სად გაქრა საქართველოს ეროვნული მოძრაობა?

სად გაქრა საქართველოს ეროვნული მოძრაობა?

        1988 წელს, როდესაც, თუ პოეტის სიტყვებს მოვიშველიებთ, «თავისუფლების სურნელი პირველად შემოიჭრა ქვეყანაში», რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერებდა, რომ ათი წლის შემდეგ დისიდენტი ბორის კაკუბავა იტყოდა: «დღეს საქართველოს თუ რაიმე შერჩა, ესეც ბოლშევიკების დანატოვარია. ბოლშევიკებამდე საქართველო ონი, ხონი და ზესტაფონი იყოო».
        კაკუბავას «აგენტობა» აქ არაფერ შუაშია. აგენტი რომ ყოფილიყო, დღესაც იმას ილაპარაკებდა, რასაც მაშინ ამბობდა: «1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო...» და ა.შ. მაშასადამე, სავსებით გულწრფელად ამბობს სწორედ იმას, რასაც ფიქრობს დღეს.
        ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ საოცარი ცვლილებისა, რაც ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში მოხდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, - სად გაქრა ის სულისკვეთება, რომელიც თითქოსდა საყოველთაო იყო ათი წლის წინ?
        რაც ყველაზე საინტერესოა, სად გაქრა ის იდეური პოსტულატები და პოლიტიკური დოქტრინები, რომლებსაც «მოძრაობა» ეფუძნებოდა, რომლებითაც არა მხოლოდ «მოძრაობის» ლიდერები ოპერირებდნენ, არამედ რასაც მთელი საზოგადოება იზიარებდა?
        მაგალითად, რატომ გაქრა პოლიტიკური ლექსიკონიდან ცნება «საოკუპაციო ჯარი«?
        გახსოვთ ალბათ, «მოძრაობის» წარმომადგენლები ფაქტობრივად ნაბიჯს არ დგამდნენ, არც ერთ განცხადებას არ გააკეთებდნენ პოლიტიკური დომინანტის გარეშე; სანამ საქართველოში დგას საოკუპაციო ჯარი, არავითარ პოლიტიკას აზრი არა აქვს, საქართველო დარჩება ოკუპირებულ ქვეყნად».
        ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ისიც, რომ ეს ხალხი ნებისმიერი არჩევნების ჩატარებასაც სკეპტიკურად უყურებდა - «სანამ ქვეყანაში საოკუპაციო ჯარი დგას, ყველა ხელისუფლება მისი მარიონეტი იქნება»-ო.
        ისინი დანაშაულად თვლიდნენ არა თუ იმ ჯართან თანამშრომლობას, არამედ მის მიმართ შემრიგებლურ დამოკიდებულებასაც კი. ამიტომაც მოიგონეს ე.წ. «კონგრესი» და მოაწყვეს «ალტერნატიული «არასაბჭოური არჩევნები».
        კი მაგრამ, განა საქართველოში «საოკუპაციო ჯარის» ყოფნის თვალსაზრისით მას შემდეგ რაიმე შეიცვალა? _ სრულიად არაფერი! «რუსის ჯარი», ანუ იგივე «საოკუპაციო ჯარი» დგას თბილისში (ვაზიანში), ბათუმში, ახალქალაქში, გუდაუთაში, ენგურისა და ლიახვის ხეობებში. იგი მოქმედებს, მათ შორის საჯარისო სპეცსამსახურებით. ისევე, როგორც მოქმედებდა 1988, 1979 თუ 1956 წლებში. მას აქვს თავისი ამოცანები და ნებისმიერი საშუალებით ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნის, რუსეთის ინტერესების დასაცავად.
        ეს სავსებით ბუნებრივია - «რუსის ჯარი» ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებს დაიცავს, რომლებიც მრავალი თვალსაზრისით სულაც არ ემთხვევა საქართველოს ინტერესებს.
        ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ «მოძრაობის» არაერთი ლიდერი, ვინც ათიოდე წლის წინ, უპირველეს ყოვლისა, «რუსის ჯარის საქართველოდან გაყვანას, ანუ ქვეყნის «დეოკუპაციას» მოითხოვდა ყველგან, სადაც მიკროფონთან აღმოჩნდებოდა, ახლა პარლამენტში, ანუ ხელისუფლებაშია, მაგრამ ტერმინი «საოკუპაციო ჯარი» რაღაც ძალიან უცნაურად გაქრა მათი ლექსიკონიდან – თითქოს საქართველო უკვე «დეოკუპირებული» იყოს; თითქოს «რუსის ჯარი» დღეს ჩვენს ქვეყანაში ისევე არ მოქმედებს, როგორც «მოძრაობის» აზვირთების პერიოდში მოქმედებდა ან იმავე ინტერესებს არ იცავდეს, რომლებსაც მაშინ იცავდა.
        გამოდის რომ «მოძრაობამ» უარყო საკუთარი მსოფლმხედველობის ფუნდამენტური პოსტულატი, ანუ ის კონცეპტუალური საფუძველი, რომელსაც ეყრდნობოდა დაწყებული 1987 წლის პირველი აქციიდან – დიდუბის პანთეონში.
        ზოგიერთი იმდროინდელი «ლიდერი» (ეს განსაკუთრებით ამჟამად პარლამენტში მყოფთ ეხებათ). ვინც «მოძრაობის» ეპოქაში რომაელი სენატორივით («კართაგენი უნდა დაინგრეს!») დღენიადაგ გაიძახოდა: «საოკუპაციო ჯარი უნდა გავიდეს – საოკუპაციო ჯარი უნდა გავიდეს», - ახლა ჩუმ-ჩუმად (საჯაროდ როგორ გაბედავენ) კიდეც ამბობს: საქართველო თურქეთს ესაზღვრება და რუსეთის ჯართან მიმართებაში მეტი სიდინჯე გვმართებსო.
        მოდი და ნუ აღშფოთდები კაცი! _ თქვე ოჯახაშენებულებო, ათი წლის წინ საქართველო იმავე თურქეთს არ ესაზღვრებოდა? ეს თუ გინდოდათ, ან ჩვენ რას გვერჩოდით ან ქვეყანას რას ემართლებოდით?
        კიდევ ერთი მაგალითი: მკითხველს ეხსომება, რომ იმავე «მოძრაობის» ერთ-ერთი ყველაზე ურყევი პოსტულატი «საოკუპაციო ჯარისადმი» დამოკიდებულებასთან ერთად, იყო დებულება, რომლის თანახმადაც, საბჭოთა რუსეთმა 1921 წელს, საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში შექმნა ავტონომიები მისი დასუსტების მიზნით. ეს ავტონომიები, «მოძრაობის ლიდერთა» იმდროინდელი მტკიცებით, ასრულებდნენ «შენელებული მოქმედების ნაღმების» ფუნქციას, რომლებიც უნდა აფეთქებულიყო უმალვე, როგორც კი «კრემლს» დასჭირდებოდა.
        დღეს არც ეს დებულება ახსოვთ «მოძრაობის» აწ უკვე პარლამენტში წარმოდგენილ ლიდერებს. არადა, იგი სავსებით სამართლიანი იყო, დიახაც - ლენინურ-სტალინურმა იმპერიამ საქართველოში ავტონომიები შექმნა უპირველესად იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს ნაღმები აეფეთქებინა და ამით დაეთრგუნა საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.
        სინამდვილეში, თვისებრივად ეს არავითარი «ავტონომიები» არ ყოფილა, - საბჭოთა რუსეთმა საქართველოში შექმნა ფაქტობრივად სახელმწიფოები, კონ სტიტუციებით და სახელმწიფოებრიობის სხვა იურიდიული ატრიბუტებით, რომლებიც «დაკონსერვებული» იყო გარკვეულ დრომდე, მაგრამ «საჭიროების შემთხვევაში» უმალვე ამოქმედდებოდა და ასეც მოხდა.
        მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ «მოძრაობა», რომელიც საქართველოში 1987-88 წლებში დაიწყო, ან სრულებითაც არ გამოხატავდა საზოგადოების შინაგან მისწრაფებებს, ან თვით ამ მოძრაობას წარმოადგენდნენ არა მსოფლმხედველობრივად მდგრადი და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები, არამედ მედროვე გაიძვერა პოლიტიკანები, რომლებმაც ადვილად დაივიწყეს თავიანთი ფუნდამენტური მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური დომინანტები.

დრონი, 19 ივნისი, 1999 წელი