სახით, როგორც ჩილეში.
    შედეგად, სულ რაღაც 3-4 წლის განმავლობაში ჩილე გამოვიდა ღრმა დეპრესიის მდგომარეობიდან, შემდეგ დაიწყო განუხრელი აღმავლობა, ხოლო ოთხმოციანი წლების მიწურულს იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და განვითარებულ სახელმწიფოდ. ყოველ შემთხვევაში, ლათინური და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს შორის ჩილე პირველ ადგილზეა ყველა უმთავრესი მაჩვენებლით: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით, ერთ სულზე შემოსავლების ოდენობით, ინფლაციის დონით და ა.შ.
    როდესაც პინოჩეტი ჩილეში ლიბერალურ ეკონომიკას აშენებდა, ამით იგი დემოკრატიის საფუძველს ქმნიდა. ჩილელმა დიქტატორმა შესანიშნავად უწყოდა, რომ ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა არ არსებობს დემოკრატიის გარეშე.
    უფრო ზუსტად, თავისუფალი ეკონომიკა ადრე თუ გვიან უეჭველად მოითხოვს დემოკრატიულ «ზედნაშენს» და მიაღწევს კიდეც. ამრიგად, როდესაც ლიბერალურ ეკონომიკას აშენებდა ჩილეში, აუგუსტო პინოჩეტმა შესანიშნავად იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლების დათმობა, ანუ სამოქალაქო მმართველობისადმი მისი გადაცემა მოუწევდა.
    ასეც მოხდა: როცა პინოჩეტმა თავისუფალი ეკონომიკის (დემოკრატიული სახელმწიფოს საძირკვლის) მშენებლობა დაასრულა, მან მოიხსნა უფლებამოსილება და «ხელისუფლება ხალხს დაუბრუნა» ანუ არჩევით ორგანოებს: პარლამენტსა და პრეზიდენტს.
    ლიბერალური ეკონომიკის მყარ საფუძველზე დაფუძნებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერავითარი «სოციალური შტორმი» ვეღარ შეარყევდა. მაშასადამე, პინოჩეტს დიქტატურა სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რათა თავისი სამშობლო გადაერჩინა და თავისუფალი განვითარების გზაზე დაეყენებინა. ანუ ძალაუფლება მას სჭირდებოდა დროებით.
    აი, ამით განსხვავდება «ლიბერალი დიქტატორი» პინოჩეტი ფიდელ კასტროსა და სხვა «კომუნისტი დიქტატორებისაგან». ეს უკანასკნელნი სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, სწორედ იმიტომ ინარჩუნებენ სახელმწიფო კონტროლს ეკონომიკაზე, რათა ძალაუფლება არასდროს დათმონ და თავიანთი ბინძური, მარაზმული მმართველობა სამუდამოდ აქციონ. ლიბერალური ეკონომიკა უეჭველად წარმოშობს დემოკრატიას. ადრე თუ გვიან, სახელმწიფო მონოპოლია კი პერმანენტულ დიქტატურას გულისხმობს.
    დღეს საქართველოში დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც ჩილეში იყო 70-იანი წლების დასაწყისში. სამოქალაქო ხელისუფლების სისუსტის გამო ლიბერალური რეფორმები ჩაშლის პირას არის მისული; ხელისუფლება გადასახადების აკრეფასაც ვერ ახერხებს; შესაბამისად, იზრდება სოციალური დაძაბულობა, რასაც ოსტატურად იყენებენ კომუნისტური ძალები და მათ უკან მდგომი უცხოური სპეცსამსახურები; სოციალური აფეთქება სავსებით შესაძლებელი ჩანს, რაც კიდევ ერთი სისხლისღვრის მიზეზი გახდება; არადა, «სახელმწიფო რეგულირების» აღდგენა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს, - ეს მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და მორიგი «სოციალური ექსპერიმენტიც» კრახით დასრულდება.
    საქართველოს უბედურებისა და გაჭირვების მიზეზი ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა კი არ არის, არამედ ამ რეფორმის წარუმატებელი განხორციელება, რაც ისევ და ისევ სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციის (გადასახადების აკრეფის) შეუსრულებლობასა და უძლურებაში გამოიხატება, ისევე, როგორც სახელმწიფო აპარატის გახრწნილობასა და კორუმპირებულობაში.
    დღეს საქართველოს უეჭველად სჭირდება «ლიბერალი დიქტატორი», რომელიც შეძლებდა (თუნდაც უმკაცრესი რეჟიმის დამყარებით) ბოლომდე მიეყვანა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა.
    ამისთვის მას დასჭირდებოდა ლიბერალური პოლიტიკური სისტემის დროებითი დემონტაჟი, მაგრამ თავისუფალი ეკონომიკა (ისევე, როგორც ჩილეში) ადრე თუ გვიან უეჭველად შექმნიდა «დემოკრატიულ ზედნაშენს», რომელიც სამაგიეროდ, გაცილებით უფრო მყარ საფუძველს დაემყარებოდა, ვიდრე ამჟამად.
    რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობაა. საქართველოში «პინოჩეტის» მსგავსი ფენომენი შეუძლებელია. აუგუსტო პინოჩეტი ეყრდნობოდა ცივილიზებულ, დისციპლინირებულ არმიას, რომელმაც თავის მხრივ, შეძლო მხურვალე შანთით ამოეწვა კორუფციის ბინძური სიმსივნე სახელმწიფოებრივი სტრუქტურებიდან.
    საქართველოს, სამწუხაროდ, მსგავსიც არაფერი აქვს. პინოჩეტის ფენომენი შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივად კულტურულმა ერმა შვას. ამდენად, ქვეყანას უფრო სერიოზული განსაცდელი ემუქრება. 60-იანი წლების მიწურულს, ჩილეს «ლიბერალი პოლიტიკანები» გადაჰყვნენ ურთიერთქიშპსა და ყბედობას. შედეგად კი ხელისუფლება ალიენდეს ოდიოზურმა ფიგურამ იგდო ხელთ.

7 დღე, 30 ნოემბერი, 1998 წ.