საავიაციო მაფიასთან პრეზიდენტმა ვერაფერი გააწყო

საავიაციო მაფიასთან პრეზიდენტმა ვერაფერი გააწყო

        საქართველოს საავიაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯემალ მარგველიძის «გადაადგილებით» გამოწვეული აჟიოტაჟი ოდნავ შენელდა. «სენსაცია» არ შედგა, მარგველიძე უკვე თითქოს ყველას დაავიწყდა; არადა, მისი გადადგომა სენსაცია სწორედ იმიტომ იყო, რომ ეს გახლდათ პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში (1918-21 წლების რესპუბლიკის თაობაზე ვერაფერს გეტყვით და 1991 წლიდან მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა) როდესაც დარგის ხელმძღვანელი იძულებული გახდა გადამდგარიყო დარგში განსახელმწიფოებრივებისა და ნორმალური კონკურენტული გარემოს შექმნის მოწინააღმდეგეთა გააფთრებული შეტევის გამო.
        დღევანდელი საქართველოსათვის ეს ძალზე საშიში პრეცედენტია - რაკი ერთხელ «იგემა» გამარჯვება, რეტროგრადთა ხროვა ახლა უკვე აღარ შეჩერდება და სხვა დარგებშიც ანალოგიურ გააფთრებულ შეტევებს განახორციელებს.
        მაგალითად, თუ ჯემალ მარგველიძესავით უმტყუნა ნერვებმა თემურ გიორგაძეს, ისიც იძულებული გახდება გადადგეს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პოსტიდან, ვინაიდან სავსებით ობიექტური მიზეზების გამო, თავად ცდილობს დარგში სასიცოცხლო აუცილებელი რეფორმის გატარებას, რაც ანალოგიურ რეტროგრადულ ხროვას სულაც არ ეპიტნავება.
        ეს მაფიოზური ხროვა ყველა დარგში, თვისებითა და რჯულით ერთნაირია: მაგალითად, 7 წელია ჩვენს სისხლს სვამენ ე.წ. «ქართველი ენერგეტიკოსები», კრედიტებით გაძღნენ და ოჯახიც გააძღეს, იმავდროულად, ელემენტარულ საქმეს («გრაფიკს» მაინც!) თავი ვერ მოაბეს და ახლა ენერგოგენერაციის ობიექტთა პრივატიზების წინააღმდეგნი არიან - «არ სჯობია, ქართველმა ჭამოს, ვიდრე უცხოელმა?»
        მაიკლ სქოულისაც ათასგვარ ბინძურ პროვოკაციას უწყობენ და ბოღმით იხრჩობიან იმის გამო, რომ «აეს-თელასმა» გამოასწორა ელექტოენერგიით თბილისის მომარაგება.
        «ქართველის სიმაძღრეში» ისინი საკუთარი ოჯახის სიმაძღრეს გულისხმობდნენ, თორემ «აი დარდი» თუ თბილისელებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ – თვითონ «დვიჟოკითაც» არხეინად იცხოვრებდნენ.
        ამის მიუხედავად, მაინც ბედავენ კრინტის დაძვრას: «აქციებს» აწყობენ ტენდერების გამართვის საწინააღმდეგოდ.
        ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო საავიაციო დარგში. ოღონდ, იმ განსხვავებით რომ ჯემალ მარგველიძემ ბრძოლა ვერ შეძლო, დანებდა და გაიქცა, რაც სრულებით არ ახასიათებს მას დადებითად. თუმცა, მეორე მხრივ, ვერც მხარდაჭერა მიიღო (განსხვავებით ენერგეტიკის მინისტრისაგან) ვინაიდან «საჰაერო დარგში» გაბატონებული «საძმოსი» არათუ ტრანსპორტის მინისტრს, არამედ თვით პრეზიდენტსაც კი ეშინია.
        ერთი საქმეა ენერგეტიკა – ამ დარგში «საძმო» ბევრს ვერაფერს გვნებს: დიდი-დიდი ელექტროენერგია გამორთოს და ბნელში დატოვოს ქვეყანა, მაგრამ რა ბედენაა, როცა შუქი ისედაც არ არის; «ავიამაფიას» კი გაცილებით ძლიერი ბერკეტები აქვს: ყველაფერზე წავლენ – ბოლოს და ბოლოს, უარს გეტყვიან სახელმწიფო ვიზიტის დროს მომსახურებაზე – მიდი და გაფრინდი ჩვეულებრივი რეისით თანმხლებ პირებთან ერთად. რას უზამ? – ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრი, როდესაც ბიუჯეტს ასეულობით ათასი ლარის დავალიანება აქვს მათი.
        სწორედ ამიტომ ჩაიშალა (ფაქტობრივად) ჯემალ მარგველიძის შესანიშნავი იდეა დარგის შემდგომი რესტურქტურიზაციისა და ნორმალური კონკურენტული გარემოს შექმნის თაობაზე.
        «რეგიონული ავიაკომპანიის» შექმნა ნიშნავდა მთავარს: მოიგებდა მომხმარებელი, რომელსაც ექნებოდა საშუალება ემოგზაურა უფრო იაფად და კომფორტულად. სამაგიეროდ, წააგებდა «ადგილობრივი კლანი». ბევრი მათგანი, დიახაც, დაკარგავდა სამუშაოს და მათ ადგილს დაიკავებდა ის, ვინც უკეთ შეასრულებდა უმთავრეს ფუნქციას, - უფრო იაფად და წარმატებით მოემსახურებოდა მომხმარებელს.
        მაგრამ პოსტკომუნისტური საქართველოს ამ სამეურნეო დარგში (ისევე, როგორც ყველა სხვა დარგში) «დასაქმებულებს» მიაჩნიათ, რომ დარგი კი არ არსებობს მომხმარებლისათვის, არამედ პირიქით, მომხმარებელი არსებობს დარგისათვის.
        ანუ მომხმარებელი (მგზავრი) ვალდებულია, აჭამოს და ასვას დარგის რიგით მუშაკთა ოჯახის წევრებს, ხოლო დარგის «ხელმძღვანელი მუშაკები» უზრუნველყოს ვილებით რივიერასა და კალიფორნიაში;
        აბა ერთი გაბედე და კონკურენტი შემოუყვანე: «ჩემს შვილებს ლუკმას ართმევ?!!!» კი მაგრამ, როდესაც მგზავრი იძულებულია, ორჯერ ძვირი გადაიხადოს ორჯერ უარესი მომსახურებისათვის – ეს არ არის მისთვის ლუკმის წართმევა? თუმცა საქმეც სწორე ის გახლავთ, რომ აქაც მოქმედებს იგივე ლოგიკა, რომლითაც (ღმერთმა ნუ ქნას) «ქართველი მეწარმეები» (ყოფილი «წითელი დირექტორები») არჩევნების მოგებას აპირებენ: როგორმე ვაიძულოთ მომხმარებელი, იყიდოს ძვირი და უხარისხო (ჩვენი) პროდუქცია, ნაცვლად უცხოურის – იაფის და ხარისხიანისა.

        «არ ჯობია, ქართველმა ჭამოს?» ჯემალ მარგველაძის შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მან, როგორც ჩანს, რაღაცის შეცვლა სცადა მაშინ, როდესაც «ქართული ციდან» ღვთის მადლის ნაცვლად, ასეულობით ათასი დოლარი მირაკრაკებს ჩინოვნიკთა ჯიბეებში.
        ეს არის კაპიტულაცია ამ ბანდის წინაშე; ოღონდ არა მხოლოდ მარგველიძის კაპიტულაცია.

7 დღე, 6 სექტემბერი, 1999 წელი