რუსული პანღური კოკოითს

რუსული პანღური კოკოითს

        კრემლთან დაახლოებულმა «პოლიტოლოგებმა» რუსულ პრესაში «გაჟონეს» ცნობა, რომ კოკოითი უკვე ვეღარ იყრის კენჭს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება. თანაც, ამ «გაჟონვათა» ავტორები ამტკიცებენ, თითქოს ამის მიზეზი ოსებს შორის კოკოითის დაბალი რეიტინგია. თურმე ნუ იტყვით და «კოკოითი საშინლად არაპოპულარულია ოსებს შორის, ამიტომ მისი მხრიდან უაზრობაცაა მესამე საპრეზიდენტო ვადაზე პრეტენზიის გამოთქმა».
        რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ელემენტარული ტყუილი და თაღლითობაა: სინამდვილეში, კოკოითი, ვინც ოს ფაშისტებს (ჩრდილო ოსეთთან გაერთიანების მომხრეებს) საუკუნოვანი ოცნება აუსრულა და ქართველების ეთნოწმენდა მოაწყო, ყველა სხვა ოს პოლიტიკოსზე უფრო მეტად პოპულარულია. ამიტომ, თუ ის მოინდომებს ე.წ. კონსტიტუცია შეცვალოს და მესამედ იყაროს კენჭი, არავითარი პრობლემა (ოსებისგან) არ შეექმნება. მისი «პარლამენტი» სულ ხტუნვა-კუნტრუშით და ტაშის კვრით დაამტკიცებს ცვლილებებს, ხოლო ქართველებისგან «გაწმენდილი» მოსახლეობა 99 პროცენტით მისცემს ხმას.
        სინამდვილეში, კოკოითი უკვე კრემლს აღარ უნდა და სწორედ პუტინ-მედვედევი ცდილობენ მის გაპანღურებას. ესე იგი, საკითხავი სწორედ ესაა: რატომ აღარ უნდა კოკოითი პუტინს? რა აწყენინა ასეთი ან რა გაკეთა ისე, როგორც მოსკოვს არ უნდოდა?
        თუ გავითვალისწინებთ, რომ კრემლის დღევანდელი ბინადარნი მეტად ემოციური ხალხია (თვით რუსები რომ «სამოდურებს» ეძახიან), დასკვნა ერთია: მოსკოვში უბრალოდ რაღაცის გამო კოკოითზე ძალიან გაბრაზებულნი არიან და სამაგიერო უნდათ გადაუხადონ!
        მიზეზი ისევ და ისევ 2008 წლის მოვლენებში უნდა ვეძებოთ. სხვათა შორის, იმ წლებში (ომამდე) თვით კოკოითსაც უთქვამს წყენით: «რუსი მეგობრები ზოგჯერ გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ გვინდა ქართველებს რუსეთი სამუდამოდ შევაძულოთო». Oომის მერე კი ე.წ. «სამშვიდობო ჯარების» სარდალმა, გენერალმა კულახმეტოვმა ღიად თქვა: «ოსები მაინცდამაინც ჩვენი შტაბის მიმდებარე ტერიტორიიდან ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, რათა გამოეწვიათ საპასუხო ცეცხლი, ბომბები ჩვენს ტერიტორიაზეც ჩამოვარდნილიყო და რუსეთს საქმეში ჩარევის საბაბი მისცემოდაო».
        Fფაქტია, რომ ასეთი პროვოკაციები რუს სამხედრო მოსამსახურეებს უქმნიდა საფრთხეს და გარკვეულ დრომდე ეს მოსკოვში ნამდვილად აღიზიანებდათ, თუმცა პირდაპირ და ღიად არ ამბობდნენ.
        Gგარდა ამისა, რუსებმა ძალიან კარგად იციან, როგორ მოახერხა კოკოითმა ომის პროვოცირება 2008 წლის აგვისტოში ქართული სოფლების დაბომბვით. არც ამას ამბობდნენ და ამბობენ ღიად, თუმცა რუსებისთვის მაინც იდეალური იქნებოდა იმ მდგომარეობის შენარჩუნება, რაც ცხინვალის რეგიონში 7 აგვისტომდე იყო. მაგრამ ეს უკვე კოკოითს არ აწყობდა.
        სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი და არა კოკოითის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილი მილიარდობით რუბლის შეჭმა, რადგან იმ ფულიდან რუსი ჩინოვნიკებიც გემრიელად ილუკმებოდნენ. G
        გარდა ამისა, პუტინს არ შეიძლება მოსწონდეს კოკოითის ავტორიტეტის ზრდა ჩრდილოეთ ოსეთში, რომელიც რუსეთის ნაწილია, რადგან ეს უკვე იმ რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. კოკოითის შიზოიდური იდეა «დიდი ალანიის» შესახებ არც რუსებს მოსწონთ და მათ მიერვე შექმნილი პროვოკატორის «დამუხრუჭებას» აპირებენ, რათა მეტისმეტი არ მოინდომოს.
        სასაცილოა იმის თქმა, თითქოს კოკოითს მესამედ პრეზიდენტობა არ უნდა. როგორ არ უნდა, მაგრამ მისი პატრონები უკვე ამრეზით უყურებენ.
        ბუნებრივია, გაჩნდა ათასი ვერსია კოკოითის მომავალი შემცვლელის შესახებ. თვით კოკოითს მის მიერ დანიშნული პროკურორი ხუგაევი უნდა იხილოს «სამხრეთ ოსეთის» მეოთხე პრეზიდენტად. რუსები კი მოსკოვში «სამხრეთ ოსეთის» ელჩ მედოევს ლობირებენ. სწორედ ამ კანდიდატებიდან ჩანს, რამდენად დაშორდა ერთმანეთს კოკოითისა და პუტინის ინტერესები: მედოევი სუსტი და დონდლო პოლიტიკანია, რომელსაც თავი არაფრით გამოურჩევია საქართველოს ლანძღვის გარდა. მისი დანიშვნაც უფრო მოსკოვში გადაწყდა, ვიდრე ცხინვალში. ამიტომ, მედოევი იმავე მოსკოვის «ფინია» იქნება და არავითარ პრობლემებს არ შეუქმნის მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეთნოწმენდაში დადანაშაულებული კოკოითის მხარდაჭერა, მოსკოვს, იმიჯის თვალსაზრისით, საკმაოდ ძვირი უჯდება. ანუ, «კოკოითი გამოსაჩენი» არ არის. მისი მოშორებით მასვე შეაწმენდენ სისხლიან ხელებს.
        მედოევს კი უფრო გააპიარებენ იმავე ევროსაბჭოში დიკ მარტის მაგვარი «ხელზე მიჩვეული დეპუტატების» მეშვეობით. ანუ, კოკოითის წასვლა რუსებს იმიტომაც სჭირდებათ, რათა სამხრეთ ოსეთის რეჟიმიც «გარეცხონ» და საკუთარი პოლიტიკაც.
        მაგრამ კოკოითი ხუგაევს უჭერს მხარს, რაკი ეს უკანასკნელი, ჯერ ერთი «დიდი ალანიის» იდეის ფანატიკური თაყვანისმცემელია და, მეორეც, მისი ყურმოჭრული მონაა. ესე იგი, კოკოითს გადაწყვეტილი აქვს, თვითონ ვლადიკავკაზში ან მოსკოვში იცხოვროს, იქნებ ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტობაზეც იყაროს კენჭი, მაგრამ «სამხრეთ ოსეთში» სიტუაცია ხუგაევის მეშვეობით მართოს.
        მაგრამ ეს გეგმა კრემლის პროექტებს უკვე აღარ ემთხვევა. ანუ კოკოითს, მისი «დიდი დამსახურების» მიუხედავად, რუსული პანღური ნამდვილად არ ასცდება. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს თვითონ ან მისმა მომხრეებმა (უკვე ლაპარაკობენ კიდეც), რომ «ჩემი წასვლა მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილია, საქართველოს სიმართლის დადასტურება იქნება».
        რა თქმა უნდა იქნება! მაგრამ რუსები ასეთ წვრილმანებს უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ.

2011