საარჩევნო კარუსელი გრუხუნით გვიახლოვდება

საარჩევნო კარუსელი გრუხუნით გვიახლოვდება

   

    ორი კვირა დარჩა «ადგილობრივ არჩევნებამდე», რომლითაც საქართველოში დიდი საარჩევნო მარათონი იწყება. 1998 წლის «ადგილობრივ არჩევნებს» მოჰყვება 1999 წლის საპარლამენტო, 2000 წლის საპრეზიდენტო და 2001 წლის ისევ «ადგილობრივი» არჩევნები.
    კაცმა რომ თქვას, გაუთავებელ საარჩევნო ციებ-ცხელებაში ქვეყნისათვის სასიკეთო და სასარგებლო არაფერია, ვინაიდან მმართველი ელიტა პერმანენტულ გაურკვევლობაში იმყოფება. სახელმწიფოებრივი ნება (ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების გადასაწყვეტად) მას ისედაც არ გააჩნდა, - ახლა კი სრულ პროსტრაციაშია ჩავარდნილი. ჩვენი «ეროვნულ-სახელმწიფოებრივი» სპეციფიკის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისა ყველას ეშინია, ამიტომ გაუთავებელი «არჩევნები» მხოლოდ არსებულ (არც თუ სასიხარულო და საამაყო) რეალობას განამტკიცებს.
    როგორც ჩანს, ეს აუცილებელი ხარკია, რომელიც დემოკრატიას უნდა გადავუხადოთ.
    არჩევნებს ახლა უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს. სულ მალე საარჩევნო კარუსელი ჩაითრევს ქვეყანას და ამ ჟრიამულში (ერთობ თვალსასეირო სანახაობა იქნება) აფხაზეთის, სამაჩაბლოს თუ ნებისმიერი სხვა პრობლემა, რა თქმა უნდა, მეორე პლანზე გადაიწევს.
    ამთავითვე უნდა ითქვას, რომ კაკო ელიავასა და მისი რაზმის ტრაგიკომიკურმა დემარშმა შეიძლება ძალზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე. ქართველები ხომ ყოველგვარი ტრაგედიის ფარსში და «შავ კომედიაში» გადაზრდის უდიდესი სპეციალისტები და ოსტატები ვართ, - რა, რა და აი ეს კი ნამდვილად შეგვიძლია.
    ელიავამ, მის მიერ დადგმული «ტრაგიკომედიით», არათუ შეარყია, არამედ ერთიორად განამტკიცა ხელისუფლების, მმართველი პარტიის პოზიციები. ამ სინდრომის შედეგები 15 ნოემბერსვე გამოვლინდება. სოციალური გამოკითხვის შედეგების თანახმად, «მოქალაქეთა კავშირისა» და პრეზიდენტის რეიტინგი რამდენიმე პუნქტით გაიზარდა. მიზეზი გასაგებია: ომებითა და სისხლისღვრით «დაღლილ-გაჯერებულ» საზოგადოებას ნებისმიერი ასეთი ექსცესი 1992-1993 წლებს აგონებს და რაკი მისთვის უზენაესი ფასეულობა სტაბილურობა ხდება, ხელისუფლება ამ სტაბილურობის გარანტის ფუნქციას იმკვიდრებს.
    საეჭვოა, კაკო ელიავას ასეთი მიზანი ჰქონოდა. ანუ საეჭვოა, მას ნდომოდა, ხელისუფლების წისქვილზე დაესხა წყალი, მაგრამ ერთია - რა უნდოდა და რას ფიქრობდა თავისი ჭკუით, მეორეა - რეალურად რა გამოვიდა. რამდენიც უნდა ეცადოს ახლა ოპოზიცია, მომხდარის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას, არაფერი გამოუვა. «ხელისუფლების უნიათობასა და სისუსტეზე» საუბარი უკვე შედეგს ნაკლებად გამოიღებს, რაკი «ამბოხი სულ რამდენიმე საათის განმავლობაში და მინიმალური მსხვერპლით იქნა ჩახშობილი».
    ამრიგად, 19 ოქტომბრის აქციით «ხელისუფლების პარტიამ» რამდენიმე მნიშვნელოვანი, «გამჭრელი» კოზირი მოიპოვა. ოპოზიციას კი საბოლოოდ წაერთვა საშუალება ერთობ მომგებიანი «სამეგრელოს კარტის» გათამაშებისა, ვინაიდან ეს მეთოდი უკვე საბოლოოდ ასოცირდება 19 ოქტომბრის მსგავს პროვოკაციებთან.
    გარდა ამისა, სამეგრელოს მოსახლეობას არ სჯერა ისეთი ოპოზიციისა, რომელიც მთლიანობაში მაინც სახელისუფლებო «ნავში» ზის და მასთან ერთად თუ აყირავდება.
    მეორე ფაქტორი, რომელიც მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე უეჭველად სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს, არის ოპოზიციის არაკონსოლიდირებულობა.
    ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება არ დაიწყეს და ბლოკები არ ჩამოაყალიბეს, ვინაიდან სურთ გაარკვიონ ერთმანეთის რეიტინგი და დაადგინონ, სინამდვილეში ვისთან ღირს გაერთიანება და რა პირობებით.
    ეს მოსაზრება აშკარად მცდარია. ჯერ ერთი, ადგილობრივი არჩევნებით პარტიათა რეიტინგების გარკვევა შეუძლებელია; პარტია, რომელიც სერიოზულ წარმატებას მიაღწევს ადგილობრივ არჩევნებში, შეიძლება საერთოდ «ჩაფლავდეს» საპარლამენტო არჩევნებისას, ვინაიდან «საერთოეროვნული სიით» კენჭისყრის დროს გამორიცხულია მდგომარეობა, როცა მილიონნახევრიან თბილისში და (ვთქვათ) ყაზბეგის რაიონში ესა თუ ის პარტია წარმატებას აღწევს და ითვლება, რომ ორგან მოიპოვა გამარჯვება; მაშინ როცა თბილისში გამარჯვება (ხმების ოდენობის თვალსაზრისით), რა თქმა უნდა, შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია.
    ამდენად, «ბლოკების ჩამოყალიბება» სულ სხვა მიზეზითაა განპირობებული - ისევ იჩინა თავი ქართული პოლიტიკისათვის დამახასიათებელმა ამბიციურობამ და ეგოიზმმა. ყველას პირველობა, ლიდერობა და «სიის სათავეში» სურს მოქცევა.
    ასეთ პირობებში ოპოზიციას რა მოარიგებს? გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, თითქოს 15 ნოემბრის არჩევნების შედეგად პარტიათა რეიტინგი «დალაგდება» და ისინი, ვინც ნაკლებ ხმებს მოაგროვებს, ადვილად შეურიგდებიან მარცხს, აღიარებენ წარუმატებლობასა და წარმატებულ პარტიებს მუხლმოდრეკით შეევედრებიან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ერთიანი ბლოკის შექმნას «დამამცირებელი პირობებით» ანუ (ვთქვათ) შეფარდებით სამი-ერთზე.
    როგორ გეკადრებათ! უფრო სავარაუდოა, რომ 15 ნოემბერს დამარცხებული ოპოზიციური პარტიები «გამარჯვებულ ოპოზიციონერებს», ანუ იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც ასე თუ ისე ხმების საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობას შეაგროვებს - ხელისუფლებასთან «შეკვრას» დასდებენ ბრალად და სულ მალე გამოაცხადებენ «კოლაბორაციონისტებად».
    ამ თვალსაზრისით, 15 ნოემბრის კენჭისყრა არათუ რაიმეს «გაარკვევს» ან «ნათელს მოჰფენს», არამედ პირიქით, კიდევ უფრო დააბნელებს და გაართულებს საერთო მდგომარეობას.
    ოპოზიციას არაფრის დიდებით არ სურს გაიგოს, შეურიგდეს იმ აზრს, რომ საქართველოში, ჩვენი ერის ეთნოფსიქოლოგიის, საზოგადოების განწყობის, უახლესი წარსულის გამოცდილებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, «ხელისუფლების პარტიას» იმთავითვე აქვს უპირატესობა და მხოლოდ მათი ლანძღვა-გინებით წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
    ვერც იმას შეაგნებინებ ამგვარ ოპოზიციას, რომ «უკმაყოფილო სოციალურ ფენასთან» ერთად, საქართველოში არსებობს ფენა, რომელიც კმაყოფილია ამჟამინდელი თავისი მდგომარეობით, ამ მდგომარეობას ხელისუფლებას უკავშირებს ან «შეჩვეული ჭირი» ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს, რომელსაც ოპოზიცია ჰპირდება.
    და ეს სოციალური ფენა არც ისე მცირერიცხოვანია, როგორც მათ ჰგონიათ.
    ხოლო თუ «უკმაყოფილო» მართლაც აბსოლუტური უმრავლესობაა, მაშინ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ ერთიანი «ოპოზიციური ბლოკის» შექმნითაა შესაძლებელი, რათა ამ საარჩევნო ბლოკმა უკმაყოფილო ელექტორატის ხმათა აკუმულირება მოახდინოს.
    უკვე გაჩნდა კიდეც შესაბამისი იდეოლოგიური საფუძველი არჩილ ჯორჯაძის «საერთო ნიადაგის თეორიის სახით», რომელიც თითქოს საშუალებას მისცემს ოპოზიციას სრული კონსოლიდაცია მოახდინოს, მაგრამ სინამდვილეში ესეც ილუზიაა.
    ახალი «სახალხო ფრონტის» შექმნა დღევანდელ პირობებში უეჭველად შეიძენს კომიკურ ელფერს და ვერც «ლიდერობაზე» მოლაპარაკება მოხერხდება.
    ამდენად, ოპოზიციური პარტიები, ნებით თუ უნებლიეთ, ერთმანეთს ართმევენ ხმებს არჩევნებში და ყველანი ერთად მარცხდებიან.
    ოპოზიციური კოალიციისათვის ყველაზე მეტად საშიში ის არის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პარტია, რომელსაც «ერთადერთი ოპოზიციური ძალის» პრეტენზია აქვს - ედპ. «ეროვნულ-დემოკრატები», რასაკვირველია, ყველაფერს გააკეთებენ, რათა პოლიტიკური ასპარეზიდან გააძევონ და გაანადგურონ «წვრილ-წვრილი» პარტიები, ვისაც მაღალი რეიტინგი არა აქვს, რათა თავად იქცნენ «ერთადერთ ოპოზიციურ ძალად».
    ბუნებრივია, ამას მოჰყვება გნიასი «მოქალაქეთა კავშირთან» ედპ-ს შეკვრის შესახებ; მაგრამ ეს გნიასი ირინა სარიშვილი-ჭანტურიას სასაცილოდაც არ ეყოფა. პოლიტიკა ალიანსებისა და ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე დადებული გარიგების გარეშე არ არსებობს. აბა რა ძლიერთა ბრალია, თუ სუსტები იმდენად ბრიყვები არიან, რომ თავად გაერთიანებასაც ვერ ახერხებენ?
    ერთი სიტყვით, მომავალი საარჩევნო კარუსელი ერთობ საინტერესო სანახაობად იქცევა. თუმცა, მასში არაფერი იქნება ისეთი, რაც ადრე არ იყო დამახასიათებელი ქართული პოლიტიკისათვის. ყველაფერი რომც გამოსწორდეს, სასწაული მოხდეს და საარჩევნო მასა ჭეშმარიტ ელექტორატად გადაიქცეს, - მოსახლეობა მაინც სტაბილურობას არჩევს. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება დღევანდელი მდგომარეობა «სტაბილურობად» ჩაითვალოს.

მერიდიანი, 30 ოქტომბერი, 1998 წელი