საარჩევნო ციებ-ცხელება გადამწყვეტ ფაზაში შედის

საარჩევნო ციებ-ცხელება გადამწყვეტ ფაზაში შედის


       
               საარჩევნო კამპანიის გადამწყვეტი ეტაპი სწორედ ახლა დგება - პარტიები და პოლიტიკური ბლოკები ამთავრებენ კონსულტაციებს საარჩევნო სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების თაობაზე.
        სწორედ ეს უნდა მივიჩნიოთ გადამწყვეტ, საკვანძო მომენტად და არა თვით საარჩევნო კამპანია, ვინაიდან პარტიების აგიტაცია-პროპაგანდა თვისებრივად აღარაფერს წყვეტს. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია პარტიის (პარტიების) დიპლომატიურ ნიჭსა და კონკრეტულ ძალისხმევაზე.
        როგორც ჩანს, მოქალაქეთა კავშირმა განსაზღვრა 150 წევრისაგან შემდგარი «პროპორციული სია», რომელსაც უახლოეს ხანში წარუდგენენ პრეზიდენტს (პარტიის თავმჯდომარეს) დასამტკიცებლად.
        მმართველი პარტიის სია საზოგადოების სოციალური ანარეკლია – სმკ-ის ლიდერები შეეცადნენ, მასში ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიანი და, მრავალრიცხოვანი სოციალური ფენის წარმომადგენელი შეეყვანათ. «კვოტები» გამოეყოთ ცნობილ ბიზნესმენებსაც, მათ შორის არ არის თემურ ჭყონია, თუმცა საეჭვოა, ამან იმოქმედოს მის ურთიერთობაზე მმართველ პარტიასთან.
        რაც ყველაზე საინტერესოა, მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიაში მაჟორიტარები სულ ბოლოს აღმოჩნდნენ, - ეს ძალზე ნიშანდობლივი გადაწყვეტილებაა, რომელიც ახალ საარჩევნო-პოლიტიკურ ტაქტიკაზე მეტყველებს. ერთადერთი გამონაკლისია ნიკო ლეკიშვილი (იგი პირველ ათეულში მოხვდა), მაგრამ ლეკიშვილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერად ითვლება, ამიტომ მისი «განსაკუთრებული პოზიცია» გასაკვირი არ არის. განსხვავებით 1995 წლის არჩევნებისაგან, ზურაბ ჟვანია პარტიული სიით «პირველი ნომერი» იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პოზიციები პარტიაში კიდევ უფრო განმტკიცდა და ავტორიტეტიც გაიზარდა.
        ჯერჯერობით გაურკვეველია მხოლოდ ის, რამდენ მაჟორიტარს წარადგენს უშუალოდ მმართველი პარტია. შესაძლოა «მოქალაქეებმა» სწორედ ამ საკითხში გადაწყვიტონ კომპრომისზე წასვლა «მოკავშირე პარტიებთან», რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ «მაჟორიტარული ოლქების» ნიშნით იქმნება.
        თუ ეს ვარაუდი მართებულია, მაშინ «მაჟორიტარული ოლქების» მნიშვნელოვან ნაწილში «მმართველი პარტია» საერთოდ არ წარადგენს კანდიდატს და მხარს დაუჭერს მოკავშირე პარტიების წარმომადგენლებს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, დამოუკიდებელ კანდიდატებსაც.
        «მოქალაქეებისათვის» პროპორციულ არჩევნებში «შეფარდებითი გამარჯვება» საკმარისი არ იქნება - მათ მაჟორიტარულ არჩევნებშიც მნიშვნელოვანი წარმატება სჭირდებათ.
        რატომღაც ამ მომენტს (ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში) ნაკლები ყურადღება ექცევა. არადა, 75 «მაჟორიტარი» მომავალ პარლამენტში ძალთა განაწილებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
        ამას ხვდებიან მხოლოდ მოქალაქეთა კავშირის ლიდერები და მათი ძირითადი მოწინააღმდეგეები «ბათუმური ალიანსიდან», რომლებიც აგრეთვე დიდი ყურადღებით ეკიდებიან «მაჟორიტარულ არჩევნებს».
        ისიც უნდა ითქვას, რომ «ბათუმურ ალიანსში» ყველაფერი გარკვეული არ არის. მეტიც, რეალური გაერთიანებისა და, რაც მთავარია ერთ საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბების პროცესი საეჭვოდ ჭიანურდება.
        ჯერჯერობით მხოლოდ ის არის დანამდვილებით ცნობილი, რომ ალიანსში შემავალი პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინირებულად იმოქმედებენ, მაგრამ გამოვა თუ არა ალიანსი არჩევნებში ერთიანი (პროპორციული) საარჩევნო სიით?
        დავუშვათ, სიის საკითხი გადაწყვეტილია. ამ შემთხვევაშიც კი ზოგიერთი მომენტი დამკვირვებელთა ეჭვს იწვევს. მაგალითად, საკუთრივ «აღორძინების» წევრებს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ იმ რაიონებში, სადაც «სახალხო» წამოაყენებს მაჟორიტარ კანდიდატს, ალიანსი მას კონკურენტს არ დაუპირისპირებს; მეტიც, დაეხმარება კიდეც მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ.
        მაგრამ ეს აშკარად არ ეპიტნავებათ ტრადიციონალისტებსა და სოციალისტებს რომელთათვისაც გაუგებარია, რატომ უნდა მიენიჭოს «სახალხოს» ასეთი პრივილეგია (მით უმეტეს, რომ დარწმუნებული არიან, «სახალხო», მოქალაქეთა კავშირს მაჟორიტარულ არჩევნებში რეალურ კანდიდატს ვერ დაუპირისპირებს), თუ იგი უარს აცხადებს «ერთიან საარჩევნო სიაში» მონაწილეობაზე?
        ამ უკმაყოფილებამ რამდენჯერმე ქარაგმულად გაიჟღერა კიდეც ვახტანგ რჩეულიშვილისა და აკაკი ასათიანის გამოსვლებში, მაგრამ საქმე სწორედ ის გახლავთ, რომ თვით ერთიანი საარჩევნო სიის საკითხიც არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი.
        უკვე გამოჩნდა მხარეთა შეუთანხმებლობის პირველი ნიშნებიც. მაგალითად, ტრადიციონალისტთა კავშირი უკმაყოფილოა მისთვის გამოყოფილი კვოტით 100 კაციან «გამსვლელ» სიაში. აკაკი ასათიანს, როგორც ცნობილია, მხოლოდ მე-18 ადგილი ერგო ანუ 1,8 წევრი თითოეულ ათეულში.
        ვახტანგ რჩეულიშვილის საარჩევნო კვოტა ათეულში 2,5 ადგილი, ხოლო ვახტანგ ბოჭორიშვილისა – 1,2. ცხადია, ტრადიციონალისტები ამ კვოტით კმაყოფილი ვერ იქნებიან, ვინაიდან მათ შესანიშნავად იციან, რომ პროპორციული სიით 100 სადეპუტატო მანდატის მოგროვება «აღორძინების ალიანსს» ნამდვილად გაუჭირდება.
        ანუ არ არის გამორიცხული, ტრადიციონალისტები მომავალ პარლამენტში ფრაქციის გარეშე დარჩნენ.
        მეორეს მხრივ, აქ გარკვეულ როლს ასრულებს პიროვნული მომენტიც. კაკო ასათიანისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს «შევარდნაძისაგან გამოქცეულ» რჩეულიშვილს მასზე მეტი ადგილი «აღორძინების» სიაში;
        ისიც საკითხავია, როგორ გადანაწილდება წარმომადგენლობა თვით ათეულებში; ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, თუ ქართველი პოლიტიკოსების «ტრადიციულ» ამბიციურობას გავითვალისწინებთ, «XXI საუკუნის» ნაცვლად ალიანსს უკვე მხოლოდ «კონსტანტინე გამსახურდიას» საზოგადოება შემორჩა.
        ვახტანგ რჩეულიშვილს ნამდვილად სურს, ალიანსი მხოლოდ «აღორძინებამ» და «სოციალისტებმა» შექმნან. ეს მისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუმცა ისიც საკითხავია, სურს კი «აღორძინებას» საერთოდ «ერთიანი სია»?

დრონი, 28 აგვისტო, 1999 წ.