საარჩევნო ისტერია უახლოეს დღეებში დაიწყება

საარჩევნო ისტერია უახლოეს დღეებში დაიწყება

 

        ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ხანგრძლივი სკანდალისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ, როგორც იქნა დაადგინა საარჩევნო ბლოკებისა და პარტიების რეგისტრაციის უკანასკნელი ვადა – 6 სექტემბერი.
        ჯერჯერობით, მხოლოდ სამმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია. ძირითადი პოლიტიკური დაჯგუფებები კი არ ჩქარობენ ცსკ-ში რეგისტრაციის გავლას. მიზეზი გასაგებია - სექტემბრამდე კიდევ არის დრო, ხოლო მოლაპარაკება «ბლოკირების» თაობაზე თითქმის არავის დაუსრულებია - მმართველი პარტიის ჩათვლით.
        ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ბათუმში «ალიანსის» წევრ პარტიებს შორის - დღემდე არ არის დანამდვილებით ცნობილი, გამოვა თუ არა «ალიანსი» არჩევნებში ერთიანი საარჩევნო სიით; როგორც ჩანს, ეს საკითხი უკანასკნელ მომენტში გაირკვევა.
        ასევე გაურკვეველია, შედგება თუ არა «სახალხოსა» და «მოძრაობა ქართული სახელმწიფოსათვის» პოლიტიკური ქორწინება, როგორ «დალაგდება» ვითარება პოლიტიკური სპექტრის უკიდურეს მემარცხენე ფლანგზე, რა ფორმას მიიღებს «სახალხო - პატრიოტული კავშირი», ვის «შეეკვრებიან» კომუნისტები, კიდევ რომელ პარტიებს შემოიერთებს «გოგი თოფაძის გაერთიანება» და ასე შემდეგ.
        ყოველივე ეს სექტემბრის დასაწყისისათვის უნდა გაცხადდეს. დრო კი ელვის სისწრაფით მიქრის – არადა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, კონსულტაციები ყველა მიმართულებით (განსაკუთრებით, ბათუმში) არცთუ უპრობლემოდ მიმდინარეობს.
        სწორედ ამიტომ მოითხოვდა ზოგიერთი პარტია ბლოკების რეგისტრაციის უკანასკნელი ვადის გადაწევას თუნდაც 14 სექტემბრამდე, მაგრამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ესოდენ მცირე დრო (სულ თვენახევარი - 31 ოქტომბრამდე) პარტიებს არასდროს ჰქონიათ საარჩევნო აგიტაციისთვის - ბუნებრივია, აგიტაცია იწყება უმალვე, როგორც კი მთავრდება რეგისტრაცია.
        მეტ-ნაკლებად გარკვეულია ვითარება «მოქალაქეთა კავშირში», სადაც წინასაარჩევნოდ საინტერესო პროცესები განვითარდა. ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ იგი მართავს ვითარებას მმართველ პარტიაში და მხოლოდ პრეზიდენტთან ათანხმებს გადაწყვეტილებებს.
        ვაშლიჯვარის ოფისში უკვე შეთანხმებულია 120 წევრისაგან შემდგარი სია, რომელიც, ზურაბ ჟვანიას განცხადებით, შინაარსობრივად განსხვავდება 1995 წლის პარტიული სიისაგან. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ბევრია ახალი სახელი და სია არა მხოლოდ «ბუნებრივად», არამედ ხელოვნურად (მიზანმიმართულად) გაახალგაზრდავდა.
        ფაქტობრივად, მოქალაქეთა კავშირის 1999 წლის საარჩევნო სია არის «თაობათა გარდამტეხი», - 4 წლის შემდეგ (2003 წელს) სიის ამჟამინდელი წევრები უკვე ქართული ისტებლიშმენტის ხერხემალს შეადგენენ.
        აქცენტი კვლავინდებურად კეთდება იმ თაობაზე, რომელიც კომუნისტური ეპოქის მხოლოდ დასასრულს მოესწრო, ხოლო პიროვნებად ჩამოყალიბდა ფაქტობრივად ღია საზოგადოების პირობებში - უმეტესწილად, საზღვარგარეთ.
        ბუნებრივია, განათლების წყაროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - დასავლური უნივერსიტეტები დასავლური ისტებლიშმენტის ელიტას ქმნიან. იდეალურ ვარიანტში, ქართული ისტებლიშმენტიც, XXI საუკუნის დასაწყისიდან, ამ ელიტის გარკვეულ სეგმენტს უნდა წარმოადგენდეს.
        «მოქალაქეთა კავშირის» პარტიულ სიაში (რასაც ვერ ვიტყვით, რეალობის გათვალისწინებით, «მაჟორიტარულ სიაზე») არიან უმეტესწილად ის ადამიანები, რომელთათვისაც ლიბერალიზმი შინაგანი არჩევანი გახდა... ან ის ხალხი, ვინც კომუნისტურ-კომკავშირული წარსულის მიუხედავად, ადვილად შეეთვისა ახალ რეალობას და მიიღო თამაშის «ახალი წესები» - ახალ საზოგადოებრივ პირობებში.
        იმავდროულად, «მოქალაქეებმა» გაითვალისწინეს რეგიონალური წარმომადგენლობაც; მაგალითად, საქართველოს რეგიონებსაც გამოეყოთ გარკვეული ქვოტა ადრინდელი წარმატებისა და მხარდაჭერის მიხედვით.
        მმართველი პარტიისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ უპრობლემოდ გადაწყდა, ამ კონტექსტში, ქვემო ქართლის გუბერნატორის წინადადებებთან და ამბიციებთან დაკავშირებული პრობლემები;
        თუმცა «საერთო ეროვნული სია» მაინც «ცენტრალური» ისტებლიშმენტის მიერ უნდა დგებოდეს და არა ადგილობრივ ელიტებთან კომპრომისების ხარჯზე, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე, საქართველო ამას ალბათ ვერ გაექცევა.
        «მოქალაქეთა კავშირი», სიაში ქვოტებს გამოუყოფს არაპარტიულ კანდიდატებს (რაც ძალზე მნიშვნელოვანია – ეს ნებისმიერი პარტიის სიძლიერესა და თავდაჯერებულობაზე მიუთითებს), აგრეთვე ახალგაზრდებს, ორგანიზაცია «ლემს» და «აფხაზეთის განთავისუფლების პარტიას».
        მაგრამ თუ «ლემთან» დაკავშირებით ყველაფერი ცხადია (მისი მხარდაჭერა იმთავითვე უზრუნველყოფს ათეულობით ათას ხმას), გაუგებარია, რატომ და რა მიზნით იქმნება ალიანსი თამაზ ნადარეიშვილთან?
        ჩემი აზრით, ეს «მოქალაქეების» სტრატეგიული შეცდომაა, ვინაიდან ამით ისინი თავად იზღუდავენ პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს და კისრულობენ, უეჭველად იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც მათ (და არც ვინმე სხვას) უკვე, თუ გულწრფელნი ვიქნებით, თვით საზოგადოებაც არ აკისრებს.
        მთლიანობაში, «მოქალაქეებმა» როგორც ჩანს, უარი თქვეს «საზოგადოებრივ სიაზე» და ამჯერად, ჩვეულებრივ პარტიულ სიას ქმნიან.

დრონი, 19 აგვისტო, 1999 წელი